აოფებთ
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=12046&lang=1ფეხბურთში უამრავი შემთხვევა შეიძლება გავიხსენოთ, როდესაც ცნობილ გუნდებს უხერხული მეტოქეები ჰყავთ. ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის "დინამოსათვის" ასეთი მოწინააღმდეგე ეროვნულ ჩემპიონატებში, ალბათ, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" გახლდათ, თუმცა, მეორე წელია "დინამომ" ეს სინდრომი დაძლია და ახლა პირიქით, მიმდინარე ეროვნულის ფავორიტ ფეროელებს გაუჩნდათ ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მიმართ გარკვეული კომპლექსი.
ბოლო წლების ყველაზე საინტერესო და დაძაბული მატჩების ჩამონათვალი ამ გუნდების დაპირისპირებათა გარეშე წარმოუდგენელია. საერთოდაც, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში განთავსებული კლუბების შეხვედრა ყოველთვის იწვევს ფეხბურთის გულშემატკივართა დიდ ინტერესს, თუმცა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, გუშინ, ზესტაფონის სტადიონზე მისულ ქომაგთა რაოდენობა მთლად სასურველი ვერ იყო. საერთოდ, ნებისმიერ ქალაქში, სადაც "დინამო" ჩადის, სტადიონზე ყოველთვის დიდი რაოდენობის მაყურებელი იყრის თავს, მითუმეტეს თუ ამ პაექრობას პრინციპული მნიშვნელობა გააჩნია. ასე რომ, ფეროელთა ქალაქში მოკრძალებული რაოდენობის გულშემატკივრების ყოფნა "დავით აბაშიძეზე" ნამდვილად გასაკვირი გახლდათ.
ორივე გუნდი გუშინდელ შეხვედრას განსაკუთრებული მოტივაციით შეხვდა. თითოეულ მათგანს დასამტკიცებელი ჰქონდა, რომ გასულ ტურში აუტსაიდერებთან დაკარგული ქულები შემთხვევითობა იყო. ორივეს ჰქონდა დანაკლისი. მასპინძლებს ხიდეშელი და ძარია აკლდათ დისკვალიფიკაციის გამო, ხოლო დინამოელებმა კამერუნელი ჯიუსი მოისაკლისეს.
მატჩის დებიუტში მეტოქეებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. მე-5 წუთზე ნიკა გელაშვილმა ბურთიანად საკმაო მანძილი გაირბინა და საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერად დაარტყა მეკარისაგან ახლო კუთხეში, მაგრამ ლორიამ დროული რეაგირება მოახდინა და საგოლე სიტუაციაც განმუხტა. ორიოდ წუთში ხიფათი უკვე მასპინძელთა კართან შეიქმნა. ედნილსონის ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ, კარისკენ ზურგით მდგარმა ხმალაძემ თავური დაარტყა. ბურთმა ზესტაფონელთა კარის ძელს რამდენიმე სანტიმეტრში ჩაუარა.
ამის შემდეგ, თამაში იმერთა უპირატესობით წარიმართა. მე-11 წუთზე, გიორგი ონიანმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, მას შემდეგ რაც უახლოესი მეურვე იოლად ჩამოიშორა. მასპინძელთა მცველის დარტყმული ხარიხას გადაევლო. ცოტა ხანში, ~ზესტაფონმა~ სამსვლიანი კომბინაცია უსწრაფესად გაათამაშა და გრიგალაშვილმა გელაშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა. ნიკა მართალია მეტოქის საჯარიმოში კუთხიდან შევიდა, მაგრამ დარტყმა დაუგვიანდა. აქვე, გულვერდ თომაშვილის ჩინებული და თავგანწირული თამაშიც უნდა გამოვყოთ. დინამოელთა მცველმა ვარდნაში შეძლო ის, რამაც ფორვარდს დარტყმის საშუალება არ მისცა. საპასუხო შეტევაში დინამოელებმა ბურთი დაჰკარგეს, ზესტაფონელი კობახიძის მიერ მეკარისათვის სუსტად დაბრუნებული ბურთი ვაწაძეს ჩაუვარდა ხელში, მაგრამ როინ კვასხვაძემ ითამაშა ჩინებულად და საკუთარი თანაგუნდელის შეცდომა გამოასწორა.
