dr alex
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 61
წევრი No.: 122801
რეგისტრ.: 22-October 10
|
#22160615 · 22 Oct 2010, 16:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი ამ პოსტს მივაგენი "სარბიელი"-ს თემაში...მაგარი გაზეთი იყო და მემგონი ეს მოწოდებაც ისევ აქტუალური იქნება
"ესაა გიო ახვლედიანის სვეტები 1997 წლის სექტემბერში, იტალიასთან ფრედ 0:0 დასრულებული თამაშის წინ და შემდეგ.
თამაშამდე: ფეხბურთელებო, ქომაგებო, ქურდებო, პოლიციელებო - შევიკრათ
ჩვენი სტადიონი ჭეშმარიტად ისტორიული არენაა. ვის აღარ უთამაშია აქ? დაპყრობილ-კოლონიური ქვეყნის პირობაზე პაიჭაძის (ძველად, იდიოტურ წესისამბერ ბერიას და ლენინის) სახელობის საფეხბურთო სახლში მართლაც დიდი და დიადი გუნდები გაგვიცნია. ამათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა და ნაკრებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კლუბებიც არ გვივიწყებდნენ. ხშირად ჩვენ დინამოს ეს ხელს უშლიდა ევროპულ წინსვლაში, მაგრამ სანახაობა მართლაც დაუვიწყარი იყო ხოლმე. თვრამეტი წელი გასულა მას შემდეგ, რაც წვიმიან საღამოს ლივერპული დავამარცხეთ ამ საყვარელ მინდორზე და ისევე როგორც თქვენ, მეც მახსოვს წვიმიანი ქალაქის მოზეიმე ქუჩა, ხალხით გაჭედილი ტრიბუნები და ამაყი სვლა ათიათასობით გაწუწული ადამიანისა. ეს იყო ჩვენი სტადიონის უდიდესი საღამო. ასეთი საერთაშორისო გამარჯვება არ ახსოვს ჩვენ მინდორს. ჩვენ განებივრებული ვიყავით საუცხოო საერთაშორისო ფეხბურთით. და კვლავ განებივრებული ვართ – ოთხიოდ დღეში იტალიელებს ვნახავთ ჩვენ მინდორზე. ყველანი ვხვდებით, რომ ამ ჩვენ სტუმრებს სამი ქულის ჯიბეში ჩადება უნდათ. ყველანი ვხვდებით, რომ მათ ეს ხელეწიფებათ. დაცვა მათი მოგონილია და ათას მინდორზე განარბენი ფანტაზისტებიც მათ ჰყავთ. იტალიის ნაკრებში იმდენი ვარსკვლავია, რამდენი ორდენიც ბრეჟნევს არ ჰქონია. მაგრამ მოდით, ამ ერთხელ, ჩვენ ყველანი ერთად შევიკრათ – ფეხბურთელები, მწვრთნელები, ადმინისტრატორები, მინისტრები, მოსწავლეები, ქურდები, დიასახლისები და რა თქმა უნდა, ქომაგები. შევიკრათ, ას წელიწადში ერთხელ მაინც! შევიკრათ! შევიკრათ! დავივიწყოთ ყველაფერი – რაც ერთმანეთში უსიამოვნო მოგვსვლია. შევიკრათ ერთ საღამოს – საათნახევრით! ვითამაშოთ და ვიყვიროთ. შევიკრათ და არ გავაკეთებინოთ იტალიელებს ის, რისთვისაც აქ მოდიან, არ გავაკეთებინოთ სხვას ჩვენი საზიანო საქმე. ჩვენ ვიყვიროთ, იოგები დავიწყვიტოთ, ჯიგრიანად ვაფრიალოთ დროშები. ბიჭებმა ითამაშონ. ყურები არ ჩამოვყაროთ, როცა გოლს გავუშვებთ – ჩვენ ათმაგად შემოვცხოთ დოლებს, ბიჭებმა – თავი დადონ. პირველიდან ბოლო წუთამდე – ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ! ერთიანი ჯიგრით, ერთი სულით, ერთი ფიქრით! და გამოვა. გამოსულა სხვა ქვეყნებში. გამოსულა ხოლმე და ეს ძალიან ლამაზია. გამოვა. ერთხელ უნდა გამოვიდეს. ერთხელ უნდა ვიყვიროთ და თუ მთელი ამ ამბის შემდეგ მაინც არ გამოვიდა, არ ვთქვათ ”წააგეს”, ვთქვათ - ”წავაგეთ” და ეს ჩვენთვის კარგი იქნება. ჩვენ ნელ-ნელა მივეჩვევით მინდვრისა და ტრიბუნის ერთობას. აუცილებლად დაკრძალვაზე უნდა მოვხვდეთ, რომ ერთსულოვნები ვიყოთ? მოდით, შევიკრათ, ხელი არ ჩავიქნიოთ. ”სკუადრა აძურა” - უკეთესი გამოცდა ჩვენი, თუნდაც საათნახევრიანი ერთობისა, ძნელი საპოვნია.
