უკეთესი მომავლის იმედად15-თვიანი დუმილის შემდეგ ქართული ყინულის ჰოკეის სამყაროში ორი საგულისხმო სიახლეა: ექვსი ჩვენებური მონაწილეობდა ფინეთში გამართულ გასაწაფ ბანაკში, წლის ბოლოს კი ახალი შეჯიბრი, 'კავკასიის ლიგა' გაჩაღდება.ჰოკეი საქართველოში მესამედ 2001 წელს დაინერგა მეორე მცდელობისას ნათამაშარი დენის დავიდოვის მოწადინებით.
2004 წელს შეიქმნა ფედერაცია; 2007 წელს თბილისში მოეწყო 'სამით სამზე' ეროვნული პირველობა; 2008 წელს ნაკრებმა დონეცკში იასპარეზა, ბავშვები კი წიუმენში იყვნენ; 2009 წელს მიგვიღო 'მსოფლიო ფედერაციამ' (იიჰფ) და ბაკურიანსა და ბათუმში გაიმართა საერთაშორისო ტურნირები, 2010 წელს კი ერევანშიც ვიყვანჯეთ.
დენისი და მისი თანა-მოაზრე ლაშა ცაგარეიშვილი 2009 წლის სექტემბერში, ავტო-კატასტროფაში დაიღუპნენ. მას აქეთ საბურთალოდან ზუგდიდში გადაიტანეს გასაბერი, მინი საციგურაოც და ჰოკეი ისევ 'ფიგურისტთა სკოლას' შეეხიზნა.
.ყვანჯოსნებს საღამოს ერთი საათი ეთმობათ უბორტებო, 25-მეტრა კვადრატზე, რის გამოც კაცებმა ვარჯიშს მოუკლეს, ახალ ბავშვებს კი მიღებაზე უარს ეუბნებიან. ბევრჯერ დაისვა თბილისში ნაღდი, 60X30 მეტრიანი ყინულის 'დასხმის' საკითხიც, მაგრამ შედეგი ნულია.
გასახდელი და ტრიბუნაცთემი და ფედერაცია (გენ.მდივანი სანდრო ვაშაკიძე) მაინც არ ტყდებიან. დენისისა და ლაშას აღორძინებული საქმე უკეთესი მომავლის იმედად გრძელდება. სასიკეთო ძვრები ძნელად, მაგრამ მაინც ხდება: ბათუმში, გასაბერ 'დიდ ყინულს' ნაგებ გასახდელებსა და ტრიბუნას დაურთავენ, თურქეთი და სომხეთი კი თანა-მშრომლობაზე ყაბულს არიან.
ერზრუმი (კარნუ-ქალაქი) ჩვენგან ახლოა და თურქეთის ზამთრის სპორტის ცენტრია. წელს მანდ მოეწყო მსოფლიოს უნივერსიადა, საგაისოდ კი ჰოკეის მსოფლიო პირველობის ბოლო დონის ტურნირებია დანიშნული კაცთა და ჭაბუკთა კატეგორიებში.
ნაკრებში უცხოელთა მალვით ჩაწერისთვის იიჰფ-მა სომხეთს შარშან მეორედაც რომ მიუსაჯა განკვეთა, ჩვენი ოდინდელი პარტნიორები მეტოქეს სანთლით ეძებენ.
ერევნის საკონცერტო ცენტრში ყინულის ნასახიც აღარაა. ჰოდა, უსაქმოდ დარჩენილები ყაბულს არიან იყვანჯონ თვით ერზრუმში, სადაც ოსმალოებმა მათი წინაპრები 1895 და 1915 წლებში გაჟუჟეს.
ერზრუმსა და ბათუმში'კავკასიის ლიგის' შექმნაზე სამი მეზობელი ქვეყანა ივნისში, სქაიპით შეთანხმდა. თურქეთის ფედერაციაში ქაოსია, აგვისტოს დამდეგს კი საგანგებო ყრილობაა. ასე რომ, თემი პირნათელი შეხვდება იიჰფ-ის საშუალედო სხდომას, რომელიც სტამბოლში, სექტემბრის ბოლოს უნდა მოეწყოს.