ამ მომენტს თამაშში დაახლოებით 10-წუთიანი "ტაიმ-აუტი" მოჰყვა, თუმცა, შემდეგმა მოვლენებმა შეხვედრა საკმაოდ დაძაბა. ზესტაფონელთა კართან ხიფათი ისევ მცველთა უხეშ თამაშს მოჰყვა. ბურთისათვის საჯარიმოს გარეთ როინ კვასხვაძემ და მათე ვაწაძემ იბრძოლეს. ორთაბრძოლაში ფორვარდი წაიქცა და ვადაჭკორიამ ზედ საჯარიმოს ხაზთან ჯარიმა დანიშნა, თანაც მეკარეს ყვითელი უჩვენა. მსაჯის ამ გადაწყვეტილებას დინამოელთა პროტესტი მოჰყვა, რომლებიც თვლიდნენ, რომ მსაჯს კვასხვაძე უნდა გაეძევებინა. ყოველივე ამას კედელში ჩამდგარი კოშკაძისა და ალადაშვილის წაკინკლავება მოჰყვა. ვადაჭკორიამ ყვითელი ბარათები ისევ "აამუშავა". ისე, თბილისელთა გუნდის კაპიტანი რამდენიმე წუთი ზედმეტად აღელვებული იყო და ცოტა ხანში, ალადაშვილს ის უხეშადაც ეთამაშა. წესით, ვადაჭკორიას კოშკაძის დასჯა ისევ მართებდა, მაგრამ არბიტრმა ამ სიტუაციაში ლმობიერება გამოიჩინა.
ტაიმის დასკვნითი ნაწილი მთლიანად მასპინძლებისა იყო, თუმცა, სახიფათო მომენტი მხოლოდ ერთხელ შეიქმნა. ელიავას ფლანგური გარღვევისა და ჩაწოდების შემდეგ, ბურთს ფეხი გორგიაშვილმა გაჰკრა. მართალია, დარტყმა სუსტი გამოდგა, მაგრამ ლორიას მაინც გაუჭირდა მისი მოგერიება და სიტუაციის განმუხტვა. ფეროელები სტუმრებზე ზეწოლას აძლიერებდნენ და შესვენებაზე გასულებმა ერთგულ ქომაგებს წარმატების იმედი ჩაუსახეს.
შეხვედრის მე-2 ნახევარი განსხვავებული სცენარით დაიწყო. თბილისელები ძალზე აქტიურად მოქმედებდნენ. სწორედ მათი აქტიურობის შედეგად დაუშვა შეცდომა საკუთარ საჯარიმოში გორგიაშვილმა და ვაწაძეს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, თუმცა, ფორვარდმა მახვილი კუთხიდან ვეღარ მოახერხა მეკარის გაცურება. რამდენიმე წუთში ედნილსონმა გაისროლა შორიდან, მაგრამ კვასხვაძემ ბურთი კუთხურზე გადააგდო. 55-ე წუთზე, გრიგალაშვილმა დაჰკარგა ბურთი მოედნის შუაგულში, კოშკაძემ გადაცემა მაშინვე ვაწაძის მისამართით გააკეთა. მათემ ბურთის მიღების იმიტირება მოახდინა და რობერტინიოს მიმართულებით გაატარა. ბრაზილიელი კვასხვაძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.
მასპინძელთა დამრიგებელმა, იგრძნო რა მოვლენების არასასურველად წარმართვა, შეცვლას მიმართა და მოედანზე ბაბუნაშვილის ნაცვლად, ჯაბა დვალი შეუშვა. გამოცდილი ფორვარდის შესვლამ ზესტაფონელები გააქტიურა. მათ რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი შეტევაში გაატარეს. 61-ე წუთზე, გრიგალაშვილმა საჯარიმოს კუთხიდან უძლიერესად დაარტყა, მაგრამ ლორია გაისარჯა ჩინებულად. მცირე ხნის შემდეგ, ზესტაფონელთა რამდენიმესვლიანი კომბინაციის შემდეგ, დვალი დარჩა ხელსაყრელ პოზიციაში, თუმცა, ლორია კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო.
