http://worldsport.ge/Read.aspx?news=16290&lang=1საათები დერბიმდე – ნაკრებს გურულიც გამოაკლდასაქართველო–სომხეთის ამხანაგური მატჩის დაწყებამდე საათებიღა დარჩა. 9 თებერვალს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის “ცირიონზე”, თემურ ქეცბაიას ნაკრები 8-მატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდება. თუმცა, ცოტა არ იყოს, ცუდად ნათქვამი გამოდის. მოგებას შეეცდება – ასე სჯობს. ამხანაგური მატჩი კი არის, მაგრამ ძნელია, საქართველო-სომხეთის შეხვედრას მხოლოდ ამხანაგურის სტატუსი მიანიჭო – პრინციპული დერბია.
წინა ორი დღის მსგავსად, ქეცბაიას გუნდმა დღესაც 18:00 საათზე ივარჯიშა (ადგილობრივი დროით). დაახლოებით საათსა და 10 წუთს გაგრძელდა წვრთნა, რომელშიც 19-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ლადო დვალიშვილის გარდა, გუნდს ლვოვის “კარპატის” შემტევი სანდრო გურულიც გამოაკლდა.
გურულის გამოკლება დიდად გასაკვირი არც იყო, რადგან კვიპროსზე ოდნავ დაშავებული ჩავიდა. “კარპატიში” თამაშისას 6 დღის წინ ტრავმა მიიღო.
“გურულს ფეხის ზედა კუნთის დაჭიმულობა აქვს. მცირე გემატომა შეეტყო და დატვირთვების მიღება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, კუნთი გაწყდეს. შესაბამისად, სანდროს საერთოდ არ უვარჯიშია. მისი სომხებთან თამაში გამორიცხულია. განაცხადში 19 ფეხბურთელი იქნება”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ატაშე ლაშა დვალიშვილმა.
კიდევ, “ჯვაროსნების” ვარჯიშზე კვიპროსზე მცხოვრები 10-12 ქართველი გულშემატკივარი ყოფილა. ამინდი კარგია - დღის განმავლობაში დაახლოებით 20 გრადუსი.
დღევანდელ ვარჯიშს რაც შეეხება, იყო “კვადრატები” და ტრადიციული “ორკარაც”, სავარაუდო შემადგენლობის დაწერას კი მოვერიდებით – გარკვეული მიზეზების გამო.
შეხსენებისთვის, ქეცბაიას 19 ფეხბურთელი სომხებთან მატჩისთვის:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (“ანჟი”, რუსეთი), გიორგი ლორია (“დინამო” თბილისი);
მცველები: ლაშა სალუქვაძე (“ვოლგა”, რუსეთი), გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), კახა კალაძე (“ჯენოა”, იტალია), ალეკო ამისულაშვილი (“კაისერისპორი”, თურქეთი), აკაკი ხუბუტია (“გაზ მეთანი”, რუმინეთი), ლევან კაკუბავა (“დინამო” თბილისი), ზურაბ ხიზანიშვილი (“რედინგი”, ინგლისი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (“დნიპრო”, უკრაინა), ჯანო ანანიძე (“სპარტაკი” მოსკოვი, რუსეთი), დავით კვირკველია (“პანიონიოსი”, საბერძნეთი), გოგიტა გოგუა (“ვოლგა”, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“ვოივოდინა”, სერბეთი), ლევან კობიაშვილი (“ჰერტა”, გერმანია);
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი (“კარლსრუე”, გერმანია), მათე ვაწაძე (“ვოლგა”, რუსეთი), დავით სირაძე (“სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი).
და ბოლოს, მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს I არხი გადასცემს.
მიმაგრებული სურათი