თებერვლის ბოლომდე ჩასატარებელ სამივე ტურში თითო-თითო მართლაც განსაკუთრებული შეხვედრა გველოდება, _ ჩემპიონატის სამივე ფავორიტი თავის სიძლიერეს ერთმანეთთან დაპირისპირებაში გაარკვევს. ერთ-ერთი ასეთი `ბომბა-მატჩი~ დღეს ჩატარდება: წინა ტურში ქულადაკარგული `დინამო~... კარგად დასვენებულ `ზესტაფონს~ უმასპინძლებს. XXII ჩემპიონატის ფავორიტების პაექრობა რომ უდიდეს ინტერესს იწვევს, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება: დღევანდელი მეტოქეების ბოლო წლების თითქმის ყველა დაპირისპირება ხომ უაღრესად პრინციპულ ხასიათს ატარებს. თუმცა, სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, აღმოჩნდება, რომ `დინამოს~ საგრძნობი უპირატესობა აქვს `ზესტაფონთან~ შეხვედრებში: 11 მოგება, 3 ფრე და 5 წაგება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზედიზედ 5 მატჩია, `ზესტაფონი~ ქულის აღებასაც ვერ ახერხებს _ უკანასკნელი ხუთივე დაპირისპირება `დინამოს~ გამარჯვებით დასრულდა! არანაკლებ შთამბეჭდავი მაჩვენებლით შეუძლია თავი მოიწონოს ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამაც: ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით `დინამომ~ ექვსი მატჩი მოუგო `ზესტაფონს~ და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დამარცხდა!
სტატისტიკა `იქით~ იყოს და დღევანდელი პაექრობა სატურნირო თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია: `ზესტაფონი~ ქულით უსწრებს `დინამოს~, თანაც, იმერულ გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. აქვე, არც ის უმნიშვნელო ფაქტორი დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი მეტოქეები ამის შემდეგ `რიგ-რიგობით~ უნდა დაუპირისპირდნენ ჩემპიონობის კიდევ ერთ რეალურ ფავორიტს `ოლიმპს~.
... ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში `დინამოში~ მიმდინარე პროცესები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა: პირველი ეტაპი ახალი დასრულებული იყო, ჯერ კლუბში, მერე კი გუნდში სერიოზული საკადრო ცვლილებები რომ მოხდა. თუმცა, ისიც ცხადი იყო, რომ `დინამოს~ უამრავ ახალწვეულს ერთმანეთთან შესათამაშებლად გარკვეული დრო დასჭირდებოდათ და ყოველივე ეს მეორე ეტაპის საწყისმა ტურმაც დაადასტურა. ყოველ შემთხვევაში, `დინამო~ რომ ცხრილის ბოლო საფეხურზე მყოფ `სპარტაკს~ ვერ დაამარცხებდა, ამას ბევრი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. იმ შეხვედრაში `დინამოს~ შემადგენლობაში ერთდრულად ექვსმა ახალწვეულმა ითამაშა _ ჰომოლამ, მაროვიჩმა, ჰაჯიბულიჩმა, ტატანაშვილმა, ზარქუამ და კვეკვესკირმა. დიდია იმის ალბათობა, რომ დღეს მასპინძელთა შორის კიდევ ორი დებიუტანტი ვიხილოთ: პეტარ ელიჩი და ზურაბ არზიანი და ამ ორი ახალწვეულის გამოჩენამ `დინამოს~ შემტევი პოტენციალი უნდა გააძლიეროს. არანაკლებ ინტერესს იწვევს მეორე ეტაპზე `ზესტაფონის~ სასტარტო შეხვედრაც; უფრო ზუსტად, იმერული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვის ვიხილავთ, აი რა გახლავთ პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირების კიდევ ერთი ინტრიგა. ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, გუნდის ორი წამყვანი ფეხბურთელისა (ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი ხიდეშელი) და `ზესტაფონის~ სამომავლო ურთიერთობასც ვგულისხმობთ და იმასაც, რომ სტუმართა გუნდში, შესაძლოა, ახალწვეული გიორგი ფოფხაძე გამოჩნდეს. შეგახსენებთ, რომ ამ სატრანსფერო პერიოდში ფოფხაძის ... `დინამოში~ ჩარიცხვა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავი იყო; მაგრამ არცთუ ურიგო მონაცემების მქონე მარცხენა მცველმა ცოტა არ იყოს, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კარიერის გაგრძელება რუსულ პრემიერლიგაში გადაწყვიტა. თუმცა, მოვლენები შემდგომ სხვაგვარად განვითარდა და `კრილია სოვეტოვში~ დაწუნებული ფოფხაძე ამიერიდან გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით იასპარეზებს.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...ufro-daria.html