http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=17...s=show#commentsეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატის XXIII ტურში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. ჩემპიონობის უმთავრესმა პრეტენდენტმა “ზესტაფონმა”, სტუმრად მყოფ “ბაიას” ისე მოუგო, სატურნირო ცხრილში ერთბაშად ორი 50-ანი გაიჩინა (მატჩში კიდევ ერთი 50-ანი ნიკა გელაშვილმა შეასრულა. "ზესტაფონის" ფორვარდმა, ამ გუნდის მაისურით ჩემპიონატში ჩატარებულ მატჩებში 50-ე გოლი გაიტანა). ასევე ყურადსაღები სტატისტიკა აქვს ამ ტურში წარმატებულ მეორე იმერულ გუნდს. “ტორპედომ” ჩემპიონატში მეშვიდედ მოიგო და ეს 1:0-ის მე-6 შემთხვევაა. სამტრედიელებს რაც შეეხებათ, ისინი ცდას არ აკლებენ და მონდომებას, მაგრამ როგორც ჩანს, რაც უფრო მოახლოვდება ჩემპიონატის ფინიში, ლევან ანჯაფარიძის შეგირდებს გამძლეობის პრობლემა მეტად შეაწუხებთ.
“ზესტაფონი” - “ბაია”
ოქმიდანაც ჩანს, რომ ზესტაფონელ მაყურებელს ბევრი არ უნერვიულია, ვიდრე მასპინძლები ანგარიშში დაწინაურდებოდნენ. გრიგალაშვილის გოლს, ათიოდე წუთში ზუგდიდელთა ერთობ კურიოზული გოლი (გიორგი ონიანმა ბურთის მოგერიებისას ფეხგამოშვერილ ქობალიას მოარტყა და ანგარიშიც გათანაბრდა) მოჰყვა, მაგრამ ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგოლემ და მოთამაშემ, ნიკა გელაშვილმა თავურით ისევ დააწინაურა მისიანები - 2:1.
ტაიმის ბოლომდე, ჯაბა დვალმა სეზონის მე-3 დუბლი (სულ ზესტაფონელებს მიმდინარე სეზონში 10 დუბლი და 2 ჰეთ თრიქი აქვთ შესრულებული) მიითვალა და “ზესტაფონის” საბოლოო წარმატებაში ეჭვი აღარავის შეჰპარვია. მეტიც, მეორე ტაიმში, როცა სტუმარ-მასპინძელმა კარები მოაღო, ტრიბუნებზე მისულთ მოსაწყენი დრო ნამდვილად არ ჰქონიათ. გიორგი სომხიშვილმა 2 გოლი კი გაუშვა, მაგრამ მისი თავგანწირვა და გამოცდილება რომ არა, ანგარიში ორივე გუნდისთვის რეკორდული იქნებოდა (“ზესტაფონისთვის” ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული მატჩი 7:0 დასრულდა (“კახეთთან” და “სამტრედიასთან”), ხოლო “ბაიას” 2009 წელს თბილისის “დინამოსთან” აქვს 0:6 წაგებული).
მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი (“ბაიას” მთავარი მწვრთნელი): “როგორც ჩანს ჰაერში ვიყავით და “ზესტაფონმა” მიწაზე დაგვიშვა. “ბაიას” ასეთი უნიათო თამაში არ მახსოვს. მეტოქე ჩვენზე ძლიერი რომაა, აშკარაა - მეტიც, “ზესტაფონი” დღეს საქართველოს საუკეთესო გუნდია”.
გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “ყველას გარჯით კმაყოფილი ვარ, თუმცა, ვთვლი, რომ ანგარიში კიდევ უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. საკმაოდ კურიოზული გოლი გავუშვით, მაგრამ მეტოქეს არ მინდა ის 3-4 მომენტი დავუკარგო, რომლებიც ჩვენს კართან შეიქმნა. ეს ყველაფერი პირველ ტაიმში, მეორეში კი, თამაში უფრო მეტად გაიხსნა და ის მომენტები, რაც ჩვენმა გუნდმა შექმნა, ღია თამაშის დამსახურება უფრო იყო”.