http://worldsport.ge/Read.aspx?news=15069&lang=1ევრო-21-წლამდელთა შესარჩევ სისტემაში ცვლილებებია
თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, ძველებურ სისტემას დაუბრუნდება – ანუ 21-წლამდელებში ცალკე კენჭისყრა არ გაიმართება. რა ჯგუფშიც მოხვდება ეროვნული ნაკრები, იმავეში იქნებიან ახალგაზრდებიც.
“უეფას კონგრესზე ბევრი ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თქვა, ისე ხდება, რომ 21-წლამდელთა მატჩებს ვერ ვუყურებთო. ასეცაა, ეს გლობალური პრობლემაა და თითქმის გადაწყვეტილია, რომ უეფა ამ სისტემას დაამტკიცებს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, ნიკა ჩხეიძემ.
შეხსენებისთვის, 21-წლამდელთა ევროშესარჩევის სისტემა 2006 წლიდან შეიცვალა.
რაც შეეხება ევრო-2013-ის შესარჩევს, ისევ იგივე სისტემით და იგივე ფორმატით გაიმართება, როგორც წინა – 2011-ის შესარჩევი. 3 თებერვალს, კენჭისყრა გაიმართება, რომელსაც ქართველ 21-წლამდელთა თავკაცი ოთარ გაბელიაც დაესწრება. შეიქმნება 10 ჯგუფი (აქედან ორი ექვსგუნდიანი და რვა ხუთგუნდიანი), ანუ იქნება 6 კალათა და თუ ბოლო წლების შედეგებს გადავხედავთ, ქართველები მესამე კალათაში მოხვდებიან. ჯგუფის გამარჯვებულები და პლუს ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი, ფლეი-ოფში გავლენ და 14 გუნდიდან 7 გამოვლინდება, რომლებიც ფინალური ეტაპის მასპინძელს “ჩააკითხავენ”.
სად გაიმართება ევრო-2013-ის ფინალური ეტაპი, ჯერ ცნობილი არაა და 30 იანვარს გაირკვევა. ყველაზე რეალური კანდიდატი ინგლისია, რომელსაც მასპინძლობისთვის უელსი, ისრაელი და ბულგარეთი ეცილებიან.
ვისთან ჩაატარებს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები წლეულს ამხანაგურ მატჩებს, ეს ჯერ უცნობია. როგორც წესი, კენჭისყრის შემდეგ (სულაც, კენჭისყრის დამთავრებისთანავე, იმავე დღეს) უფრო ადვილია სპარინგ-მეტოქეებთან შეთანხმება.