ვინ დაადგა თვალი ეროვნულ სტადიონს?
თბილისის "დინამო" მძიმე დღეშია. გუნდი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, მათ ნაცვლად კი მხოლოდ ორი ფეხბურთელი მიიღეს, ანუ სრულფასოვან შეცვლაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ალბათ, ამის ბრალია, რომ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამომ" ტალინის "ფლორას" მხოლოდ მინიმალური ანგარიშით სძლია და საპასუხო მატჩის წინ სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ აქვს. პარალელურად, კულუარებში ისიც თქვეს, რომ "დინამოსგან" მხოლოდ სახელია დარჩენილი, კლუბს ფინანსურად ძალიან უჭირს და სხვა ფეხბურთელებსაც გაქცევაზე უჭირავთ თვალი.
ჰოდა, ლოგიკურიც იყო, რომ ითქვა, "დინამოს" შეძენით რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩია დაინტერესებულიო და ისიც ითქვა, "ჩელსის" მფლობელს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის შეძენაც სურსო. იმის გათვალისწინებით, რომ აბრამოვიჩის მეგობრად "დინამოსა" და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია მიიჩნევა, ორივე ამბავი ერთმანეთს მიება.
თანაც, არცთუ დიდი ხნის წინ ბატონმა მერაბმა აღნიშნა, მე და ჩემს მეგობრებს "დინამო" უსამართლოდ ჩამოგვართვეს და მას აუცილებლად დავიბრუნებთო. ამჟამად ჟორდანია სამხრეთ აფრიკაშია, იქ იმყოფება აბრამოვიჩიც...
- "ჩელსის" მეპატრონე არა მარტო "დინამოს", არამედ ეროვნული სტადიონის შეძენასაც აპირებს და ორივეს შენახვა წლიურად იმაზე ნაკლები დაუჯდება, ვიდრე "ჩელსის" კაპიტან ჯონ ტერის უხდის, - ეს ინფორმაცია ფეხბურთში მოტრიალე ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა მოგვაწოდა, თუმცა როგორც ერთი, ისე მეორე მხარე ჯერჯერობით ყველაფერს უარყოფს.
- "დინამო" არ იყიდება და არც აბრამოვიჩია მისი შეძენით დაინტერესებული. ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ და მოარულ ხმებს ყურადღებას არ ვაქცევთ, - განაცხადა "დინამოს" მმართველმა დირექტორმა გიორგი ტყავაძემ.
- ის, რომ აბრამოვიჩის გარემოცვას "დინამოსა" და ეროვნული სტადიონის შეძენის პროცედურა აქვთ დაწყებული, სიმართლეს არ შეესაბამება, - ეს კი მერაბ ჟორდანიას სიტყვებია.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/ekonomika/23160-vin-d...l#ixzz0tBshQ6ceმართალია ვითოომ?