+1
http://worldsport.ge/Read.aspx?news=16379&lang=1ალექსანდრე იაშვილი: “მოგებამ გაგვახარა, მაგრამ სომხებს ბევრის საშუალება მივეცით“სომხებთან მოგებამ ძალიან გაგვახარა, მაგრამ თვითკმაყოფილების დრო არაა. ბევრი ხარვეზი გვქონდა. კარგად ვიცით, რომ 26 მარტს სულ სხვა ძალის მეტოქესთან მოგვიწევს ბრძოლა და ათჯერ უკეთესი თამაში გვმართებს” – ეს ალექსანდრე იაშვილის სიტყვებია, რომელიც “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში თქვა.
16 გოლი ეროვნულ ნაკრებში. ამ მაჩვენებლით “აკუნა” საუკეთესოა მოქმედ ქართველ ფეხბურთელებში, მთლიანობაში კი მხოლოდ შოთა არველაძეს ჩამორჩება. 9 თებერვალს ლიმასოლში სომხებთან 2:1 მოგებულ მატჩში იაშვილი კვლავ ისეთი იაშვილი იყო, როგორსაც გულშემატკივრები იცნობენ – აქტიური, ბოლომდე მებრძოლი და შეტევების გამამწვავებელი.
გერმანული “კარლსრუეს” კაპიტანმა მე-16 სანაკრებო გოლი სომხებს გაუტანა და დავით სირაძის გოლშიც დაიდო წვლილი.
- ჯერ მთლიანობაში შეაფასეთ მატჩი.
- მოგება კარგია და გერმანიაში გახარებული ვბრუნდები. 9 წაუგებელი მატჩი ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ თამაშის ხარისხი სასურველი ვერ იყო. ამას თავისი მიზეზები აქვს – ნაკრების ბევრ ფეხბურთელს თავიანთ ჩემპიონატში სეზონი არ დაწყებია და საუკეთესო ფორმაში ვერ არიან. ხორვატიასთან ასე აღარ იქნება. ამასთან, სომხეთის ნაკრებიც არაა ხელწამოსაკრავი, შესარჩევში სლოვაკეთს მოუგო. სლოვაკეთმა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.
- თქვენი გატანილი გოლიც გაიხსენეთ. ვარჯიშზე დამუშავებულ კომბინაციას ჰგავდა. ასე იყო?
- ხიზანიშვილმა მშვენიერი პასი გაუკეთა კობიაშვილს და მანაც კარგად მომაწოდა. წინა დღეს ვარჯიშისას ზუსტად ასეთი გოლი გავიტანე და მაშინაც “კობის” პასით.
- გოლის მომენტში ფეხი იტკინეთ. მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე თქვენი შეცვლა ამის ბრალი იყო?
- დიახ. მეკარესთან შეჯახებისას მეტკინა და რომ არ გამერთულებინა, შეცვლა მე თვითონ ვითხოვე.
- ახლა როგორ გაქვთ ფეხი?
- პარასკევს ისედაც დასვენება გვაქვს “კარლსრუეში”, კვირას კი კობიაშვილის “ჰერტასთან” გველის მატჩი და უნდა ვითამაშო.
- თემურ ქეცბაიამ რა გითხრათ თამაშის შემდეგ, რაზე გაამახვილა ყურადღება?
- განსაკუთრებული საუბარი არ ყოფილა. უბრალოდ, გვითხრა, რომ ბევრი სამუშაო გვექნება და ხორვატიასთან გაათმაგებული ენერგიით უნდა ვითამაშოთ.
- ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ მაინც დერბი ერქვა. განსაკუთრებული ემოცია გქონდათ სომხეთთან თამაშის წინ?
- არა. ჩემთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ამხანაგური იქნება თუ ოფიციალური, როდესაც ნაკრების მაისურით გადიხარ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო.
- წეღან თქვით, თამაშში ბევრი ხარვეზი გვქონდაო. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ?
- ასე ვერ გამოვყოფ, მაგრამ ერთს ვიტყვი: ბევრის საშუალება მივეცით სომხებს. თავისუფლად თამაშობდნენ. როგორც იტყვიან, დაცვა თავდამსხმიდან იწყება და მომდევნო მატჩებში შემტევებმა უფრო აქტიურად უნდა ვითამაშოთ, უფრო დიდი ზეწოლა უნდა გვქონდეს მეტოქეზე. სომხებმა თუ ვერ გამოიყენეს, დიდი შანსია, ივან რაკიტიჩმა, ლუკა მოდრიჩმა და სხვა ხორვატებმა გამოიყენონ.
- 9 წაუგებელი მატჩი. ეს, ალბათ, თავდაჯერებას შემატებს ნაკრებს ხორვატიასთან მატჩის წინ...
- რა თქმა უნდა. ვიცით, რა დონის ნაკრებთან მოგვიწევს თამაში, მაგრამ ხორვატებმაც იციან, რომ თბილისში იოლი გასეირნება არ ექნებათ. “ჰოფენჰაიმის” ხორვატმა მცველმა იოსიპ შიმუნიჩმაც მითხრა, სერიოზულად ვემზადებით თქვენთან სათამაშოდო. გულშემატკივრების იმედიც გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ხორვატებთან “ეროვნული” სტადიონი გაივსება.
- შიმუნიჩის გარდა, ხორვატიის ნაკრების სხვა ფეხბურთელებს თუ იცნობ?
- რა თქმა უნდა. ამდენი წელია, გერმანიაში ვთამაშობ, ხორვატებიც ბევრნი არიან და ერთმანეთთან კონტაქტი გვაქვს.
- “კარლსრუეზეც” გკითხავთ: გუნდს მეორე ბუნდესლიგის კვალობაზე კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ლამის გასავარდნად აქვს საქმე. რატომ?
- შემადგენლობით ლიგაში მხოლოდ “ჰერტას” ჩამოვრჩებით, მაგრამ შედეგი ცუდია. მეორე ბუნდესლიგა რთული ჩემპიონატია და ოდნავ კონცენტრაციის დაკარგვასაც არავინ გაპატიებს. ეტყობა, ფსიქოლოგიური მომენტიც იყო – სულ ველოდით, აი, მომდევნო მატჩს მოვიგებთ, აი, მომდევნოს და... იმედია, სიტუაციას გამოვასწორებთ. მიზნად ბუნდესლიგაში გადასვლა გვქონდა დასახული, მაგრამ ეს ვეღარ მოხერხდება.
- რეალურად, “კარლსრუე” მეორე ბუნდესლიგაში ადგილს შეინარჩუნებს?
- რა თქმა უნდა.
მიმაგრებული სურათი