"კოლხეთი"-"დინამო"
ამ ბოლო დროს ორივე გუნდს არასახარბიელო დროება უდგას: ზედიზედ სამმა მარცხმა "კოლხეთი" მეტისმეტად სახიფათო "ზონაში" ჩააყენა: სეზონის დაწყებიდან პირველად მოხდა, ფოთელთა გუნდი ბოლოსწინა ადგილზე რომ იმყოფება. თანაც, ბესიკ შეროზიას გუნდმა ბოლო სამი მატჩი ისე წააგო, მეტოქის კარში ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა; მაგრამ, "კოლხეთის" ქომაგებს, ალბათ, ის ფაქტი უფრო გააღიზიანებდათ, რომ ფოთელთა სამივე მეტოქეთაგან არც ერთი მიეკუთვნებოდა ჩემპიონატის ფავორიტებს.
სამაგიეროდ, ხვალიდან მოყოლებული თერთმეტი დღის განმავლობაში "კოლხეთს" სამი ურთულესი მატჩი ელოდება: ჯერ "დინამოს" უნდა უმასპინძლოს, მერე -"ზესტაფონს" ეწვევა და შემდეგ საკუთარ მოედანზე ქვეყნის ჩემპიონს "ოლიმპს" შეხვდება. ჰოდა, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი განწყობა იქნება მასპინძელთა გუნდში - მოგეხსენებათ, თუ როგორ უარყოფითად მოქმედებს წარუმატებელი სერია ფეხბურთელებზე.
არადა, სეზონი "კოლხეთმა" მართლაც ჩინებულად დაიწყო და აგვისტოს შემდეგ სულაც ერთადერთი გუნდი იყო, არც ერთი მატჩი რომ არ ჰქონდა წაგებული და საკუთარ კარშიც არც ერთი გოლი არ ჰქონდა მიღებული. ჩემპიონატში პირველი მარცხი კი "კოლხეთმა" ხვალინდელ მეტოქესთან იწვნია: ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ფოთს თბილისის "დინამო" ესტუმრა და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა (3:1). ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო "დინამოს" მოგება მეორე წრის შეხვედრაში: 27 ოქტომბერს კახა კაჭარავას გუნდმა "კოლხეთის" კარში ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა! თუმცა, იმ დროისათვის ფოთელთა გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ძირითად შემადგენლობაშიც, ფაქტობრივად, დუბლების ფეხბურთელები ასპარეზობდნენ.
თუმცა, გარკვეული პერიოდის მერე "დინამოსაც" სერიოზული პრობლემები შეექმნა, ოღონდ, ფინანსები აქ არაფერ შუაშია: ზუსტ "რეცეპტს" ვერავინ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე ეტაპის სტარტზე ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ასპარეზობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. ნაყოფიერი ქართულ-უცხოური შეკრება, ათეულობით უცხოელი თუ ქართველი ახალწვეული, ახალი მეპატრონე, კლუბსა თუ გუნდის ხელმძღვანელობაში მომხდარი სერიოზული საკადრო ცვლილებები, - მოკლედ, ყველა წინაპირობა არსებობდა იმისათვის, "დინამო" მეორე ეტაპის დასაწყისიდანვე რომ ჩართულიყო "საჩემპიონო რბოლაში"; მაგრამ, მართლაც მოულოდნელზე-მოულოდნელი რამ მოხდა: ჩემპიონობის ერთ-ერთმა ფავორტმა გუნდმა სამ შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 2(!) ქულის მოგროვება მოახერხა!
ამასობაში კი, კონკურენტები წინ გაიჭრენ და ამიერიდან "დინამოს" მართლაც ურთულესი ამოცანის გადაჭრა მოუწევს: სეზონის ბოლომდე სადმე ქულების დაკარგვის უფლებაც აღარა აქვს და პლუს, იმის იმედზეც უნდა იყოს, "ზესტაფონსა" და "ოლიმპს" გარკვეული ჩავარდნა დაეწყოს.