თითქოს ყველაფერი კვლავ მასპინძლების სასარგებლოდ უნდა წარმართულიყო, თუმცა, იმერლებმა ბურთი საკუთარ კარში მიიღეს. რობერტინიო-ვაწაძის მიერ გათამაშებული კომბინაცია, კოშკაძემ დარტყმით დააგვირგვინა. ბურთი ფეხზე აფციაურს შეეხო და უცნაური ტრაექტორიის მოხაზვის შემდეგ, ზესტაფონელთა კარში ჩაეშვა - 0:1.
გოლმა მასპინძლები გააქტიურა, თუმცა, თბილისელთა დაცვის ბარიერის გადალახვა მათ კვლავ უჭირდათ. ამიტომაც, ზესტაფონელები ძირითადად შორიდან ცდილობდნენ შანსის გამოყენებას. თავდაპირველად, გორგიაშვილის გადაცემის შემდეგ, გრიგალაშვილმა დაარტყა ოდნავ არაზუსტად, ხოლო 78-ე წუთზე დვალმა გაუშვა გოლის გატანის რეალური საშუალება. თბილისელთა საჯარიმოში ეულად მდგარმა ჯაბამ ბურთი ალადაშვილისაგან მიიღო და მისი გაჩერება რომ გადაეწყვიტა, ალბათ, შედეგიც იქნებოდა, მაგრამ გამოცდილმა ფორვარდმა ბურთი ვერ შეიმაგრა და საგოლე მომენტიც განიავდა.
ცოტა ხანში, "დინამომ" მეორე გოლი გაიტანა, მაგრამ ასისტენტმა თამაშგარე დააფიქსირა. გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი კი ისევ ჯაბა დვალმა გაუშვა, როდესაც წინამძღვრიშვილის თავურით გაკეთებული გადაცემა ზუსტი დარტყმით ვეღარ დააგვირგვინა...
მატჩის შემდეგ
კახა კაჭარავა ("დინამო"): "კარგ საფეხბურთო ატმოსფეროში მოგვიხდა შეხვედრის ჩატარება. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისათვის, თუმცა სათამაშო ხარისხის გაუმჯობესება გვმართებს".
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი"): "მეტოქეს ორივე ტაიმში ვჯობდით. მართალია, მოედნის შუაგულს იოლად გავდიოდით, მაგრამ შემდეგ მომენტების რეალიზებას ვერ ვახერხებდით. ეს პრობლემა გვაქვს და "ტორპედოსთან" მატჩის შემდეგ, გარკვეული სამუშაოები ჩავატარეთ. ეს სამუშაო უნდა განვაგრძოთ".
23 ოქტომბერი. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 2500 მაყურებელი
ზესტაფონი - დინამო 0:1 (0:0)
"ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, ალადაშვილი, გიორგი ონიანი, კობახიძე, დაუშვილი, გორგიაშვილი, გრიგალაშვილი (ფიფია, 83), ბაბუნაშვილი (დვალი, 61), აფციაური, ელიავა, გელაშვილი (წინამძღვრიშვილი, 79).
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
"დინამო": ლორია, კაკუბავა, გივი კვარაცხელია, ხმალაძე, ედნილსონი, თექთუმანიძე, ნიკა ფირცხალავა (კახელიშვილი, 56), რობერტინიო (ლექვთაძე, 76), თომაშვილი, კოშკაძე, ვაწაძე (მუჯირი, 83).
მწვრთნელი: კახი კაჭარავა
გოლი: 0:1 კოშკაძე (63)
გაფრთხილება: კვასხვაძე (26), ალადაშვილი (28), კოშკაძე (28), აფციაური (34), ფირცხალავა (36), რობერტინიო (45).
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN