როდესაც 11 სექტემბერს "დინამოს" სტადიონის ეზოში 30-მდე გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ, მაშინ ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ "ქართული სპორტის ქომაგებს" ასეთ მოკლე პერიოდში მეტ-ნაკლებად ყველა გაიცნობდა... თუმცა დღეს უკვე ეს რეალობაა - თითქმის ნახევარზე მეტმა სპორტში ჩახედულმა ადამიანმა იცის ვინ ვართ ჩვენ და ალბათ მათი 100% თუ არა, დიდი უმრავლესობა მაინც ძალიან დადებითად არის განწყობილი ჩვენს მიმართ. ეს ყველაფერი კი იმ მიზნების წარმატებით განხორციელების შედეგია, რომელიც სწორედ რომ 11 სექტემბერს იქნა დასახული გეგმად და რომელსაც უამრავი ადამიანის დიდი ძალისხმევა და შრომა დასჭირდა. ბუნებრივია, გვქონდა გარკვეული ლაფსუსები, ხარვეზები, თუმცა ეს ყველაფერი გამოუცდელობის ბრალი იყო და დროდადრო აუცილებლად ყველაფერი დაიხვეწება.
ჩვენი უპირველესი მიზანი კი, როგორც გახსოვთ, იყო მოვმზადებულიყავით 8 ოქტომბრისთვის, როდესაც ერთმანეთს საქართველოსა და მალტის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ეთამაშებოდნენ. დაიწერა უამრავი საფეხბურთო შეძახილი, დამუშავდა რამოდენიმე სიმღერა, ჩატარდა რამოდენიმე სერიოზული რეპეტიცია, დაიბეჭდა "ქართული სპორტის ქომაგთა" მაისურები და დიდი ბანერი (რომელიც მას მერე გამართულ ყველა თამაშს ამშვენებდა ეროვნული სტადიონის ტრიბუნებს). და შედეგი? შედეგად მივიღეთ ეროვნული ნაკრების ნანატრი გამარჯვება (ოფიციალურ მატჩებში), 3 წლიანი პაუზის შემდეგ და ის მხურვალე მადლობა, რომელიც ფეხბურთელებმა მატჩის დასრულებისთანავე ჩვენს ტრიბუნებთან მოსვლითა და აპლოდისმენტებით გამოხატეს. ამას მოჰყვა 17-წლამდელ ფეხბურთელთა 3 მატჩიანი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც ასევე წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა ბიჭებმა და მათაც ასევე ღირსეულად გადაგვიხადეს მადლობა, როგორც თავიანთი თავდადებით და ბრძოლის ჟინით მოედანზე, ასევე მოედანს გარეთ (გასახდელებთან) მოწყობილი დიდი ზეიმის დროს, მათი ბოლო გამარჯვების შემდეგ. ის კი არა და, ბიჭებს უკვე ისე კარგად ჰქონდათ ათვისებული ჩვენი შეძახილ-სიმღერები, რომ ბოლოს პირიქით მათ შეგვისრულეს ეს ყველაფერი, რაც ძალიან სასიამოვნო სანახავი და მოსასმენი იყო...

თუმცა, ეს ყველაფერი უკვე წარსულია და წარსული წარმატებით დიდ ხანს ტკბობა კი, მოგეხსენებათ, კარგს არაფერს მოგვიტანს. მით უმეტეს, რომ როგორც იტყვიან, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია (პლაგიატისთვის ბოდიშს მოვუხდი ნაციონალებს) და დროა გადავიდეთ ჩვენი საქმიანობის მეორე ეტაპზე - ეტაპზე, რომელსაც სარაგბო ზეიმისათვის მზადების ეტაპს დავარქმევთ.
