უშეღავათო ფრე ტალახში (ლელო)ირაკლი ლაგვილავა
ზუგდიდიდან
ბაია-დინამო 1-1
0:1 კრსტესკი (79), 1:1 რ. ონიანი (89)
დინამო: ლორია - თომაშვილი, გ. კაშია, კრსტესკი, ჩიკვილაძე - ედნილსონი, ფირცხალავა (62. ლექვთაძე), შ. კაშია - კოშკაძე (87. ნემსაძე), კახელიშვილი, ვაწაძე.
სათადარიგოები: შეყრილაძე, ჩადუნელი, კაკუბავა, თექთურმანიძე, სიხარულიძე
ბაია: სომხიშვილი - თოდუა, აქუბარდია, ყველაშვილი, აკობია - ვართაგავა, რ. ონიანი, ლუნგუ, ლომია, ფიფია (65. ქირია) - ბაკარანძე
სათადარიგოები: ზარქუა, სახოკია, ეხვაია, წურწუმია, სამადაშვილი
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
14 მარტს ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ მატჩს დაახლოებით 2 000-მდე ქომაგი დაესწრო. ცხადია, ხალხმრავლობის მიზეზი თბილისის �დინამოს� სტუმრობა იყო. თავიდანვე ჩანდა, რომ ორივე გუნდი მოედანზე მოსაგებად გახლდათ გასული, რაც გულშემატკივრებს გარკვეულწილად სანახაობრივი ფეხბურთის გარანტიას აძლევდა, მაგრამ მოედანმა თამაშის ხარისხს სერიოზული დაღი დაასვა - გადაუღებელი წვიმების გამო, გაზონი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდ მდგომარეობაში იყო და როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა - ფეხბურთის ნაცვლად ტალახბურთი ვიხილეთ...
�დინამომ� გაცილებით აგრესიულად დაიწყო თამაში და სტუმართა 4-3-3-ს ზუგდიდელებმა კონტრშეტევითი ტაქტიკა (4-5-1) დაუპირისპირა. ამის მიუხედავად, გულშემატკივართა აქტიურობით გამხნევებული �ბაიას� ფეხბურთელები პირველივე წუთებიდან ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას. მასპინძელთა ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ბაკარანძე უკვე მე-2 წუთზე აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვერდითმა მსაჯმა სამართლიანი თამაშგარე დააფიქსირა.
მე-5 წუთზე კი ზუგდიდელთა ნახევარმცველმა ჩისამბა ლუნგუმ გუნდის კაპიტან ონიანს ქუსლით ეფექტური პასი მისცა და ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ონიანი მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა და მომენტიც დაიკარგა. სტუმრებმა მალევე აუღეს ალღო მეტოქის თამაშს და მე-8 წუთზე პირველი კუთხურის უფლება მოიპოვეს, თუმცა ამ �სტანდარტულის� დროს მეკარემ იმარჯვა.
უნდა ითქვას, რომ დინამოელები გაცილებით გააზრებულად უტევდნენ, თუმცა მასპინძელთა მეკარე სომხიშვილი საკუთარი კარის დაცვას მაინც ახერხებდა. ზუგდიდელებიც ცდილობდნენ მოწინააღმდეგის კართან ხიფათის შექმნას, თუმცა პირველ ტაიმში ლორიას დაჯაბნა ვერ შეძლეს.
31-ე წუთზე დინამოელებმა საკმაოდ ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და გოლიც გაიტანეს, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა აღნიშნა, რასაც ფეხბურთელთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა ცხადი იყო, რომ არბიტრი გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. ამას გარდა, თბილისელებს რეალური საგოლე მომენტი პირველი ტაიმის მიწურულსაც ჰქონდათ - ჩიკვილაძემ ახლო მანძილიდან კარის მიმართულებით დაარტყა, მაგრამ სომხიშვილმა გუნდის გადარჩენა შეძლო.
მეორე ტაიმში მოედანზე უფრო მეტად მოტივირებული ფეხბურთელები ვიხილეთ, მაგრამ... ცუდი მინდორი მაინც თავისას შვრებოდა. განახლდა თუ არა თამაში, საკამათო სიტუაცია შეიქმნა - სტუმართა ერთ-ერთი ფორვარდი მასპინძელთა საჯარიმოში საეჭვოდ წაიქცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა...
დინამოელებმა შეტევებს კიდევ უფრო მოუხშირეს და 79-ე წუთზე კრსტესკიმ მასპინძელთა გუნდი დასაჯა - თავისიანები ეფექტური დარტყმით დააწინაურა. გატანილმა გოლმა მასპინძლები გამოაფხიზლა. საბოლოო ანგარიში თამაშის მიწურულს, 89-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა აკობიას მიერ ჩაწოდებული საჯარიმო �ბაიას� კაპიტანმა ონიანმა გოლად აქცია და უმალ გმირად იქცა - 1:1. მალევე, მსაჯმა საფინალოდ ჩასტვინა და გუნდებმა მოედანი თითო ქულით დატოვეს.
მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომათიანი (ბაია): �ისეთ ძლიერ მეტოქესთან, როგორიც თბილისის �დინამოა�, ჩვენთვის ქულაც საკმაოდ დიდი წარმატებაა. რა თქმა უნდა, �ბაია� აგრძელებს ბრძოლას უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად�.
ბუბა ტყავაძე (დინამოს მმართველი დირექტორი): �სამწუხაროა, რომ პირველ ტაიმში გატანილი გოლი არ ჩაგვითვალეს. ეს იყო არაკვალიფიციური გადაწყვეტილება, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია�.