http://worldsport.ge/Read.aspx?news=19081&lang=1თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია, კლუბის გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე დღეს ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში “დინამოს” ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდნენ.
რომან ფიფია: “ჩვენი შეხვედრა ტრადიციული გახდა, მოკლე პერიოდში უკვე მეორედ ვხვდებით ვეტერანებს. მინდოდა, თქვენთვის წარმომედგინა ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი, გიორგი ნემსაძეს კი, ყველა იცნობთ. გვინდოდა, მოკლედ აგვეხსნა ჩვენი პირველი შეხვედრისას რა მოხდა, მაშინ ბევრს ვერაფერს გეტყოდით, რადგან “დინამოს” გადაფორმების პროცესი დასრულებული არ იყო. დღეს ეს პროცესი დამთავრებულია და ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ბაზის მშენებლობა. სავარაუდოდ, ორთვენახევარში ვიქნებით იმის მომსწრე, თუ რა ხდება იქ. ბოლო 40 წლის განმავლობაში არ ყოფილა ბაზაზე ისეთი მშენებლობა, როგორიც ახლა მიმდინარეობს. თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს ყველაფერში, რაც ხდება “დინამოს” ირგვლივ, ვგრძნობ კიდეც ამ მხარდაჭერას. “დინამოში” რომ მივდიოდი, ზოგიერთმა მითხრა, დაინახავ რა დღეში ჩავარდებიო, თუმცა ეს ასე არ ყოფილა და მადლობა, რომ არ მაკრიტიკებენ. თუ რამეს შეგვისწორებთ და მიგვითითებთ, კარგი იქნება. ფეხბურთი იმისთვისაა, რომ ყველამ გავიხაროთ. ყველას შემიძლია მოვუსმინო და ვესაუბრო, მაგრამ მთავარი მწვრთნელის საქმეში არ ჩავერევი. მე შევხვდი რამდენიმე ვეტერანს და გვქონდა საუბარი, მაგრამ მათ ვუთხარი, რომ ჩემი კომპეტენცია მწვრთნელის საქმეებში ჩარევა არაა. გასაგებია, რომ მწვრთნელს საკუთარი პასუხისმგებლობა ეკისრება და მან შეიძლება ყოველწუთს დატოვოს თავის თანამდებობა, მაგრამ მის საქმეში ჩარევას არ ვაპირებ.”
ზურაბ პოლოლიკაშვილი: “ჩვენს შორის ბარიერი არ იქნება, ჩვენი კლუბის კარი სულ ღია იქნება. ვეტერანებს აღვიქვამთ, როგორც “დინამოს” დიდ მეგობრებს. ჩვენი ურთიერთობა უშუალო და ხშირი უნდა იყოს, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთაც შეგიძლიათ “დინამოსთვის” დახმარების გაწევა. მიჭირს ამ დარბაზში ფეხბურთზე საუბარი, ვინაიდან ალბათ, ბატონ რომანთან ერთად, ის კაცი ვარ, ვისაც ფეხბურთი არ უთამაშია. მინდა, რომ ასეთი შეხვედრები თვეში ერთხელ მაინც ჩავატაროთ. აქამდე, რამდენიმე ვეტერანს შევხვდი და მათ კარგი იდეები აქვთ, ასევე ჟურნალისტებსაც აქვთ საინტერესო ხედვა. გვინდა, რომ ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე. ჩემთვის პირველი მატჩია სპორტული დირექტორის რანგში, რომელსაც ეროვნულ სტადიონზე ვატარებთ და ეს ღირსშესანიშნავი მოვლენაა. ბაზის რეკონსტრუქციას აგვისტოში დავასრულებთ. ვიწყებთ ბავშვთა აკადემიის ჩამოყალიბებას, გვსურს, რომ საერთაშორისო დონის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა შევქმნათ, სადაც ქართველი ბავშვები აღიზრდებიან და მიაღწევენ შედეგს. ყველაფერს სჭირდება სწორი მიდგომა და სწორედ აქაა საჭირო თქვენი ჩართულობა, თითოეულ თქვენგანს ჰქონია შეხება მსგავს რამესთან და ამიტომ, როცა გაგეხარდებათ, მაშინ მობრძანდით და გვქონდეს უშუალო კონტაქტი. მესმის, რომ თამაშის ხარისხი ისეთი არაა, მაგრამ თამაშებზე დასწრება მნიშვნელოვანია. როცა დრო გექნებათ, მობრძანდით თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად”.
გიორგი ნემსაძე: “ჩვენი მიზანია, დავუბრუნოთ “დინამოს” ის იმიჯი, რაც ადრე ჰქონდა, კლუბს სწორი გზა აქვს არჩეული და ახალი სეზონიდან ახალი ცხოვრება დაიწყება. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, ისე როგორც ერთმა დიდმა ოჯახმა და ვეტერანებთან ისეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როგორც ბაბუას შვილიშვილთან. თავის დროზე, “დინამოში” ჩემი პირველი მოსვლის დღიდან, სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებს შორის ყოველთვის იყო დაჯგუფებები. ჩვენი სურვილია, გავერთიანდეთ და დაჯგუფებებს ბოლო მოეღოს”.
ვეტერანი ფეხბურთელების გარდა, დარბაზში ჟურნალისტებიც იყვნენ შეკრებილნი. ჟურნალისტების სახელით ისაუბრა ჯამლეტ ხუხაშვილმა, შემდეგ ტრიბუნასთან მივიდა რევაზ ძოძუაშვილი, რომლის გამოსვლაც ტრადიციულად ემოციური იყო და ბოლოს, მურთაზ ხურცილავამ მადლობა გადაუხადა კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი თბილი შეხვედრისთვის.
აქამდე, მსგავსი პრეცედენტი, რომ “დინამოს” ხელმძღვანელობა ვეტერან ფეხბურთელებს შეხვედროდა, არ ყოფილა.
დასასრულს, ფიფია ვეტერანებს შეჰპირდა, რომ სანამ ის “დინამოში” იქნება, მათთან უფრო თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდება, ვიდრე აქამდე იყო
მიმაგრებული სურათი