“დინამო” - “სპარტაკი”
განახლებული ჩემპიონატის პირველი მოულოდნელობა, ერთ-ერთი ფავორიტისა და ერთპიროვნული (ჯერჯერობით) აუტსაიდერის მატჩში დაფიქსირდა. ბადრი კვარაცხელიას გაწვრთნილი ცხინვალის “სპარტაკისთვის”, “დინამოსთან” ქულის მოპოვება პირველი შემთხვევა არაა, მაგრამ მაინც ნაკლებად თუ ვინმე ელოდა ლეგიონერებით “დამძიმებული” თბილისელებისაგან ასეთ უშინაარსო თამაშს.
იშვიათად, ვინმემ გაიხსენოს, კიდევ როდის უთამაშია თბილისის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ხუთ ლეგიონერს. ჰოდა, დავიმახსოვროთ - ასეთი პირველად 2011 წლის 13 თებერვალს მოხდა. სხვათა შორის, დინამოელთა საამმატჩო განაცხადში კიდევ ერთი კონტრაქტგაფორმებული უცხოელი, პეტარ იელიჩი ვერ მოხვდა. ბოსნიელი ფორვარდისა და ზურაბ არზიანის გადინამოელება ვერ მოესწრო. განაცხადმიღმა დარჩენილ გიორგი ლორიას და შოთა კაშიას რაც შეეხებათ, მათ მიკროტრავმის გამო გამოტოვეს ცხინვალელებთან ასპარეზობა.
მატჩი ისე დაიწყო, ძნელი იყო კაცს მასპინძელთაგან ქულების დაკარგვა გეწინასწარმეტყველა. თავდასხმაში გამწესებულ ტატანაშვილს, ბრაზილიელი რობერტინიო მარჯვნიდან, ბოსნიელი ჰაჯიბულიჩი და პორტუგალიელი ედნილსონი ცენტრიდან ეხმარებოდნენ. უქმად არც კოშკაძე იყო, ნიკა კვეკვესკრის “დინამოში” დებიუტს რაც შეეხება, იგი რომ მთლად წარმატებული არ იყო, პირველი ტაიმის დამთავრებისთანავე შეცვლით დადასტურდა.
კოშკაძის მიერ მე-7 წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი, შეტევაში ჩართულმა ირჟი ჰომოლამ გაგზავნა “სპარტაკის” კარში, მაგრამ გრიშიკაშვილმა იყოჩაღა და მოიგერია. ცოტა ხანში, ცხინვალელთა კიპერი კოშკაძის მიერ შორიდან დარტყმულს დაუხვდა ადგილზე. მოკლედ, “დინამომ” აქტიურად დაიწყო და მისგან უფრო მოსალოდნელი იყო გოლის გატანა, ვიდრე მეტოქის მხრიდან.
თბილისელები რომ მოსაგებად იბრძოლებდნენ, დღესავით ნათელი იყო, მაგრამ არც “სპარტაკი” რომ არ აპირებდა დაცვაში ყოფნას და ტიტულოვანი მეტოქისთვის თვალის დევნებას? განსაკუთრებული ხიფათი ყოფილი დინამოელის, ზვიად მეტრეველისაგან იყო მოსალოდნელი. ფორვარდმა დებიუტანტი ზარქუას კარისკენ პირველად მე-20 წუთზე დაარტყა, როცა მიხეილ ჯიშკარიანის ჩაწოდებულს თავი აჰკრა, და ბურთი მცირედით ააცილა კარის ჩარჩოს. აქდან ოთხიოდე წუთში, მეტრეველმა ისე ოსტატურად აუარა გვერდი ჯერ კაკუბავას, მერე თომაშვილს და კიპერს მისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში დაურტყა, თქვენი მოწონებული - 0:1.
“დინამო” საპასუხო გოლის გასატანად მოიმართა. კოშკაძემ გრიშიკაშვილის “სიფხიზლე” 28-ე წუთზეც შეამოწმა და ოპონენტმა ამჯერადაც იხსნა საკუთარი კარი აშკარა გოლისაგან. ცოტა ხანში მარჯვნიდან შეტევაში ჩართულმა კაკუბავამ მაღალი ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი “სპარტაკის” კარისაკენ. ქარმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და ხარიხას მოხვდა, მის მოსაგერიებლად ამხტარი გრიშიკაშვილი კი სახით ძელს მიენარცხა და გარკვეული დრო მის სამედიცინო მომსახურებას დასჭირდა.
