http://worldsport.ge/Read.aspx?news=16676&lang=1გოგიტა გოგუა: “სომხებთან მოგებამ განწყობა აგვიმაღლა”საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გოგიტა გოგუამ “ვოლგას” მეორე და მესამე შეკრებებს შორის შესვენებით ისარგებლა და რამდენიმე დღით ნიჟნი ნოვგოროდში ჩაფრინდა, სადაც სავიზო და საყოფაცხოვრებო პრობლემებს აგვარებს. გოგიტა “ვოლგას” ახალწვეულია და კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” მცირე შემოკლებით გთავაზობთ:
- რატომ გადაწყვიტეთ ნალჩიკის ‘სპარტაკიდან” “ვოლგაში” გადასვლა?
- გასული სეზონის დასრულებისთანავე დამთავრდა ჩემი კონტრაქტიც. “ვოლგასგან” მივიღე წინადადება, ვიფიქრე და გადავწყვიტე, ნიჟნი ნოვგოროდის გუნდში გადავსულიყავი.
- ახალ გუნდში ორი შეკრება გაიარეთ, მაგრამ გუნდთან ერთად მუდმივად არ იყავით. რატომ?
- შეკრების სრულფასოვნად გავლა ვერ მოვახერხე. ჯერ დოკუმენტების გამო მომიწია შეკრებიდან გასვლა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებს შევუერთდი კვიპროსზე და სომხებთან ამხანაგურ მატჩში ვითამაშე.
- სომხებთან შეხვედრაზე რას იტყვით?
- ნაკრების ბევრი ფეხბურთელი შეკრებებისგან დატვირთული ჩამოვიდა. ფაქტობრივად, ორი სხვადასხვა შემადგენლობით ვითამაშეთ. საერთო ჯამში, ნორმალურად გამოვიყურებოდით, მოგებამ განწყობა აგვიმაღლა. უნდა ვთქვა, რომ ნაკრების მწვრთნელად თემურ ქეცბაიას დანიშვნის შემდეგ, სულ უკეთ და უკეთ ვთამაშობთ. წაუგებელი მატჩების რაოდენობა ცხრამდე ავიყვანეთ. ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები პროგრესირებს.
- “ვოლგაში” მწვრთნელებთან მუშაობა როგორ მოგწონთ?
- ომარ თეთრაძის წვრთნები ძალიან დინამიკურია. თეთრაძის ახსნა-განმარტებები კი, უბრალოდ, ცალკე სალაპარაკოა. ყველა საკონტროლო შეხვედრის შემდეგ დაწვრილებით ანალიზს აკეთებს. ეტყობა, რომ უდიდესი გამოცდილება აქვს, უმაღლეს დონეზე აქვს ნათამაშები. თეთრაძე ფანტასტიკური მოტივატორიცაა, ის მუდამ საფეხბურთო ენაზე გველაპარაკება და ჩვენც მშვენივრად გვესმის. ამასთან, “ვოლგაში” მწვრთნელად სერგეი ტრუბიცინიც მუშაობს, რომელსაც ნალჩიკის ‘სპარტაკიდან” ვიცნობ. ასე რომ, მთებში სირბილი ჩემთვის უცხო არაა. ეს სწორი მიდგომაა - სეზონი გრძელია და გამძლეობა გვჭირდება.
- რას ელით მოახლოებული სეზონისგან?
- საერთოდ, როცა გუნდი პირველი დივიზიონიდან უმაღლეს ეშელონში გადადის, რიტმთან ადაპტაცია უძნელდება. ჩვენი მიზანია, პირველივე ტურიდან მომზადებულები ვიყოთ ახალი გამოცდებისთვის. სხვაგვარად, დაგვიანებული იქნება.
- მომდევნო სეზონი ჩვეულებრივი სისტემით არ ტარდება. როგორია თქვენი აზრი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე?
- რადგან გადაწყვიტეს, ასე უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, ეს სისტემა უფრო გამოუცნობს გახდის ჩემპიონატს. რაც შეეხება მხოლოდ ერთ სატრანსფერო ფანჯრის დატოვებას, ეს მწვრთნელებისთვის იქნება თავსატკივარი. გუნდებს ორი ფანჯარა სჭირდებათ, რათა ფეხბურთელებით გაძლიერების საშუალება ჰქონდეთ.
- რამდენად პრინციპული იქნება თქვენთვის ნალჩიკის “სპარტაკთან” და მოსკოვის “ლოკომოტივთან” შეხვედრები? “ლოკომოტივზე” იმიტომ, რომ ამ გუნდს იური კრასნოჟანი ჩაუდგა სათავეში.
