საკალათბურთო კლუბ “დინამოსა” და მისი ბაზის საკითხი ბურუსითაა მოცული
მართლაცდა ბურუსითაა მოცული დიღმის მასივში მდებარე საკალათბურთო კლუბ თბილისის “დინამოსა” და მისი საწვრთნელი ბაზის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” ახალმა მეპატრონემ, რომან ფიფიამ, უარი განაცხადა საკალათბურთო კლუბ “დინამოს” შეძენაზე, რომლის ბაზა, ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთ ქართულ ბანკშია დაგირავებული.
აღნიშნული ბაზის შეძენის სურვილს აცხადებს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, რომელსაც იგი ეროვნული ნაკრებისა და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების მოსამზადებლად სჭირდება.
როგორც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში “მსოფლიო სპორტს” განუცხადეს, კალათბურთის ფედერაციამ, ვეტერან კალათბურთელებთან ერთად, აღნიშნულ ბაზასთან დაკაშირებით, თხოვნით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამ საკითხზე რეაგირება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლადო ვარძელაშვილს დაავალა. ვარძელაშვილმა თავისთან დაიბარა წერილის ავტორები და ამ საქმეში დახმარებას დაჰპირდა.
რა თქმა უნდა, კარგია, თუ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს სავარჯიშო ბაზა ექნებათ, მაგრამ საკითხავია, რა ბედი ეწევა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის “დინამოს”?
შეიძლება ბევრმა ახალგაზრდამ არ იცოდეს, რომ “დინამოს” მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონთა თასი (1961-62). არის ჩემპიონთა თასისა (1959-60) და საპორტას, იგივე თასების მფლობელთა თასის ფინალისტი (1968-69). ოთხჯერ მოგებული აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ამდენჯერვეა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. ამჟამად კი, ეს გუნდი სულს ღაფავს და მიმდინარე, მე-20 ეროვნულ ჩემპიონატში, პრაქტიკულად, სიმბოლურად მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან “დინამო” ერთადერთია, რომლის კალათბურთელები უხელფასოდ, ენთუზიაზმზე თამაშობენ. “დინამოს” მთავარ მწვრთნელსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრ დავით თორთლაძეზე, რომლის დამსახურებითაც, “დინამო” ჯერ კიდევ არსებობს, მადლობის მეტი რა შეიძლება ითქვას?..
ჩვენი აზრით, უკეთესი იქნებოდა, ქართული კალათბურთის მამებმა და ბიზნესმენებმა “დინამოს” აღორძინებაზე იზრუნონ, თორემ მის ბაზას ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და ისევ დიღომში დარჩება...
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=17108&lang=1“დინამოს” მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონთა თასი (1961-62). არის ჩემპიონთა თასისა (1959-60) და საპორტას, იგივე თასების მფლობელთა თასის ფინალისტი (1968-69). ოთხჯერ მოგებული აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ამდენჯერვეა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.
2-გზის საქართველოს ჩემპიონობა მრავალგზისად ითვლება?