მალე სურათები დაიდება საიტზე..ნაწილი არის უკვე....
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=17804&lang=110-მდე სურათი აქაც არის ...
”სიონი” - ”დინამო”
იმის მიუხედავად, რომ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკით, ”დინამოს” ”სიონთან” უდავო უპირატესობა აქვს, თბილისელებს ბოლნისში თამაში ტრადიციულად უჭირთ. გამონაკლისი არც ამჯერად იყო. შეხვედრა მასპინძელთა საკმაოდ აგრესიული შეტევებით დაიწყო და ”დინამოსა” და ეროვნული ნაკრების კიპერს, გიორგი ლორიას საქმე დიდხანს არ გამოლევია. ლორია ჯერ ვილი ისიანის ახლოდან დარტყმულს დაუხვდა ადგილზე, ცოტა მოგვიანებით კი, რეზო ჯიქიას შორეულ ”გასროლილს” მოაყოლა ”სეივი”.
ტემპიან დასაწყისს მხარი თბილსელებმაც აუბეს, რომელთაგან პირველად კოშკაძეს მართებდა თავის გამოჩენა. ”დინამოს” კაპიტანი ბობღიაშვილის პირისპირ დარჩა, მაგრამ ამ უკანასკნელმა აჯობა და ბურთი კუთხურზე გადააგდო. კიდევ რამდენიმე მომენტის გაცვლის შემდეგ, თამაშის ტემპმა იკლო. ტაიმიც ალბათ ასევე მიილეოდა, რომ არა ეპიზოდი, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ს/კ ”დინამოს” ვებ-გვერდის ინფორმაციით, ”სიონის” კიპერმა ბობღიაშვილმა, მას შემდეგ, რაც ბურთს დაეუფლა, თბილისელთა ბოსნიელ ლეგიონერ პეტარ იელიჩს ფეხი დაარტყა. ეს ყველაფერი არბიტრ ლევან კვარაცხელიას არ გამოჰპარვია და ჯერ მეკარე დასაჯა წითელი ბარათით, იმავწამს კი, ბოლნისელთა კარში 11-მეტრიანი დანიშნა. ბუნებრივია, მასპინძლებმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ერთის მხრივ, მასთან შელაპარაკებებმა, მეორეს მხრივ, გაძევებული კიპერის ნაცვლად, სათადარიგო დავით ლეგაშვილის მინდორზე შემოსვლამ (მან ნახევარმცველი ირაკლი ჩირიკაშვილი შეცვალა), შეხვედრაში პაუზა გამოიწვია. მატჩი იმით განახლდა, რომ ლევან ხმალაძემ პენალტი ზუსტად გამოიყენა და თბილისელები დააწინაურა - 1:0.
კაცნაკლულობის მიუხედავად, ”სიონმა” შესვენების შემდეგ უფრო მოუხშირა სახიფათო ”ჩხვლეტებს”. განსაკუთრებით, რეზო ჯიქია აქტიურობდა, რომელიც 54-ე წუთზე, ძალიან ახლოს იყო ანგარიშის გაქვითვასთან. ბოლნისელთა ფორვარდს ამჯერადაც ლორიამ მოუგო დუელი.
77-ე წუთზე, თავის გამოჩენასთან ახლოს იყო შეცვლაზე შესული ნიკა კვეკვესკირი. მას იელიჩმა უასისტენტა, მაგრამ ბოლნისელთა მცველის თავგანწირულმა თამაშმა მასპინძლები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
”სიონმა” მატჩის ბოლო წუთებზე კიდევ გაიბრძოლა - 88-ე წუთზე, ზედიზედ 3-ჯერ მიიღო კუთხურის ჩაწოდების უფლება, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ, თბილისელებმა იხეირეს - ხმალაძის მიერ წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა ტატანაშვილმა განაგრძო, რომელმაც მასსავით შეცვლაზე შესულ დონალდ ჯუსს უპასა; კამერუნელის დამაგვირგვინებელი დარტყმა შედეგიანი გამოდგა და ამით მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 2:0 ”დინამოს” სასარგებლოდ.
”სიონი” (ბოლნისი) - “დინამო” (თბილისი) 0:2 (0:1)
16 მარტი, ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”.
”სიონი”: ბობღიაშვილი, კობაური, ორბელაძე (თარგამაძე, 72), ლომაია, ქორიძე, გიორგი ოქროპირიძე, ნოზაძე, გოგობერიშვილი, ჩირიკაშვილი (ლეგაშვილი, 44), რევაზ ჯიქია, ისიანი (რეხვიაშვილი, 67).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფშიძე.
“დინამო”: ლორია, თემურ ღონღაძე, ჰომოლა, კაკუბავა, ხმალაძე, ჰაჯიბულიჩი, კოშკაძე, რობერტინიო (ჯუსი, 46), კახელიშვილი (კვეკვესკირი, 62), არზიანი, იელიჩი (ტატანაშვილი, 85).
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
გაფრთხილებები: ორბელაძე (42), კობაური (45), იელიჩი (55), არზიანი (78), ჯიქია (79).
გაძევება: ბობღიაშვილი (43).
გოლები: 0:1 ხმალაძე (45, პენ), 0:2 ჯუსი (89).
მსაჯები: ლ. კვარაცხელია; ზ. მენთეშაშვილი, ა. კოკაია; ა. ნონიკაშვილი.