ბედის ირონია: მოყვარულთა ტურნირს ”ნატახტართან” დაპირისპირებით ვიწყებთ!
არ ვიცი, უბრალო შემთხვევითობას მივაწერო, თუ მართლა ბედის ირონიას, ის ფაქტი, რომ 20-გუნდიან ტურნირში ”ქომაგებისა” და ”ნატახტარის” გუნდები ერთ ქვე-ჯგუფში მოხვდნენ და ”ქომაგებს” პირველი დაპირისპირება სწორედ რომ ჩვენს მეგობარ-პარტნიორებთან მოგვიწევს.
როგორც მოგეხსენებათ, შაბათს (30 აპრილს), ვაკეში, ”ირაოს” სტადიონზე სტარტს იღებს ”დიპლომატ სერვისის” მიერ ორგანიზებული საფეხბურთო ტურნირი მოყვარულთა შორის, სადაც სხვადასხვა ბიზნეს-ორგანიზაციებისა და დიპლომატიური უწყებების გუნდებთან ერთად, მონაწილეობას იღებს ”ქართული სპორტის ქომაგთა” გუნდიც. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ჩვენი გუნდი სისტემატიურად იკრიბებოდა, გადიოდა ვარჯიშებს, სპარინგ თამაშებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ტურნირზე თავს არ შევირცხვენთ და სტატისტის როლში ნამდვილად არ ვიქნებით. თუმცა, იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, აუცილებლად დაგვჭირდება ჩვენი ბიჭების, ჩვენი ერთგული წევრების თანადგომა და დარწმუნებული ვარ, მათი მხურვალე შეძახილები და გამხნევება, მთელი ტურნირის მანძილზე არ მოგვაკლდება.
ტურნირზე 5 ქვე-ჯგუფია, თითოში 4-4 გუნდია გადანაწილებული. ჯგუფური ეტაპის თამაშები ორ წრედ, ანუ ექვს ტურად ჩატარდება. მატჩები ყოველ შაბათ-კვირას, 15:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება. 6 კვირის მანძილზე, ყოველ ტურში 10 თამაში იქნება ჩატარებული (აქედან 5 მატჩი - შაბათს, 5 კი კვირას). შეგახსენებთ, რომ კალენდრის მიხედვით, ”ქომაგებს” ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაში კვირა დღეს გვიწევს.
რაც შეეხება შემდგომ ეტაპს: 5 ჯგუფიდან პირდაპირ მეოთხედფინალში გადის 4 საუკეთესო პირველადგილოსანი, ხოლო მერვედფინალის საგზურს მიიღებს ყველაზე უარესი შედეგის მქონე ერთი პირველადგილოსანი გუნდი, ხუთივე მეორეადგილოსანი და 2 საუკეთესო მესამე ადგილის მქონე. აღნიშნული 8 გუნდიდან, ოლიმპიური სისტემით გამოვლენილი 4 საუკეთესო შეურთდება მეოთხედფინალში პირდაპირ გასულ ოთხ გუნდს.
”ქომაგების” გუნდი D ჯგუფში იასპარეზებს, ზემოთხსენებული ”ნატახტარის”, ასევე აზერბაიჯანის საელჩოსა და ”GMჩ ჯგუფის” გუნდებთან ერთად. პირველი შეხვედრა კი, როგორც უკვე დავაანონსე, სწორედ იმ კომპანიასთან მოგვიწევს, რომელმაც ”ქართული სპორტის ქომაგებს” დაარსების დღიდან (”მსოფლიო სპორტის” რედაქციასთან ერთად) ყველაზე დიდი სამსახური და დახმარება გაუწია. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, სპორტმა მეგობრობა და დანდობა არ იცის და ”ნატახტარს” უშეღავათო, ფიცხელ ორთაბრძოლას ვპირდებით! მეგობრობას კი, მატჩის შემდეგ, მინდვრის გარეთ გავაგრძელებთ!
აღნიშნული მატჩი კვირას, (1 მაისს), 18:00 საათზე გაიმართება. ყველა ”ქომაგს”, ყველა ჩვენს წევრს მინდა ვთხოვო, რომ მოვიდეს ”ირაოზე”, გაგვამხნევოს, დაგვიდგეს გვერდით და ისევე ერთგულად გვიქომაგოს, როგორც ყველანი ერთად ვქომაგობთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს.
ამირან ურუშაძე