- ჩემთვის კრასნოჟარი ისეთივე მწვრთნელია, როგორც სხვები. ნალჩიკის გუნდისთვის ბევრი გააკეთა და არ შეიძლება, ეს არ დავუფასოთ. მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ნალჩიკის “სპარტაკის” ფეხბურთელების გარეშე, კრასნოჟანი სახელიანი ვერ გახდებოდა. “ლოკომოტივთან” შეხვედრები ჩემთვის საინტერესო იქნება - ისევე, როგორც სხვა ძლიერ კლუბებთან დაპირისპირებები. ასეთ თამაშებს განსაკუთრებული მოტივაციით ხვდები, ფსიქოლოგიურად ასეა. ნალჩიკელებთან მატჩები კი, ყველაზე პრინციპული იქნება. ყაბარდო-ბალყარული კლუბის ქომაგები ყოველთვის თბილად მექცეოდნენ, ამიტომაც სასიამოვნო იქნება ნალჩიკში ჩასვლა და ნაცნობ სტადიონზე თამაში.
- დღევანდელი გაზეთი ხელში გიჭირავთ. მგონი, ძალიან გაკვირვებული ხართ რობერტო კარლოსის “ანჟიში” გადასვლით...
- სიმართლე გითხრათ, ჯერ ვერც გამიაზრებია ეს ინფორმაცია. ადამიანმა წლების განმავლობაში “რეალში” ითამაშა, კარიერას კი, სავარაუდოდ, მახაჩყალაში დაასრულებს. საოცარი ხვედრია. ეს ტრანსფერი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ფეხბურთი წინ მიდის, კლუბებს მატერიალური პირობები უომჯებესდებათ. რუუდ გულიტი “ტერეკს” გაწვრთნის - ესეც ხომ მშვენიერია?! ასეთი ცნობილი სახეების ჩამოსვლა დიდი სტიმულია სამხრეთის რეგიონებისთვის. ეს მშვენიერი პიარ-აქციაცაა. ახლა მთელი მსოფლიო გაიცნობს “ანჟისა” და “ტერეკს”.
- როგორ ფიქრობთ, “ვოლგას” სჭირდება ასეთი ცნობილი სახე? თუ უფრო შეკრული გუნდის შენარჩუნება სჯობს?
- რობერტო კარლოსის გუნდში ყოფნა უდიდესი იმპულსია სხვა ფეხბურთელებისთვის – პირველ რიგში, პროფესიონალური ზრდის თვალსაზრისით. თუ საშუალება იქნება, რატომაც არა, “ვოლგას” გამოადგებოდა ასეთი დონის ფეხბურთელი.
- ვიცით, რომ “ვოლგას” ბომბარდირი ოთარ მარცვალაძე “ბარსელონას” გულშემატკივრობს. თქვენ?
- მარცვალაძის გემოვნებას ვიზიარებ. მითხარით, როგორ არ უნდა უქომაგო “ბარსელონას”? მათი ფეხბურთი ხელოვნებაა. “ბარსას” თამაშის საყურებლად წასვლა იგივეა, რაც თეატრზე დასწრება.
- “ვოლგას” შემადგენლობა საკმაოდ შეიცვალა. რამდენად ძლიერი და გამოცდილია ეს შემადგენლობა?
- ხაზოვს, ბელოზეროვს და აჯინჯალს პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი-ორი სეზონი არ უთამაშიათ, დიდხანს გამოდიოდნენ მაღალ დონეზე. ისინი ლიდერები არიან არა მარტო მინდორზე, არამედ გასახდელშიც. ამასთან, “ვოლგაში” ბევრი ნაცნობიც დამხვდა. მაგალითად, გუნდში მყოფ ქართველებთან ადრეც მითამაშია. საქართველო ხომ პატარა ქვეყანაა და ყველა ფეხბურთელი იცნობს ერთმანეთს. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომ “ვოლგაში” თანამემამულეები თამაშობენ. ერთი გუნდი უნდა ვიყოთ და როგორც საკუთარი თავისთვის, ისევე პარტნიორებისთვისაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ნალჩიკი მშვენიერი მაგალითია ნიჟნი ნოვგოროდისთვის. “ვოლგაში” კარგი შემადგენლობა შეიკრიბა, მაგრამ პირველ რიგში, სწორედ გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს. ეროვნულობას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ყველანი “თეთრ-ლურჯები” ვართ.
მიმაგრებული სურათი