http://worldsport.ge/Read.aspx?news=19211&...s=show#comments`

ვახტანგ ფანცხავამ, საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოსთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მის რიგებში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
21 წლის ფეხბურთელი, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მასმედიას, კლუბის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნემსაძემ, სპორტულმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და დინამოელთა პრეს-ატაშემ გიგა გვენცაძემ წარუდგინეს.
ზურაბ პოლოლოკაშვილი: “მინდა, მივესალმო ვახოს, რომელიც თვითონ შეგვეხმიანა და “დინამოში” თამაშის სურვილი გამოხატა. მივესალმები ყველა ქართველს, რომელსაც საქართველოში დაბრუნების და თამაშის სურვილი აქვს. ვახოს “დინამოში” ჩარიცხვა კახა კაჭარავას დიდი დამსახურებაა, რომელიც იცნობდა ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებს. ის ჩვენთან ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა და გადავწყვიტეთ მასთან კონტრაქტის გაფორმება. მას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენთვის საინტერესო მატებაა. “დინამოსთვის” თავდამსხმელი სერიოზული აქტივია, რადგან საქართველოში თავდამსხმელების დეფიციტია”.
პოლოლიკაშვილის სიტყვის შემდეგ, ფანცხავამ “დინამოს” მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს ხელი მოაწერა და “მსოფლიო სპორტს” შემდეგი განუცხადა:
“დინამოში” თამაში ჩემი სურვილი იყო, რადგან ახალი გუნდის შენება იწყება და კლუბის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა, კარგი დონის ფეხბურთელებს ეძებს. “დინამოში” თამაში ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და იმედია, გავამართლებ. “დინამო” ყველასთვის საოცნებო კლუბია” .
- ევროპაში გატარებული ხუთი წლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნება უკან გადადგმულ ნაბიჯად ხომ არ მიგაჩნიათ?
- მე არ ვთვლი უკან გადადგმულ ნაბიჯად, რადგან 21 წლის ვარ და თუ ვითამაშებ, მომავალში უფრო მაღალი დონის კლუბში შემიძლია წასვლა.
- ბოლო პერიოდში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს თუ ადევნებდით თვალს?
- არ მიწევდა და ვერ გეტყვით, როგორი დონეა.
- ახალ კლუბში ადაპტაცია უკვე გაიარეთ?
- საქართველოში რა ადაპტაცია უნდა დამჭირდეს? კლუბში კარგი სიტუაციაა. მე ორი კვირა ვივარჯიშე და ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად არის.
ფანცხავას კონტრაქტი უნგრულ “დიორთან” აკავშირებდა, მაგრამ ფეხბურთელის თქმით, კლუბთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. “დიორის” გარდა, ის “გაგრაში”, ფრანგულ “ლე მანში”, უკრაინულ ხარკოვის “მეტალისტში” და უნგრულ “ვაშაშში” გამოდიოდა. “დინამომ” ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანა და მას ოფიციალურ შეხვედრებში თამაშის უფლება აქვს.
ფანცხავას დამატების თაობაზე, “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა შემდეგი აღნიშნა:
“მიხარია, რომ ასეთი დიდი პოტენციალის ფეხბურთელი დავიბრუნეთ. იმედია, “დინამოში” წარმატებული კარიერა ექნება”.
ლაშა თაბაგარი