"ტორპედო" თასის გათამაშებასაც მოგებით იწყებს
თარიღი: 18.08.2015
"ტორპედომ" დავით ყიფიანის საქართველოს თასის გათამაშების პირველი 1/16 მატჩი სტუმრად ხარაგაულის "ჩხერიმელასთან" გამართა და მინიმალური ანგარიშით 2-1 დაამარცხა მეტოქე. ზედიზედ მეორე წელია პირველი ლიგის ბინადარი "ჩხერიმელა", ჩვენი გუნდის მეტოქეა სათასო დაპირისპირებაში .
გიორგი დარასელიამ თასის პირველ მატჩში ეროვნული ჩემპიონატისგან განსხვავებული თერთმეტეული დააყენა. მეკარე თევდორაძესთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ:ქიმაძე, ნერგაძე, ბაბუნაშვილი, კუხიანიძე, შინდაგორიძე და კაპანაძე.
მატჩის დაწყებამდე ხარაგაულში საფეხბურთო სეზონი ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. გუნდის კაპიტნებმა გურამ ადამაძემ და თორნიკე კიკნაძემ ეროვნული დროშა აღმართეს სტადიონზე.
გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად შეხვედრა აქტიურად დაიწყო ორივე გუნდმა. პირველი სახიფათო მომენტი ჩხერიმელას კართან მერვე წუთზე შეიქმნა. მეკარესთან პირისპირ გასულმა შინდაგორიძემ ვერ დაარტყა ზუსტად. საპასუხოდ ხარაგაულელთა ლეგიონერები ჩუკურა და კოუაკო აქტიურობდნენ ტორპედოს საჯარიმოში, თუმცა მათი აქტიურობის მიუხედავად მეკარე თევდორაძე არცერთხელ არ ჩართულა თამაშში.
მატჩის 15 წუთზე ბაბუნაშვილმა შორეული ზუსტი დარტყმით "ტორპედო" დააწინაურა. გატანილი გოლის შემდეგ ქუთათურები კვლავ უტევდნენ , მაგრამ ანგარიშის გაზრდა მხოლოდ ტაიმის მიწურულს მოახერხეს. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი თორნიკე კაპანაძემ გადაგზავნა ხარაგაულელთა კარში (0-2).
მეორე ტაიმის დასაწყისშივე ტორპედო სრულ უპირატესობას დაეუფლა. ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის საშუალება ჰქონდათ შინდაგორიძეს, კირკიტაძეს და კვერნაძეს.
მატჩის 82-ე წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში ერთ-ერთ ტორპედოელს ბურთი ხელზე მოხვდა და თერმეტმეტრიანი დაინიშნა , რომელიც გოლად ილია ვეკუამ აქცია (1-2).
გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ. ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს ჯერ დადერი, შემდეგ კი აშვეთია იყო, მაგრამ მეკარე თევდორაძე ზუსტად მოქმედებდა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და ტორპედოელთა გამარჯვებით დასრულდა.
თასის განმეორებითი მატჩი 26 აგვისტოს რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
მატჩის ფოტოგალერეა იხილეთ - ამ ბმულზე This post has been edited by ჩხერიმელა on 21 Aug 2015, 21:18