მოგეხსენებათ, რომ ამ თვეში ჩვენს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 2 უმნიშვნელოვანესი ამხანაგური მატჩის გამართვა უწევს შინაურ კედლებში. თავდაპირველად თბილისს კანადის ეროვნული ნაკრები ეწვევა, 20 ნოემბერს. ხოლო ერთი კვირის თავზე - 27-ში, აშშ-ს ნაკრებთან მოგვიწევს დაპირისპირება. გეტყვით იმასაც, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა და პრესტიჟული დატვირთვა აქვს აღნიშნულ მატჩებს ჩვენი გუნდისთვის. კერძოდ, ორივე ზემოთ ნახსენები ნაკრები მსოფლიოს 15 უძლიერეს სარაგბო გუნდთა შორის იმყოფებიან - კანადა მე-14 პოზიციაზეა მსოფლიო რეიტინგში 69.43 ქულით, ხოლო აშშ მე-15 ადგილს იკავებს 67.86 ქულით. რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, ამჟამად ბორჯღალოსნებს 66.38 ქულით მე-17 ადგილი უპყრიათ მსოფლიოში. ალბათ თავადაც ხვდებით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ექნება რეიტინგში მომეზობლე გუნდებთან გამარჯვებას ჩვენი ნაკრებისთვის. მათი ძლევის შემთხვევაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ ბორჯღალოსნებმა გადაასწრონ აშშ-სა და კანადის ეროვნულ გუნდებს რეიტინგში და თავად აღმოჩნდნენ მე-14 პოზიციაზე. გარდა ამისა, აღნიშნულ მატჩებს დიდი ინტრიგის სახით თან სდევს, გასულ წელს, ჩერჩილის თასზე სწორედ ამ გუნდებთან განცდილი სამარცხვინო მარცხებისათვის რევანშის აღება. მოგეხსენებათ, მაშინ საქართველოს ნაკრებმა ოპტიმალურ შემადგენლობას ვერ მოუყარა თავი და ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით დიდი სირცხვილი ჭამა, შტატებში გამართულ ჩერჩილის თასზე. ასე რომ, მომავალ მატჩებს ინტრიგა საკმარისზე მეტი აქვს!
იმისათვის, რომ ჩვენს მორაგბეებს ღირსეულად ვუქომაგოთ ტრიბუნებიდან და მხარდაჭერა არ მოვაკლოთ, საჭიროა ჩვენი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს და ამაში თითოეულმა ჩვენმა წევრმა საკუთარი წვლილი შეიტანოს. როგორც უკვე იცით, გაფართოებისთვის გეზი აღებული გვაქვს ძირითადად ახალგაზრდა თაობაზე, ანუ იმ გოგო-ბიჭებზე, რომელთაც სისხლი უდუღთ და ყველაზე ენერგიულ ასაკში არიან. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს დავიწყეთ შეხვედრები საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, რათა ახალგაზრდობას ჩვენი მიზნები და გეგმები დეტალურად გავაცნოთ და გვერდში დავიყენოთ ისინი ამ საშური საქმის კეთებაში. პირადად თქვენი მონა მორჩილი დღეს 2 სკოლაში გახლდით შეხვედრაზე, სადაც ვესაუბრე დირექტორებს, გავაცანი ჩვენი თავი, ჩვენი ხედვა სპორტში გულშემატკივრობის კულტურის განვითარების კუთხით და მათგან დიდი მხარდაჭერის პირობაც მივიღე, მოსწავლეთა სრულად ინფორმირების საქმეში.
ყველა ჩვენს წევრს, ვისაც შეგწევთ უნარი, გაქვთ დრო და საშუალება, გაუწიოთ პროპაგანდა "ქართული სპორტის ქომაგებს", მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ, დაგვიდგეთ გვერდში და ერთად გავაგებინოთ საზოგადოებას ჩვენზე. რაც მთავარია, ინფორმაცია ჩვენს შესახებ ისე უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ მათ გავუჩინოთ სურვილი ჩვენთან გაწევრიანებისა და "გაქომაგებისა".
