თემურ ქეცბაია: “ისეთი გუნდის შექმნა გვინდა, რომელიც 5-6 წელიწადი ერთად ითამაშებს, მოუმატებს და რაღაცას მოიგებს”
10.03.2012 18:04
ქეცბაია ევრო-2016-ზე გათვლით მუშაობს
ბადრი კეთილაძის ფოტო
კვიპროსზე მყოფმა საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ “სოვეტსკი სპორტს” ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ჩემპიონთა ლიგაში აპოელ-ის წარმატებაზე, საქართველოს ნაკრებზე, ჯანო ანანიძესა და ლევან ყენიაზე ისაუბრა.
- 10-15 წლის წინათ ვინმეს რომ ეთქვა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კვიპროსული გუნდი ითამაშებსო, უმრავლესობა მას გიჟად შერაცხავდა...
- მაშინ ჯგუფურ ეტაპზე კვიპროსული გუნდის მოხვედრა არარეალური ჩანდა. თუმცა, აპოელ-ი რვა უძლიერეს გუნდში დამსახურებულად მოხვდა.
- რა არის ასეთი სწრაფი აღზევების მიზეზი? ადრე კვიპროსი ფეხბურთთან არ ასოცირდებოდა...
- მას მერე, რაც კვიპროსი ევროკავშირის წევრი გახდა, ქვეყანაში ბევრი უცხოელი ჩამოვიდა, ადრე ადგილობრივი კლუბების განაცხადში მხოლოდ 5 ლეგიონერის შეყვანა შეიძლებოდა. ახლა თითოეულ გუნდში 16-18 ლეგიონერია. გარდა ამისა, უეფამ პატარა ქვეყნებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარების სისტემის შეცვლით ცხოვრება გაუიოლა. ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად კვიპროსის ჩემპიონს ინგლისისა და ესპანეთის კლუბებთან შეხვედრა აღარ უწევს. კვიპროსის საფეხბურთო ამბიცია იზრდება და ქვეყანაში უკვე ალაპარაკდნენ, რომ დროა, ჩემპიონთა ლიგაში ორი კლუბი ჰყავდეთ. ამისთვის, კოეფიციენტების ცხრილში შვეიცარიასა და დანიას უნდა გაუსწრონ. ეს ოცნება კი არა, რეალური ამოცანაა. დამეთანხმებით, ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეს საუცხოო რამაა.
- ვიკიპედიას მონაცემებით, კვიპროსის მოსახლეობა 793963 ადამიანია. თუმცა, საფეხბურთო თვალსაზრისით კვიპროსი ამჟამად უფრო წინაა, ვიდრე ჩეხეთი, შოტლანდია, პოლონეთი... პარადოქსია, არა?
- საქმე ისაა, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ფეხბურთელები ცდილობენ, რაც შეიძლება მალე წავიდნენ ინგლისში, გერმანიაში, იმავე კვიპროსში. კვიპროსიდან კი არავინ მიდის. პირიქით, თუ რომელიმე ბიჭი ჩეხეთის ჩემპიონატში “გამოანათებს”, ის მაშინვე მიყავს კვიპროსულ კლუბს. ადგილობრივ ფეხბურთში ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდა, სასელექციო სამუშაოს დონე გაიზარდა. ამასთანავე, კვიპროსი საცხოვრებლად მოსახერხებელი ქვეყანაა. აქ საუცხოო კლიმატი და ზღვაა.
- თქვით, რომ კარგი ფეხბურთელები კვიპროსში წელიწადში 100000-150000 ევროს გამოიმუშავებენ. რამდენის გადახდა შეუძლიათ გუნდებს საჭირო ფეხბურთელის ტრანსფერისთვის?
- აღსანიშნავია, რომ თუ აპოელ-ს არ ჩავთვლით, სხვა გუნდები ფინანსურ სიძნელეებს განიცდიან, ვალები აქვთ, ისევე, როგორც მთელ ევროპაში. თუმცა, სამ-ოთხ კლუბს შეუძლია, ფეხბურთელში 250000-300000 გადაიხადოს.
- უცხოელი ფეხბურთელების თემას დავუბრუნდეთ. “ლიონთან” მოგებულ ისტორიულ მატჩში აპოელ-ის რიგებში მხოლოდ ორმა კვიპროსელმა ითამაშა. თავის დროზე, თქვენს მიერ გაწვრთნილ “ანორთოსისშიც” მსგავსი სიტუაცია იყო...
- თითოეული კვიპროსული კლუბის განაცხადში აუცილებლად რვა ადგილობრივი ფეხბურთელი უნდა იყოს. თუ მათგან ორი-სამი სასტარტოში მოხვდა, უკვე კარგი მიღწევაა. თუ გახსოვთ, ჩემს “ანორთოსისში” ლეგიონერები პორტუგალიიდან, ბრაზილიიდან, არგენტინიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან იყვნენ... მათ გარეშე კვიპროსული კლუბებისთვის თავის წარმოჩენა ძნელი იქნება.
- გულშემატკივრები არ ბრაზდებიან, რომ მათ საყვარელ კლუბებში ამინდს უცხოელები ქმნიან და არა ადგილობრივი ფეხბურთელები?
- ასეთი პრობლემა მართლაც არსებობს. ყველას როდი ესმის, რომ სასტარტოში საუკეთესოები ხვდებიან. პასპორტში არავინ იხედება, მაგრამ მსგავსი სიტუაცია ნაკრებს პრობლემებს უქმნის. მთელ ჩემპიონატში 10 ფეხბურთელს თუ შეაგროვებ, რომელიც ეროვნულ გუნდში თამაშის ღირსია. თუმცა, ეს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრობლემაა.
