ეს სად....აჭარაზეა?
როცა ერთმანეთს "დინამო" და "ვიტ ჯორჯია" ხვდებიან, ამაზე მეტი ინტრიგა რაღა უნდა იყოს? საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში "დინამოს" დროდადრო გამოუჩნდებოდა ხოლმე უშუალო კონკურენტი თუ "უხერხული მეტოქე" ("გურია", "გორდა", ბათუმის "დინამო", "სამტრედია", "ლოკომოტივი", "ტორპედო", "ზესტაფონი", "ოლიმპი"), მაგრამ ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბისა და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირებამ მაინც განსაკუთრებული სახე მიიღო. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა სტადიაზე ხვდებიან ერთმანეთს ეს პრინციპული მეტოქეები - სეზონის სტარტზე, შუაგულსა თუ დასკვნით ეტაპზე. "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" ნებისმიერი დაპირისპირება ამ გუნდების ხელმძღვანელთათვის, მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისათვის მუდამ პრინციპულ ხასიათს ატარებს.
ერთი მხრივ, მოწინააღმდეგეთა შორის დაძაბულობის ასეთი მაღალი ხარისხი არც უნდა გვიკვირდეს: "დინამოც" და "ვიტ ჯორჯიაც" საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბებად მიიჩნევიან და რამდენი შემთხვევა ყოფილა, როცა ჩემპიონობის ბედი სწორედ ამ ორი გუნდის უშუალო პაექრობაში გადაწყვეტილა. სეზონის ფინიშამდე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ დღევანდელი მატჩიც რომ ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" ერთნაირი ქულები აქვთ და კახა კაჭარავას გუნდი ბოლო წლების მარადიულ მეტოქეს მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს.
პრინციპული მოწინააღმდეგები დღევანდელ დაპირისპირებას არაერთგვაროვან ხასიათზე ხვდებიან: ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ "დინამომ" წინა ტურში ბოლნისში მარცხი განიცადა. არადა, ორ ტრავმირებულ ფეხბურთელს (ედნილსონი, რობერტინიო) თუ არ ჩავთვლით, "დინამომ" ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზა.
გასაგებია, რომ ასეთი გადატვირთული კალენდრის ფონზე, ყველა მატჩის მოგება, ცოტა არ იყოს, ძნელი საქმეა, მაგრამ თუ გუნდს საჩემპიონო ამბიციები აქვს, უშუალო კონკურენტ(ებ)ს "გაქცევის" საშუალება არ უნდა მისცეს, თორემ მერე ჩამორჩენას ვეღარ აღმოფხვრის.
ნურც ის ფაქტი დაგვავიწყდება, რომ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩიდან ოთხ დღეში "დინამოს" არანაკლებ პრინციპული დაპირისპირება ელოდება - სამწლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისს უნდა ესტუმროს! მომდევნო ტურში "ვიტ ჯორჯიასაც" ძლიერი მეტოქე ეყოლება - "ზესტაფონს" მასპინძლობს. მაგრამ "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებისგან განსხვავებით მერაბ კოჭლაშვილის გუნდს ხომ ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი აქვს. ახალი რა უნდა ვთქვათ - ყოველი სეზონის წინ "დინამო" ფავორიტია და გამონაკლისი, არც ეს ჩემპიონატია.
ბოლო წლებში ანალოგიური სტატუსი ჰქონდა "ვიტ ჯორჯიასაც", მაგრამ ამ სეზონის დაწყების წინ "ვეტერინარებში" ისეთი მასშტაბური საკადრო ცვლილებები მოხდა, წესითა და რიგით, გუნდის მიზანი ბევრად უფრო მოკრძალებული უნდა ყოფილიყო. ეს კი არა, იყო ხალხი, ვინც ამტკიცებდა, რომ ამ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევდა ბრძოლა! სინამდვილეში კი, ეს ერთიანად გაახალგაზრდავებული გუნდი არავის და არაფერს ეპუება და ლიდერთა შორისაც აბსოლუტურად დამსახურებულად იმყოფება...
1998 წლიდან მოყოლებული, დღევანდელმა მეტოქეებმა ერთმანეთში 39 მატჩი ჩაატარეს. "დინამოს" უმნიშვნელო უპირატესობა აქვს: 12 მოგება, 16 ფრე და 11 წაგება. იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთი ხანობა პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირებები საყაიმო ანგარიშით მთავრდებოდა: წლეულს, 21 თებერვალს, "ვიტ ჯორჯიამ" სტუმრად შეძლო "დინამოს" დამარცხება, თორემ მანამდე ჩატარებულ 6 (!) მატჩში ფრე ფიქსირდებოდა! წინა სეზონის IV წრის მატჩში "დინამომ" რევანშის აღება (ჯორჯ აკირემის დუბლის წყალობით) მოახერხა, მაგრამ "ვეტერინარებს" ამაზე გული დიდად არ დასწყდებოდათ. რაც მთავარია, "ვიტ ჯორჯიამ" წინა სეზონის ორივე უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში აჯობა თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს - ჯერ სუპერთასის მატჩში აჯობეს (დამატებით დროში), მერე - საქართველოს თასის ფინალშიც!
თუმცა სუპერთასსა და თასის ფინალში გამარჯვებული გუნდის შემადგენლობიდან დღესდღეობით "ვიტ ჯორჯიაში" 2-3 ფეხბურთელიღა შემორჩა. გამოდის, რომ "ვეტერინართა" ახალგაზრდა მოთამაშეების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა თბილისის "დინამოს" დღეს პირველად დაუპირისპირდება...
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...khburthshi.html