მოკლედ, ხვალინდელ მატჩს სატურნიროს გარდა, არანაკლები ფსიქოლოგიური დატვირთვაც გააჩნია: სტუმრები ყველა ღონეს იხმარენ, მეორე ეტაპზე პირველი გამარჯვება რომ მოიპოვონ, მასპინძლები კი სახელოვან მეტოქესთან მაქსიმალური მოტივაციით რომ გამოვლენ, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ამ წყვილში ფავორიტად უცხოური საბუქმეიქერო კანტორები "დინამოს" მიიჩნევენ და, ალბათ, მართლებიც არიან - სტუმართა გუნდის ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეთამაშება კი აკლიათ, მაგრამ სათამაშო კლასით მასპინძლებს აღემატებიან.
ხვალინდელ მატჩში ორივე გუნდი თითო-თითო დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს მოისაკლისებს: მასპინძლებს ომარ გოგონაია (წინა ტურში "ტორპედოსთან" წაგებულ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული რომ იყო "კოლხეთის" შემადგენლობაში) არ ეყოლებათ, "დინამოს" კი პორტუგალიელი ლეგიონერი ედნილსონი არ ეყოლება. ისე, რახან ლეგიონერი ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ალბათ, უკვე დროა, "დინამოს" უამრავმა უცხოელმა ახალწვეულმა მათზე გაცემული ავანსები გაამართლოს. და არა მხოლოდ უცხოელებმა - "დინამოსთვის" ფასეული შენაძენიაო, ჯერჯერობით ხომ ვერც ერთ ახალწვეულზე ვერ ვიტყვით.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...hulic-mova.html06.03, 15:00. ფოთი, “ფაზისი”.
“კოლხეთი” (ფოთი) - “დინამო” (თბილისი) (I - 1:3, II - 0:5)
დისკვალიფიცირებულები: ომარ გოგონაია (”კოლხეთი”), ედნილსონი (”დინამო”).
მსაჯები: გ. ვადაჭკორია; ბ. ჭიჭინაძე, ლ. თოდრია; ჯ. ხორავა.
ძველი და პრინციპული მეტოქეების პაექრობის შედეგს, სტუმართა თავკაცის უახლოესი მომავლის გადაწყვეტა შეუძლია. ეჭვგარეშეა, ფოთიდან ქულების გარეშე დაბრუნებული ”დინამოს” მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას პოზიციები სერიოზულად შეირყევა. თბილისელებმა ახალი წლის შემდეგ ვერცერთი ოფიციალური მატჩი ვერ მოიგეს (2 ფრე, 1 მარცხი) და თუ გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთანაც წაიფორხილეს, გამორიცხული არაა, ახალმა მეპატრონემ და თანმოყოლილმა სახელმწიფო მენეჯმენტის წარმომადგენელმა, ძველი ტრადიციების დაბრუნება ახალი სამწვრთნელო შტაბით გადაწყვიტოს, რისთვისაც სეზონის ბოლომდე მოცდა სულაც არ მიიჩნიოს საჭიროდ.
დალხენილი დროება არც ფოთელებს უდგათ. ზედიზედ 3-ჯერ ”მშრალზე” წაგებული მატჩის შემდეგ, ბესო შეროზიას გაწვრთნილები ცხრილში ბოლოსწინა საფეხურამდე დაეშვნენ. ამდენად, მოტივაცია მასპინძლებსაც არანაკლები აქვთ, თუმცა საკმარისი იქნება თუ არა უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ”კოლხეთისთვის” საკუთარი მოედნისა და კედლების ფაქტორი, კვირას გამოჩნდება.
მეტოქეთა საჩემპიონატო ურთიერთშეხვედრები სათავეს 1990 წლის 30 მარტიდან იღებს. სულ, გუნდებმა ერთმანეთში 43 მატჩი გამართეს, რომელთაგან ”დინამომ” 29-ში იმარჯვა, ”კოლხეთმა” - 6-ში. თბილისელებს ბურთების სხვაობაშიც საგრძნობი უპირატესობა აქვთ - 96:30.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=17357&lang=1