http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=19...s=show#comments”ზესტაფონი” - ”სპარტაკი”
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ზესტაფონელ ქომაგს შიში გაუჩნდა – ვაითუ, ის დაემართა ჩვენს გუნდს, რაც არაერთხელ დამართნია ამ სეზონშიო. ბოლო ექვს მატჩში 4-ჯერ ფრედ ნათამაშებზე რომ არაფერი ვთქვათ, უშუალოდ ”ცხინვალელებთან” II წრეში 1:1-ზე დამთავრებული მატჩიც არ იყო ”შორიდან” გასახსენებელი. თუმცა, რომ იტყვიან, ”ზესტაფონმა” საკუთარ თავს ”უღალატა” - არც ქომაგს გაუცრუა იმედი და თავადაც ერთი სრული ნაბიჯი გადადგა ჩემპიონის ტიტულისაკენ.
თავ-თავისი გოლები მიითვალეს ”ზესტაფონისა” და ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეებმა. დისკვალიფიკაციამოხდილმა ნიკა გელაშვილმა ანგარიში 52-ე წუთზე გახსნა - ირაკლი ძარია ზუსტი პასით გრიშიკაშვილთან პირისპირ დარჩა და ისე, რომ ბურთს ერთხელაც კი ზედმეტად არ შეხებია, შესახვედრად წინ გამოსულ კიპერს, შორეულ კუთხეში გაუტანა - 1:0.
მატჩის ბოლომდე 10 წუთით ადრე, შედეგს წერტილი გელაშვილის შემცვლელმა, რატი წინამძღვრიშვილმა დაუსვა. შოთა გრიგალაშვილის პასით, იმერელთა ეს შემტევიც გრიშიკაშვილთან პირისპირ გავიდა, ცრუ მოძრაობით კიპერსაც გასცდა და ”სპარტაკის” კარის ჩარჩოსაც, მაგრამ მახვილი კუთხიდან გატანა მაინც შეძლო - 2:0. სხვათა შორის, ამ ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 12-ვე შეცვლაზე შესულმა.
დამარცხებულ სტუმრებს რაც შეეხება, მათ ის მაინც მოახერხეს, რომ კლასით გაცილებით მაღლა მდგომი ”ზესტაფონი” გვარიანად ანერვიულეს. ”სპარტაკი” კომპლექტაციით ცუდი გუნდი ნამდვილად არაა, მაგრამ ქულები ვერ აქვს იმდენი, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენაზე პრეტენზია სპორტული პრინციპით განაცხადოს.
15 აპრილი, ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”.
”ზესტაფონი” - ”სპარტაკი” (ცხინვალი) 2:0 (0:0)
”ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, ალადაშვილი, მამუკა კობახიძე, გიორგი ონიანი, ელიავა, მურთაზ დაუშვილი, ძარია, შოთა გრიგალაშვილი, გორგიაშვილი (აფციაური, 69), დვალი (ბაბუნაშვილი, 78), გელაშვილი (წინამძღვრიშვილი, 71).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
”სპარტაკი”: გრიშიკაშვილი, ბოიომო, ჭაფოძე (სეფიაშვილი, 46), მანჩხავა, გიორგი ალავიძე (მიხეილ ჯიშკარიანი, 61), მგელაძე, მამუჩიშვილი, დეკანოიძე, ჯაკობია, მიხეილ ბარაბაძე, მეტრეველი (ბუზალაძე, 54).
მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია.
გაფრთხილებები: კობახიძე, გელაშვილი - ბოიომო.
გოლი: 1:0 გელაშვილი (52), 2:0 წინამძღვრიშვილი (80).
მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი; გ. ყრუაშვილი, ზვ. ერქვანია; გ. დოგრაშვილი.