თამაშის შემდეგ: ფორცა ჯეორჯია
ალბათ, არავის გაუკვირდება – ეს ზღაპრული ოთხშაბათი იყო. გამოსულა ხოლმე-მეთქი, ვწერდი წინა შაბათის სვეტში. გამოსულა ხოლმე-მეთქი და გამოვიდა. რა სჯობია ამას? რა თქმა უნდა, არაფერი. რამდენი ხანია არ ყოფილა ასე. რამდენი ხანია არავისთვის შეგვიშლია ხელი. რამდენი ხანია გაზეთებისთვის ცეცხლი არ წაგვიკიდებია თამაშის შემდეგ და რამდენი ხანია ასე არ გვიყვირია. გოლი არ გასულა, მაგრამ დაცვა იყო თავგანწირული და თავდადებული. ვგრძნობდი, ვერ გავიტანდით, მაგრამ რომ არ გავუშვით, ეს ზღაპრული იყო. მე მგონია, რომ ეს დიდი გამარჯვება იყო – არაადამიანური ძალების ხარჯვით მოპოვებული. გამოვიდა. გვარიანად ჩავუფლავეთ საქმე დიდი საფეხბურთო ქვეყნის გუნდს. იტალიელთა კვალიფიკაცია, მათი ოსტატობა, ფეხბურთის ცოდნა მისაბაძია. ჩვენ ნაკრებს ერთადერთი შანსი ჰქონდა – არ გაეშვა და ასეც მოხდა. ეს ისტორიული ფრეა. პირველი ფრე, რაც საქართველოს გუნდი შესარჩევებს თამაშობს. არა, არა, ეს საუცხოო იყო. ამგვარი მონდომება, ამგვარი ცდა საკუთარი ოსტატობის წარმოჩენისა ფეხბურთელთა მხრიდან ბოლოს როდის იყო, აღარც კი მახსოვს. და ეს მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად დაუხვეწავი და შეუთამაშებელი გუნდია, რომელსაც არსენალში არანაირი საფეხბურთო ფანდი არ აქვს, გარდა მოთამაშეთა პირადი ფანდებისა. მაგრამ მოთამაშეც არის და მოთამაშეც – ჯანი ჩვენ ბიჭებს აშკარად მეტი აქვთ, ვიდრე ჰქონდათ და ახლა მე არ მოვყვები, ვინ როგორ ითამაშა, ვის გამოცვლას მოითხოვდა ფანობა და ვის თამაშს, ვინ ივარგა და ვინ გაიბლანდა. გუნდმა თავი დადო. ზოგადად, არჩევანი სწორი იყო – იტალიელებს არ უყვართ, როცა კარში ჩაუდგებიან ხოლმე, მაგრამ არჩევანი მხოლოდ ზოგადად იყო სწორი. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა გვარიანი ჩხვლეტები გასწია. სხვა საკითხია, რომ მეორეში ვეღარ გასწვდა ამას, რაც ჩვენში ფიზიკური და ტაქტიკური ჩამორჩენის ბრალია. ჩვენ ტექნიკურ ილეთებში იყო ძალიან ბევრი წუნი, თუმცა იყო ლამაზი ფინტებიც. ფინტი, თავისთავად, დიდებული რამ არის, მაგრამ ფინტი არ არის ფერწერული ტილო, ფინტი – ერთი მონასმია და მას გაგრძელება უნდა. კარგი ფორმა თითქმის ყველა ქართველმა აჩვენა. თავგანწირვა – ყველამ. ეს მგონი პირველად იყო, რომ ყველა ქართველი ერთმანეთს ეხმარებოდა. ეს გუნდური თავგანწირვა და ჯიგარი იყო. და ამათ გვერდით იყო ქართველი ფანობა, რომელმაც იქომაგა ჯიგრიანად, ღირსეულად და როგორც იქნა, ნელ-ნელა და მძიმედ, მაგრამ მაინც შეუდგა ნამდვილი ქომაგობის გზას. ჩვენ გუნდში იყო რამდენიმე ფეხბურთელი, რომელმაც პრაქტიკულად უშეცდომოდ და მაღალ დონეზე ითამაშა. გელა შეყილაძე და მურთაზ შელია ალბათ, საუკეთესონი იყვნენ. და საერთოდ, ჩვენ მცველებს ხოტბა ეკუთვნით. ქება ეკუთვნით იმათაც, ვინც მცველებს ეხმარებოდა. და ცალ-ცალკე ყველა საქებარია. პუბლიკა ყაველას აკრიტიკებდა. მას მართლაც ბევრი წუნი ჰქონდა, ბევრი კარგად წამოწყებული ჩაშალა ამ უზუსტობებმა, მაგრამ ყაველა წამით არ გაჩერებულა – ძალიან ბევრი იმუშავა. და კიდევ ერთი რამ: აჩი ნამდვილი აღმოჩენა იყო. ასეთი აჩი მე არ მინახავს. სამწუხაროა, რომ მეორე ტაიმს ბოლომდე ვერ გაწვდა და შეცვლა ითხოვა. მაგრამ ეს არაფერი – აჩი საუცხოო იყო. ერთხელ შოთამ თქვა, აჩის ყოველთვის ჩემზე უკეთესი მონაცემები ჰქონდა, უბრალოდ, ბედმა უმუხთლაო. ძმამ ძმისა უკეთ იცის. აჩიმ კი მართლაც საუცხოოდ ითამაშა. ნიკა ტოგონიძე პირველად იდგა ნაკრების კარში ოფიციალურ თამაშში. მას ნერვიულობა ეტყობოდა, მაგრამ გასაოცარი ჯიგრითა და მონდომებით ირჯებოდა. მთლად დახვეწილი არ იყო, მაგრამ ბურთს უხვდებოდა. და გვიხსნა კიდეც. ეს ფრე სასახელო და დიადი იყო ჩვენი საფეხბურთო ფსიქოლოგიისთვის და წინსვლისთვის. ფორცა ჯეორჯია! გუცაევის მშვენიერი გუნდი კი, ნამდვილი, ჭკვიანი, მოხერხებული და ვაჟკაცური გუნდი, ცალკე სვეტის თემაა."
|