იმ ადამიანებს კი, ვინც 8 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, სადმე შეგვამჩნია, დაგვინახა და გაუჩნდა უკვე ჩვენთან შემოერთების სურვილი, მინდა განვუმარტო, თუ რა არის საჭირო და როგორ უნდა მოიქცნენ იმისათვის, რომ ოფიციალურად გახდნენ ჩვენი წევრები. თქვენ უნდა გამოაგზავნოთ თქვენი პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონის ნომრები (მობილი, სახლი), Skype-ისა და Facebook-ის მისამართები, მაისურის ზომა) ჩვენი ადმინის, ბატონ ირაკლი ჟღენტის ელექტრონულ ფოსტაზე:
admin@worldsport.ge
ხოლო ვისაც ჩვენი მაისურები გნებავთ, ამისათვის თქვენ უნდა შემოიტანოთ მისი საფასური - 15 ლარი - ბატონ ირაკლის საბანკო ანგარიშზე, 13 ნოემბრამდე (შაბათი დღის 13 საათამდე). ან შეგიძლიათ მოიტანოთ ეს თანხა პირდაპირ ჩვენთან, 14 ნოემბერს, კვირა დღეს, მიხეილ მესხის (ლოკომოტივის) სტადიონზე, სადაც გაიმართება რაგბში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი და საშუალება გვექნება გავიაროთ გენერალური რეპეტიცია, ეროვნული ნაკრების მატჩისათვის (შეკრების დრო დაზუსტდება და გამოცხადდება რამოდენიმე დღით ადრე).
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებია:
მიმღები ირაკლი ჟღენტი
ანგარიშის ნომერი: GE67 PჩO1 1360 0100 0278 62 GEL
ბანკის დასახელება: პროკრედიტ ბანკი – ვაგზლის განყოფილება
ბანკის კოდი: 220101922
ანგარიში დოლარში:
Customer name : Jgenti Irakli
Account number and currency: GE67 PCO1 1360 0100 0278 62 USD
Account type: Current
Bank code (SWIFT- code): MIBGGE22
Bank name: ProCredit Bank Georgia
Bank address: 0112 Tbilisi. Aghmashenebelis ave. 154
ანგარიში ევროში:
Customer name: Jgenti Irakli
Account number and currency: GE67 PCO1 1360 0100 0278 62 EUR
Account type: Current
Bank code (SWIFT- code): MIBGGE22
Bank name: ProCredit Bank Georgia
Bank address: 0112 Tbilisi. Aghmashenebelis ave. 154
14 ნოემბერს, სარაგბო მატჩისა და რეპეტიციის დასრულების შემდეგ, დაითვლება მაისურების მსურველთა საბოლოო რაოდენობა (ანუ იმ ხალხისა, ვისაც იმ დროისთვის ანგარიშზე თანხა შემოიტანილი ექნება) და მეორე დილით სტამბას ამ რაოდენობის მაისურების შეკვეთას მივცემთ.
ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ, გადამოწმების მიზნით, შეგიძლიათ ბატონ ირაკლის ელ. ფოსტაზე (admin@worldsport.ge) მიწეროთ, რომ თანხა უკვე შეიტანეთ. ბატონი ირაკლი ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით შეამოწმებს, დაჯდა თუ არა თანხა ანგარიშზე და ოპერატიულად მოგწერთ პასუხს. ან შეგიძლიათ ეს ყველაფერი პირდაპირ ტელეფონის მეშვეობით გაარკვიოთ მასთან: 954076.
არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად შეინახეთ ის ჩეკი (თუ ქვითარი), რომელსაც ბანკში თანხის შეტანის დროს მოგცემენ. ამ ჩეკს მოიტანთ მაისურების წაღების დროს.
რაც შეეხებათ არასრულწლოვნებს, რომელთაც პირადობის მოწმობა არ გააჩნიათ, თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ უფროს მეგობარს ან ოჯახის წევრს (რომელსაც პირადობის მოწმობა აქვს) სთხოვოთ ამ ანგარიშზე თანხის შემოტანა და ბატონ ირაკლის მიწეროთ, რომ თქვენს სახელზე თანხის შემომტანი იქნება ესა და ეს ადამიანი.
გეტყვით იმასაც აუცილებლად, რომ ვისაც არა გაქვთ ამ ეტაპზე ჩვენი მაისურის შეძენის საშუალება, ნუ შეშინდებით და ნუ დაბრკოლდებით მაგის გამო: ჩაიცვით ჩვეულებრივი თეთრი ან წითელი ფერის მაისური და ისე დაგვიდექით გვერდში! მთავარია, რომ თქვენს თვალებში პატრიოტიზმი , სამშობლოს და სპორტის სიყვარული იკითხებოდეს და მთელი მატჩის მანძილზე შეგეძლოთ ჩვენთან ერთად, დაუღალავად უქომაგოთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს.
