დიახ, მეგობრებო, ეს ხუმრობა არ გეგონოთ, მომდევნო კვირაში თბილისი ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს (ანუ მინი-ფეხბურთში), რომელშიც მონაწილეობას ჩვენი უცვლელი ჩემპიონი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი "იბერია-სტარი" მიიღებს.
მოკლედ გეტყვით, რომ „Uefa Futsal Cup“ გახლავთ იმავე რანგისა და კალიბრის ტურნირი, როგორიცაა უეფას ჩემპიონთა ლიგა დიდ ფეხბურთში. ხოლო რაც შეეხება "იბერია სტარს", ის ამ ტურნირის უცვლელი მონაწილე და ერთ-ერთი ფავორიტია. ესაა გუნდი, რომელიც დღესდღეობით უეფას რეიტინგში მე-8 (!!!) ადგილს იკავებს. დიდი ფეხბურთის საზომებზე რომ გადავიყვანოთ, ეს გახლავთ დაახლოებით "არსენალის", "ვალენსიას", "რომას" ან "ლიონის" დონის გუნდი.
გუნდში არის რამდენიმე ბრაზილიელი ლეგიონერი, რომლებიც ძალიან ლამაზ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ და გუნდის წარმატებულ ასპარეზობას დიდწილად განაპირობებენ. გუნდის კაპიტანი გოგა ალთუნაშვილია - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ფუტსალში.
ჯგუფურ რაუნდზე, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს, "იბერია სტარის" ჩათვლით 4 გუნდი მონაწილეობს. ჩვენი მეტოქეები არიან: მინსკის "მაპიდი", ბრატისლავის "სლოვ-მატიკი" და საფეხბურთო კლუბი "ჟენევა".
ჩასატარებელი მატჩების განრიგი
27 სექტემბერი, სამშაბათი
იბერია სტარი - მაპიდი.
28 სექტემებრი, ოთხშაბათი
იბერია სტარი - ჟენევა.
30 სექტემებრი, პარასკევი
იბერია სტარი - სლოვ მატიკი.
სამივე მატჩი სპორტის სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.
ქართული კლუბის ხელმძღვანელთა განცხადებით, ამ ქვეჯგუფში ჩვენი გუნდი უპირობო ფავორიტია და სამივე მეტოქესთან დამაჯერებელ გამარჯვებას ვგეგმავთ. ერთადერთი, რაც კლუბის მესვეურებს სურთ, ის არის, რომ დაანახონ უეფას, თუ როგორ უყვართ საქართველოში სპორტის ეს სახეობა. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მაქსიმალურად გაავსონ სპორტის სასახლის ტრიბუნები და ჩვენც, "ქართული სპორტის ქომაგები" ყველანაირად ვცდილობთ მათ დახმარებას. უეფას მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ქართველი გულშემატკივრისათვის ამ მატჩებზე დასწრება უფასო იქნება. დამზადდა 15.000 ცალი უფასო მოსაწვევი (აბონიმენტი), რომელთა ნაწილი საჩუქრად დავარიგეთ სკოლებში, ხოლო ნაწილს პრომო-აქციის საშუალებით, ხვალ და ზეგ დავარიგებთ ქალაქის ქუჩებში. ბუნებრივია, ალბათ, გაგიჩნდებათ შეკითხვა - თუკი მატჩზე დასწრება უფასოა, მაშინ რა საჭიროა მოსაწვევები?
მოსაწვევი ბარათი არის Pღ-ის ერთგვარი საშუალება და მათი მოსახლეობაში დარიგებით, ადამიანებს უჩნდებათ პატარა ვალდებულება ან სურვილი, რომ მოვიდნენ სპორტის სასახლეში და უქომაგონ ქართულ გუნდს.
გაგანდობთ კლუბის მესვეურთა კიდევ ერთ სურვილსაც - ევროპაში “Futsal Cup"-ის თამაშებზე გულშემატკივართა დასწრების რეკორდი ქალაქ ლისაბონს ეკუთვნის, სადაც "ბენფიკას" ერთ-ერთ თამაშს 9400 მაყურებელი დაესწრო. სპორტის სასახლეში 10-11 ათასი გულშემატკივარი ეტევა, ჩასატარებელი სამი თამაშიდან რომელიმე მატჩზე 9401 კაციც რომ მივიდეს, ახალი რეკორდის მფლობელი უკვე თბილისი იქნება.
კლუბის ხელმძღვანელობამ არც იმაზე დაიშურა სახსრები და რესურსები, რომ ქომაგობა ტრიბუნებზე რაც შეიძლება ლამაზი და ეფექტური ყოფილიყო - დაგვიმზადეს საკმაო რაოდენობის დროშები და კაშნეები, შეგვიძინეს დასარტყამი იმსტრუმენტები და დიდი ბანერი გუნდის გასამხნევებლად. ამისათვის, "ქართული სპორტის ქომაგთა" სახელით, მათ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.
ქომაგებო! ყველას მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ ამ თამაშებზე, რათა "იბერია სტარს" მხარი დავუჭიროთ.
ასევე მინდა გთხოვოთ, ვისაც გექნებათ დრო და სურვილი, შემოგვიერთდით ხვალ და ზეგ და ჩვენს პრომო-გოგონებთან ერთად, რომლებიც ქუჩებში მოსაწვევებს დაარიგებენ, მიიღეთ მონაწილეობა ამ პრომო-აქციაში.
ხვალ, 25 სექტემბერს, ჩვენი აქცია გაიმართება შემდეგ ობიექტებში:
მარჯანიშვილის მოედანი, 16:00 - 20:00.
თავისუფლების მოედანი, 16:00 - 20:00.
რიყის პარკი, 17:00 - 21:00.
ზეგ კი, 26 სექტემბერს, აქციას ჩავატარებთ მხოლოდ 2 ობიექტზე:
გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, 15:00 - 19:00.
ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, 15:00 - 19:00.
სასურველია, რომ თითო ობიექტზე, პრომო გოგონებთან ერთად, მინიმუმ 10 "ქომაგის" მაისურში გამოწყობილი ჩვენი წარმომადგენელი იყოს, რათა მოსაწვევების დარიგების პროცესმა ხალისიან და საინტერესო გარემოში ჩაიაროს.
ყველა ქომაგს წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისთვის!
http://worldsport.ge/Read.aspx?news=25599&lang=1