- აღსანიშნავია, რომ აპოელ-ი და თქვენი “ანორთოსისი”, პირველყოვლისა, კოლექტიურ თამაშთან ასოცირდებიან და არა კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელთან. 2008-2009 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაში საუცხოო გამოსვლის შემდეგ, “ანორთოსისიდან” რომელიმე მოთამაშე სერიოზული საფეხბურთო ჩემპიონატის კლუბმა თუ იყიდა?
- ერთი ფეხბურთელი წავიდა საბერძნეთის აეკ-ში. საერთოდ, კვიპროსში პერსპექტიული ფეხბურთელები არ ჩამოდიან, არამედ ისინი, რომელთა საშუალო ასაკი დაახლოებით 30 წელია და ამიტომ, აქცენტი კოლექტიურ ფეხბურთზე კეთდება. თუმცა, კვიპროსული ფეხბურთის ბოლოდროინდელი წარმატებებიდან გამომდინარე, სიტუაცია უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს.
- ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი თავსზემოთ ნახტომია? თუ “ბანკეტის გაგრძელებას” უნდა ველოდოთ?
- თუ აპოელ-ს მეტოქედ “რეალი” ან “ბარსა” შეხვდა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. სხვებთან თამაში შეიძლება. აპოელ-თან დაპირისპირება არავის გაუდვილდება.
- ამჟამად საქართველოს ნაკრებს ავარჯიშებთ. როდესაც ჯგუფში ესპანეთთან და საფრანგეთთან ერთად ხვდები, წარმატებაზე ფიქრი, ცოტა არ იყოს, მიამიტობაა...
- იოლ ცხოვრებას არც ბელარუსთან და ფინეთთან მატჩებში ველით. რთული ჯგუფია, მაგრამ ჩვენ ევრო-2016-ზე გათვლით ვმუშაობთ. იქ 16 მონაწილის მაგივრად 24 ნაკრები იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, თავის გამოჩენის კარგი შანსი აქვთ. ახალგაზრდული გუნდი გვყავს.
ყველაზე გამოცდილები – ხიზანიშვილი და ამისულაშვილი – შესაბამისად, 30 და 29 წლისანი არიან. ესპანეთის მაგალითზე ისეთი გუნდი გვინდა შევქმნათ, რომელიც 5-6 წელიწადი ერთად ითამაშებს, მოუმატებს და რაღაცას მოიგებს.
- მოსკოვის “სპარტაკში” ჯანო ანანიძის თამაშს თვალს ადევნებთ?
- არა მხოლოდ მას. რუსეთში ჩვენი ნაკრებიდან ბევრი ფეხბურთელი თამაშობს. საწყენია, რომ ჯანოს თამაში ხშირად არ უწევს. თუმცა, ვიცი, რომ “სპარტაკში” მისი სჯერათ. ამიტომ, იმედია, რომ ითამაშებს და მოუმატებს.
- არ ურჩიეთ, რომ გარემო შეეცვალა - როგორც ჩვენ ლეგიონერებთან მიმართებაში დიკ ადვოკატი მოიქცა?
- სად უნდა წავიდეს? “სპარტაკიდან” ახალგაზრდები, როგორც წესი, რუსეთის პირველ დივიზიონში მიდიან. ჯანო ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც შემტევი, კომბინაციურ სტილში მოთამაშე გუნდი სჭირდება. ის ძალისმიერი ფეხბურთისთვის შექმნილი არაა. ჯანო ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და მას ყველაფერი წინ აქვს.
- არშავინს რუსეთში ყველაზე მეტად აკრიტიკებენ...
- ბუნებრივია, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელისგან, როგორიც არშავინია, ბევრს ელიან. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკა საფეხბურთო ჩარჩოებს არ გასცდეს და მიზანმიმართული დევნა არ იყოს. ამ თემას რატომ შეეხეთ?
- ჯანო საქართველოსთვის იგივეა, რაც არშავინი რუსეთისთვის. ამიტომ, საინტერესოა, თქვენთან როგორი დამოკიდებულებაა საკუთარი “ვარსკვლავების” მიმართ? მათაც ასევე ლანძღავენ?
- არა, არა, ჯანო ჩვენთან ძალიან უყვართ. ყველას ესმის, რომ “სპარტაკი” დიდი კლუბია, რომელშიც დიდი კონკურენციაა. მას ყველა მხარს უჭერს. ჩვენთან ახალგაზრდების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. მაგალითად, “შალკეს” ნახევარმცველი ლევან ყენია ტრავმის გამო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ თამაშობდა. ამის მიუხედავად, მოთამაშისთვის განწყობა რომ ამემაღლებინა, ჩვენს მიერ ჩატარებულ ბოლო ამხანაგურ მატჩში ნაკრებში მაინც მოვიწვიე. ვიფიქრე, ლევანს მოედანზე ბოლო 5 წუთით შევუშვებ-მეთქი. თუმცა, თამაშის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გულშემატკივრები მთელი ხმით მოითხოვდნენ ყენიას მოედანზე გასვლას და შეცვლა გავაკეთე. მისი და ჯანოს დიდი იმედი გვაქვს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა
http://worldsport.ge/Read.aspx?news=32462&lang=1