http://worldsport.ge/Read.aspx?news=15019&lang=1როდის შეძლებს თამაშს ლევან ყენია? ქართველი და გელზენკირხენელი გულშემატკივრებისთვის, ფელიქს მაგათისა და თემურ ქეცბაიასთვის აქტუალური კითხვაა. ჯერჯერობით, ზუსტად ვერც ლევანი ამბობს რამეს და ვერც “შალკეს” ექიმები. 20 წლის გამთამაშებელი, სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს 2009 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ, ყენია სულ წვალებაშია, ორი ოპერაცია დასჭირდა, პლუს სხვა წვრილ-წვრილი ქირურგიული ჩარევები და აი, წესით, თურქულ ბელეკში “შალკეს” შეკრებაზე, მისი დაბრუნება უნდა შემდგარიყო.
7 იანვრამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, ლევანი ფორმაში შედიოდა და “შალკეს” თავკაცი, მაგათიც ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მეორე ბუნდესლიგის განახლებისას მზად იქნებაო, მაგრამ ყენიას ისევ კოჭმა უმტყუნა, ბურთი ცუდად მოხვდა და ტკივილმა შეაწუხა, ტკივილი დღესაც აწუხებს. 12 იანვარს, “შალკემ” მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა ბელეკში (“თურქულ “ესკიშეჰირსპორთან” 1:1) და ისევ ქართველის გარეშე.
“ხუმარებისთვის” თურქული შეკრება დასრულდა, 15 იანვარს, ბუნდესლიგა განახლდება და “შალკე” “ჰამბურგს” ხვდება – ნამდვილად ბედისწერა იქნება, თუ ლევანი სწორედ ჰამბურგელებთან შეხვედრაში დაბრუნდება, ბოლოს, 14-თვენახევარის წინ, ხომ სწორედ მათ წინააღმდეგ ითამაშა...
რამდენად არის ამის შანსი? ყოველდღე სხვადასხვაგვარი ვერსიები ჩნდება, მაგრამ ჯერ ლევანიც ვერ ამბობს, თუ როდის...
“ტკივილი მაწუხებს და ვგრძნობ, რომ დატვირთვისას მას ვერ ვუძლებ. მეც არ ვიცი, როდის შევძლებ თამაშს. მაგათს ძალიან უნდა, რომ მალე ვითამაშო. თითქოს შევდიოდი კიდეც ფორმაში, თურქეთში ჩასვლისას ამას ვგრძნობდი” – უთხრა ყენიამ “მსოფლიო სპორტს”.
“შალკეს” საიტზე კი, ყენიასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა – ოღონდ შემოკლებით. მთლიანი ინტერვიუ “შალკეს” ჟურნალში დაიბეჭდება, რომელიც 15 იანვარს, “ჰამბურგთან” მატჩის დღეს გამოვა.
“ძალიან ვწვალობ. კარიერაში ექვსჯერ თუ შვიდჯერ მქონდა ასეთი ტრავმიანი პერიოდი. აბა, თუნდაც ერთხელ რომ მიიღებ ტრავმას და მკურნალობ, როგორი ასატანია. მე კი, ძალიან ხშირად ვარ ასე. არადა, ჯერ 20 წლის ვარ, მაგრამ გულს მაინც არ ვიტეხ”.
ლევანი ამბობს, რომ ფეხბურთის გარეშე ცხოვრება მისთვის წვალებაა. გასული წელიწადის გახსენებაც არ უნდა, ხოლო ახლანდელ მდგომარეობას რაც შეეხება:
“ფეხი ისევ მტკივა. ვერა და ვერ მოვმჯობინდი, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ავთამაშდები. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება. თანაგუნდელები მამხნევებენ და ვგრძნობ, რომ გუნდის ნაწილი ვარ, თუმცა, მაინც ძნელია ჩემს მდგომარეობაში ყოფნა. ფეხბურთის ყურებას ვეღარ ვიტან. თამაში მინდა”.
ყენია მშობლების როლზე ამახვილებს ყურადღებას, ყველაზე დიდ მოტივაციას დედა და მამა მაძლევენო:
“მშობლები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში. მე მათი ერთადერთი შვილი ვარ. მათი სახელები ტატუზე მაქვს ამოტვიფრული: ერთ ხელზე ნინო, მეორეზე გოჩა. ისინი მუდმივად ჩემს გულში არიან და ძალას მმატებენ”.
იმედია, ტრავმების თემაზე, ეს ყენიას ბოლო ინტერვიუა...
მიმაგრებული სურათი