ტაიმის ბოლომდე, მასპინძლების აქტიურობას საპასუხო გოლი მოჰყვა, მაგრამ მანამდეც იყო მომენტი, როცა “დინამოს” გათანაბრება შეეძლო. დაცვის შეუთანხმებელი ქმედებით, ხეირის ნახვა ჯერ კოშკაძეს მართებდა, მერე კი ტატანაშვილს, მაგრამ ბურთმა მინდორი თბილისელთათვის უსარგებლოდ დატოვა.
გოლს რაც შეეხება, იგი ჰაჯიბულიჩის მიერ რობერტინიოსთან გათამაშებული “კედლის” ნაყოფი იყო. ბრაზილიელისაგან უკან მიღებულ ბურთს ბოსნიელმა, საჯარიმოს რკალიდან დაჰკრა და გრიშიკაშვილის ნახტომი ამაო გამოდგა - 1:1.
მე-2 ტაიმში, ყველა რომ “დინამოს” გამუდმებულ შტურმს ელოდა, მოლოდინი არ გამართლდა. ის კი არადა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, თვით თბილისელთა თავკაცმა დაძაბა მეხსიერება და რაღაც ვერ ვიხსენებ ჩვენს საგოლე შეტევასო. აი, ცხინვალელებს კი, ჰქონდათ ასეთი და მეტრეველს რომ ბოლომდე ეყოჩაღა, მატჩის გმირობა არ ასცდებოდა.
73-ე წუთზე, ექსდინამოელი მარჯვენა ფლანგიდან შევიდა მეტოქის საჯარიმოში, სადაც ჯერ მაროვიჩს გასცდა იოლად, მერე ჰომოლას (ეს მცველი, მგონი, ზედმეტ 5-8 კილოს უნდა “უჩიოდეს”) და ზარქუასთან პირისპირ დარჩენილმა შორეული ძელის ძირს მოარტყა ბურთი. ეს იყო მატჩის მე-2 ნახევარში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი და მასში რომ მასპინძლებს არ გამართლებოდათ, ტურის სენსაციაც “გამოცხვებოდა”. თუმცა, ისედაც რით არაა ჩემპიონობისთვის მებრძოლი და დიდი ბიუჯეტის მქონე გუნდის, აუტსაიდერ და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ გუნდთან ნათამაშები ფრე სენსაცია? სწორედაც რომ არის!
მატჩის შემდეგ
ბადრი კვარაცხელია (“სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენთვის “დინამოსთან” ფრეც წარმატებული შედეგია, თუმცა მეტრეველს კიდევ ერთი რეალური მომენტი რომ გამოეყენებინა, მოგებაც შეგვეძლო”.
კახა კაჭარავა (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია, რომლებსაც შეთამაშებისთვის დრო სჭირდებათ. ასე რომ, დიდად არ ვნერვიულობ - ცოტა დროც და “დინამო” მთელი ძალით ათამაშდება”.
“დინამო” (თბილისი) - “სპარტაკი” (ცხინვალი) 1:1 (1:1)
13 თებერვალი, თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. 300 მაყურებელი.
“დინამო”: ზარქუა, კაკუბავა, თომაშვილი, ჰომოლა, მაროვიჩი, რობერტინიო, ჰაჯიბულიჩი, ედნილსონი (სიხარულიძე, 85), კოშკაძე, კვეკვესკირი (კახელიშვილი, 46), ტატანაშვილი.
“სპარტაკი”: გრიშიკაშვილი, ჭაფოძე, სეფიაშვილი, ტეტუნაშვილი, ბოიომო, მიხეილ ჯიშკარიანი (მიხეილ ბარაბაძე, 84), მგელაძე, კაკაშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, კლოვისი, მეტრეველი.
გაფრთხილებები: სეფიაშვილი (22), კაკაშვილი (45), მეტრეველი (72), ჰაჯიბულიჩი (90+2).
გოლები: 0:1 მეტრეველი (24), 1:1 ჰაჯიბულიჩი (44).








კიდე გვიკბინეთ კიდე : )