მეგრელაძე შედეგიანად დაბრუნდა
27.02.2011 23:46
რიონისპირელთა დერბის ჩატარება, ძლიერად მქროლავი ქარის გამო, საეჭვო იყო, მაგრამ დღეს, ქუთაისში ამინდი შედარებით დაწყნარდა და მატჩიც შედგა. ქარის შედეგი კი, სტადიონზე ნათლად ჩანდა. ახლადგადახურული არენის სახურავის დიდი ნაწილი ავარდნილი გახლდათ, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მაყურებლებს. სწორედ ამიტომ, დასავლეთ ტრიბუნის ძირითად ნაწილში ქომაგებს გასაგები მიზეზების გამო არ უშვებდნენ...
ტრადიციულად, უხერხულ მეტოქესთან დუელი მასპინძელთათვის ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ. ქუთათურებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ წინა ტურში ზუგდიდში განცდილი მარცხი შემთხვევითობა იყო. მე-3 წრისთვის საკმაოდ მოძლიერებული "ტორპედოსაგან" ყველა მაღალ შედეგს ელის, თუმცა, ასე ქულების დაკარგვა, ბუნებრივია, მათ გეგმებში არ შედის.
შეხვედრა მეტოქეებმა საშუალო ტემპში დაიწყეს. პირველმა ნახევარმა უფერულად ჩაიარა. მოწინააღმდეგესთან შედარებით, ინერტულები ჩანდნენ მასპინძლები. ტორპედოელებს ფავორიტის სტატუსი კი ჰქონდათ, მაგრამ თამაშის ხარისხის მიხედვით, ეს ნაღდად არ ჩანდა. პირიქით, ამ პერიოდში უფრო მიზანმიმართული და აქტიური ფოთელები იყვნენ, რომელთაც დებიუტშივე შეეძლოთ დაწინაურება, მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ. პირველივე წუთზე, ინწკირველის ჩაწოდების შემდეგ, გოგონაიამ დაარტყა თავური, თუმცა, მისი ეს მცდელობა მიგინეიშვილმა გაანეიტრალა. ცოტა ხანში, ისევ გოგონაია დაემუქრა მასპინძელთა კარს, მაგრამ თავური ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა. მე-7 წუთზე, სიჭინავას ჩაწოდებულ კუთხურზე კვლავ ომარი აქტიურობდა, მაგრამ გოლი არც ამჯერად გავიდა. მე-17 წუთზე, თავის გამოჩენის შანსი კვერენჩხილაძეს მიეცა, მაგრამ გიგამ პირველად რომ მოუქნია, ბურთს ფეხი ააცილა, ხოლო მეორედ დარტყმა აღარ გამოუვიდა, არადა, ხელსაყრელი პოზიცია კი ჰქონდა. ორიოდ წუთში, კიდევ ჰქონდათ ზღვისპირელებს დაწინაურების შანსი, მაგრამ ისინი გადამწყვეტ ფაზაში ამჯერადაც არაზუსტნი გამოდგნენ.
ასეთი დებიუტის ფონზე, ერთგვარად ალოგიკური ჩანდა ქუთაისელების მიერ გატანილი გოლი. გია მეგრელაძემ თავისივე წაქცევისათვის დანიშნული ჯარიმა გოლად გარდასახა და "ტორპედოს" მაისურით, რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ გოლი გაიტანა. გამოცდილ ფორვარდს დარტყმა დიდოსტატური გამოუვიდა. დაახლოებით 22 მეტრიდან, გიამ მოჭრილი დარტყმით ძაგანიას შანსი არ
დაუტოვა - 1:0. გოლმა ტაიმის ბოლომდე ორივე გუნდის თამაშზე აშკარად უარყოფითად ითამაშა. ისე მოხდა, რომ გუნდები საოცრად მოდუნდნენ და საინტერესოც არაფერი მომხდარა.
მე-2 ტაიმის განახლებისთანავე, ფოთელთა შემტევმა მდივნიშვილმა სუსტად დაარტყა ბურთი, რომლის აღება ქუთაისელთა კიპერს არ გასჭირვებია. პირველი ნახევრისაგან განსხვავებით, მასპინძლები უფრო გამოცოცხლებულნი ჩანდნენ და უფრო აქტიურად ამოქმედნენ, თუმცა, საგოლე მომენტების შექმნის მხრივ, მაინცდამაინც დიდად თავი არ გამოუჩენიათ. 68-ე წუთზე კი, კოლხებმა სახიფათო საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს, მაგრამ სიჭინავას დარტყმული ცოცხალ კედელს მოხვდა.
რამდენიმე წუთში, ქუთათურები არბიტრისაგან პენალტს ითხოვდნენ და საამისო საფუძველიც ჰქონდათ. დიღმელაშვილის მიერ საჯარიმოს გარედან ძლიერად დარტყმული ბურთი საჯარიმოში მყოფ ცხვიტარიას მოხვდა, რომელმაც თითქოს ბურთი დაიჭირა. კრიჭაშვილმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, რამაც "ტორპედოს" ქომაგთა გულისწყრომა გამოიწვია. 79-ე წუთზე, უხეში შეცდომა დაუშვა ფოთელთა კარის დარაჯმა, რომელმაც თანაგუნდელის ნაცვლად, ბურთი ბაკურაძეს დაუგორა. ქუთაისელთა ახალწვეულმა ბურთი შეუჩერებლივ გაგზავნა მეტოქის კარისკენ, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოუვიდა და ძაგანიამაც თავისი შეცდომა გამოასწორა. დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და "ტორპედომ" წლეულს პირველი გამარჯვება მოიპოვა.
"ტორპედო"- "კოლხეთი" 1:0 (1:0)
27 თებერვალი. ქუთაისი. "ცენტრალური". 1500 მაყურებელი
"ტორპედო": მიგინეიშვილი, მაჭავარიანი, სევასტი თოდუა, დიღმელაშვილი, მეგრელაძე, ქებაძე (მერაბ გიგაური, 56), გიორგი დათუნაიშვილი, გოცირიძე (საბანაძე, 70), გურული, გრიგოლ დოლიძე (ბაკურაძე, 61), სეთურიძე.
მწვრთნელი: გია გიგატაძე
"კოლხეთი": ძაგანია, მახვილაძე, ცხვიტარია, ინწკირველი, მეგრელიშვილი, გვალია,
სიჭინავა (გულუა, 75), კვერენჩხილაძე, მდივნიშვილი (მოისწრაფიშვილი, 75), გავაშელიშვილი, გოგონაია (გელაჭეიშვილი, 87).
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გოლი: 1:0 მეგრელაძე (23)
გაფრთხილება: დათუნაიშვილი (68), გოგნაია (83)
არბიტრი: ალექსანდრე კრიჭაშვილი (თბილისი)
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან
http://worldsport.ge/Read.aspx?news=17117&lang=1კაი რა რაებს წერთ 1500 ზზე მეტი არ იყო
მიმაგრებული სურათი