მაისურების დარიგებას რაც შეეხება, (სავარაუდოდ მათ დამზადებას 2 დღე დასჭირდება) 17 ნოემბერს დაგეგმილი გვაქვს ისევ შევიკრიბოთ ერთად და ერთად ვუყუროთ სადმე, დიდ ეკრანზე, ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ამხანაგურ მატჩს, სლოვენიელთა წინააღმდეგ. და თუკი 17 რიცხვისთვის მზად იქნება მაისურები, სწორედ ამ შეკრების დროს დავარიგებთ მათ. თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, იქნება თუ არა ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი სლოვენიიდან და აქედან გამომდინარე, გაურკვევლად რჩება ჩვენი შეკრების საკითხიც. როგორც კი რაიმე გახდება ცნობილი, მომენტალურადვე დაიდება ამის შესახებ ინფორმაცია საიტზე.
რაც შეეხება, ჩვენს საშაბათო (20 ნოემბრის) გეგმებს, სავარაუდოდ თამაშამდე ალბათ 2-3 საათით ადრე შევიკრიბებით ისევ რესპუბლიკის მოედანზე, და (უკვე ტრადიციულად) მოვაწყობთ მსვლელობას ქალაქში ჯერ მანქანებით, შემდეგ კი ფეხით... ხოლო თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე უკვე, ჩვენი, 26-ე სექტორის ტრიბუნებზე ვიდგებით.
ალბათ იგივეს გავიმეორებთ 27 რიცხვშიც.
დასასრულისკენ კიდევ ერთ მომენტზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც ეხება ჩვენი რიგების გამრავლებას. როგორც იცით, Facebook-ზე გვაქვს ჩვენი საკუთარი გვერდი - ქართული სპორტის ქომაგები - სადაც (მსოფლიო სპორტის საიტთან ერთად) მუდმივად თავსდება ჩვენი სიახლეები, ფოტოები, ვიდეოები და მრავალი საინტერესო მასალა... სადაც შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი შეკითხვა ქართული სპორტის ქომაგთა შესახებ და მიიღოთ ამომწურავი პასუხი. დღესდღეობით ჩვენს გვერდზე 1200-მდე ადამიანია გაწევრიანებული, ანუ, Facebook-ის ენით რომ ვთქვათ, 1200-მდე ადამიანს მოსწონს (Like) ჩვენი, ქართული სპორტის ქომაგთა გვერდი. ეს რაოდენობა რომ რეალურად ვგროვდებოდეთ სტადიონზე, ჩვენს ბედს ახლა ძაღლიც არ დაჰყეფდა და ფაქტობრივად ერთ სექტორს 80%-ით გავავსებდით... თუმცა, მოგეხსენებათ, თუ რაოდენ რთულია ვირტუალური ქომაგობიდან რეალურ ქომაგობაზე გადასვლა... მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება თუნდაც Facebook-ზე და რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ჩვენი არსებობის შესახებ, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ჩვენი რიცხვი რეალობაშიც უფრო მეტად გაიზარდოს. ჩვენი წევრებიდან თითოეულმა ადამიანმა მინიმუმ 5 თავის მეგობარს მაინც რომ გაუგზავნოს მოწვევა ჩვენი Facebook-ის გვერდზე (ოღოდ ისეთ მეგობრებს, რომელთაც მართლა უყვართ სპორტი), ვირტუალურ ქომაგთა რიცხვი უკვე 6000-მდე გაიზრდება! ამ მოწვევასთან ერთად თან აუხსნას, ვინ ვართ ქართული სპორტის ქომაგები, რა გვინდა, რა საქმეს ვემსახურებით... და ამ 6000 ადამიანიდან 5%-იც რომ მოვიდეს ჩვენთან, უკვე 300 კაცით გაიზრდება ჩვენი რიგები. ეს კი მართლაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება!
ასე რომ, მოდით, ყველამ ერთად დავიკაპიწოთ ხელები და ვაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია - ვაკეთოთ ისეთივე ჯიგრით და უანგაროდ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით!
ელფის კულინარიის ენციკლოპედია.