საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ხორვატი გორან გრუიცას გამოყენებას მხოლოდ 15 000 ლარის გადახდაზე დათანხმების შემდეგ შეძლებს
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ხორვატი გორან გრუიცას გამოყენებას მხოლოდ 15 000 ლარის გადახდაზე დათანხმების შემდეგ შეძლებს.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთდა. პრესკონფერენციაზე ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა რევაზ შენგელიამ და გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ განმარტეს ფედერაციის აღმასკომისა და პროფესიული ფეხბურთის ლიგის დებულებები, რომლებიც უმაღლესი ლიგის კლუბებში უცხოელი ფეხბურთელების დარეგისტრირებას ეხება.
რევაზ შენგელიას განცხადებით, იმისთვის, რომ უცხოელი ფეხბურთელი უმაღლესი ლიგის კლუბში დარეგისტრირდეს, კლუბმა დაწესებული თანხა - 15 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, ეს დადგენილება თანაბრად ეხება ყველა კლუბს და მათ შორის ვერც ზესტაფონის "ზესტაფონი" იქნება გამონაკლისი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას ხორვატი ლეგიონერის გორან გრუიცას დარეგისტრირების საკითხში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
მისივე განმარტებით, ფეხბურთის ფედერაცია კლუბისგან 15 ათასი ლარის სასწრაფოდ გადახდას ამ ეტაპზე არ ითხოვს. ფედერაციის მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ "ზესტაფონმა" თანხის გადახდის ვალდებულება აიღოს და ფედერაციას წერილობით აცნობოს, რომ თანხას 15 მაისამდე დაფარავს. შენგელიას განცხადებით, მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში ხორვატ გორან გრუიცას თამაშის შესაძლებლობა მიეცემა.
ზესტაფონური კლუბი 15 ათასი ლარის გადახდას არ აპირებს და ფედერაციას უცხოელი ფეხბურთელის დარეგისტრირებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. გაზეთ "ლელო"-ში გამოქვეყნებული მასალის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობა ფედერაციას ძველ ვალებს ედავება. ფედერაციაში კი აცხადებენ რომ ვალები ჯერჯერობით სადავოა და იმ შემთხვევაში თუ დავა "ზესტაფონის" სასარგებლოდ გადაწყდება, კლუბს თანხები დაუბრუნდება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-shedzlebs.html