“მეშახტემ” რევანში აიღო
14.09.2010 13:02
ტყიბულმა პირველლიგელთა ასპარეზობის მესამე ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძლა. მალხაზ ფორჩხიძის გაწვრთნილმა “მეშახტემ”, ბოლო წლების გათამაშებათა მუდმივ ფავორიტ საჩხერეს “ჩიხურას” (საყოველთაო მოსაზრებით, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შემწეობით, ეს გუნდი ლიგაში საუკეთესო ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ პირობებშია) 2:0 მოუგო, რაც, იმავე გუნდთან თასის 1/16-ფინალში განცდილი მარცხისთვის (1:3) სრულფასოვან რევანშად უნდა მივიჩნიოთ. გოლები ლაშა გაბრიჭიძისა და გიორგი ცუცქირიძის ანგარიშზეა.
პირველი ქულები დაკარგა ხობში გასვლითი ასპარეზობისას “გორმა” - 0:0. მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა მარტვილში. აქ საწყის ორივე ტურში დამარცხებული თბილისის “ნორჩი დინამო” სტუმრობდა, რომელმაც უმაღლეს ლიგაში დაწინაურებისთვის მებრძოლ “მერანს” 2:1 სძლია.
თუ მარტვილელებს უმაღლეს ლიგაში ჯერ არ უთამაშიათ, “გაგრამ” იქ თამაშს უკვე გაუგო გემო და მიმდინარე სეზონში, მხოლოდ უძლიერესი ქართული გუნდების კომპანიაში დაბრუნებისთვის აპირებს ბრძოლას. გაგრელთა ამბიციებზე ისიც მეტყველებს, რომ კლუბის პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძემ, არც მწვრთნელთა შტაბი შეცვალა და არც გუნდის ბირთვი. “გაგრამ” გუშინ წალენჯიხის “სქურს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
ისანში, “მერანზე” ანგარიში გიორგი ტყეშელაშვილმა, შალვა კვანტალიანის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან, 29-ე წუთზე გახსნა. მასპინძლებმა მეორე გოლიც “სტანდარტიდან” გაიტანეს. არბიტრმა ნიგერიელი აბაიომი ოვონიკოკოს წინააღმდეგ წესის დარღვევისთვის პენალტი დანიშნა, რომელიც უკრაინელმა ვლადიმირ ორდინსკიმ, 36-ე წუთზე გოლად აქცია. ოვონიკოკომ, მისი გოლი მეორე ტაიმში მაინც გაიტანა, როცა, ბურთის თამაშში შეტანისას სტუმართა კიპერ არჩილ მაქაცარიას შეცდომით ისარგებლა (52-ე წუთი). “სქურმა” მხოლოდ ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლო, რომელიც საჯარიმო დარტყმიდან ლეონ გაბუნიას ანგარიშზეა.
გაგაცნობთ შემადგენლობას, რომლითაც უკრაინელმა ანატოლი პისკოვეცმა გაგრელები “სქურის” წინააღმდეგ ათამაშა:
ნადირაშვილი, ჯემალ გაბუნია, ტყეშელაშვილი, შალვა კვანტალიანი (კობერიძე, 72), ნაკონეჩნი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი (ლაშა ცხადაძე, 58), შარიქაძე, ოვონიკოკო, ხუციძე, ორდინსკი, კალანდაძე (ყურულაშვილი, 67).
14 სექტემბერს შედგება ტურის დასკვნითი შეხვედრა. მარტვილში, სადაც ხონის “იმერეთი” საშინაო შეხვედრებს ატარებს, იმერლები ბათუმის “დინამოს” დაუხვდებიან.
III ტური, 13 სექტემბერი
ადელი - ჩხერიმელა 1:1
სამგურალი-2009 - მერცხალი 3:2
კოლხეთი - გორი 0:0
გაგრა - სქური 3:1
მეშახტე - ჩიხურა 2:0
მერანი - ნ. დინამო 1:2
გურია - ჭიათურა 3:1
ლოკომოტივი ისვენებდა
http://worldsport.ge/Read.aspx?news=10574&lang=1