4-გუნდა ლიგის სავარაუდო დასი ასეთია: ერზრუმი, თურქეთის ჭაბუკთა ნაკრები, 'ყინულის რაინდები' (თბილის-ბაკურიანი) და ერევანი (გინდაც სრულიად სომხეთი. მოეწყობა ექვსი წრე - ტურებად, ვიქენდებზე, რამდენიმე კვირის შუალედით, მონაცვლეობით ერზრუმსა და ბათუმში, სეზონს კი პლეი-ოფი დააგვირგვინებს.
ადგილზე ხარჯი მასპინძლისაა, გზაში კი სტუმრისა. რაინდები აჭარის ავტონომიის იმედად არიან. იქვე, რაჟამს საციგურაო გაიხსნება, გეგმავენ სისტემატურად ჩასვლასა და ვარჯიშს, მიზანთა მიზანი კი ისაა, რომ დავაკმაყოფილოთ იიჰფ-ის მოთხოვნები, რათა 2013 წელს დაგვიშვან ნანატრ, მსოფლიო პირველობის III ჯგუფში.
2012 წლის III ჯგუფი (მეექვსე დონე)
15-21/04 ერზრუმი
ჩრდ.კორეა, ირლანდია, თურქეთი, ლუქსემბურგი და შესარჩევის (საბერძნეთი მონღოლეთი ბოსნია ტაივანი) ორი გამარჯვებული
სანდრო და ანდროსაერთაშორისო ბანაკი ფინეთში ყოველ ზაფხულს ეწყობა. მასპინძლების კლასი და მიღწევები საყოველთაოდაა ცნობილი - წლეულს მათ მსოფლიო პირველობაც კი მოიგეს!
ღონისძიება ჰელსინკიდან ერთი საათის სავალზე, დაბა ვიერუმიაკში, სპორტის ინსტიტუტში იმართება. ამჯერად შეიკრიბა 50 ქვეყნის 400 წარმომადგენელი.
ჩვენგან გაწაფვაში მონაწილეობდნენ თავად ვაშაკიძე (განვითარების განხრით; ირაკლი ნატროშვილი (კაცთა გუნდის მწურთნელად; ილია დავიდოვი და მიხეილ ვედიაპინი (ბავშვთა მწურთნელებად) და 15 წლის მოთამაშენი - მცველი სანდრო ონილი და ფორვარდი ანდრო თევზაძე.
ბავშვები რვა თანაბარ გუნდად დაყვეს და ყოველს მიამაგრეს მოძღვრები და პერსონალი. დილით ეწყობოდა ვარჯიში, საღამოს კი თამაში. სანდრო და ანდრო მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყნების საუკეთესოებს ეჯიბრებოდნენ, რაინდთა გურუდ შეგულვებული ირაკლი კი პრაქტიკულად ეუფლებოდა გუნდის მართვის ხელოვნებას.
ახლებს ახლებურადობანაკმა ჩვენებს ბევრ რამეზე აუხილა თვალი. თურმე მომცრო ყინულზეც შეიძლება ნაყოფიერად ვარჯიში და წურთნისთვის ასფალტი და ხის ბურთიც კი გამოდგება.
მერე კიდევ, თვით ამერიკელთა მიერ გადაღებული შვედურ-ფინური მეთოდიკით, 8 წლიდან თორმეტამდე ბავშვი უნდა ოდენ ახალისო და პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე გადართო სხვა სპორტზე, რათა მრავალ-მხრივად განვითარდეს.
ბევრი სხვა ბითური სპორტული ორგანოსგან განსხვავებით, იიჰფ ვერ იძლევა თევზს - ფულს, მაგრამ გთავაზობს ბადეს - ცოდნას, რათა იზარდო და გაძლიერდე: 600-გვერდა სახელმძღვანელოს, რომელშიც ყოველ ვარჯიშს კლიპიც მოყვება.
ჩვენი ფედერაცია ჩართულია ინტრა-ნეთშიც (შიდა ქსელში) და ყოველ-გვარ მეთოდურ მასალაზე მიუწვდება ხელი. ასე რომ, ვაშაკიძე და მეგობრები სტრატეგიის გადახედვასა და ახლების ახლებურად აღზრდას აპირებენ.
@
მიმაგრებული სურათი