http://worldsport.ge/Read.aspx?news=19571&lang=1ვინ დარჩა მოგებული თბილისური დერბის ფრით? რა თქმა უნდა, "ზესტაფონი", რომელსაც სრული კარტ-ბლანში აქვს ჩემპიონობისკენ - 5 ტური დარჩა, ფეროელებსა და დინამოელებს შორის სხვაობა კი 6 ქულაა, რისი გაბათილებაც ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება. მითუმეტეს, რომ "ზესტაფონს" 3 საშინაო მატჩი აქვს დარჩენილი და ვერც იმას ვიტყვით, რომ ცუდი კალენდარი აქვთ - პირიქით.
მთლიანობაში, "დინამოს" უპირატესობა ჰქონდა და მარტო ის რად ღირს, რომ ორჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, თუმცა, ტაბლო მომენტებს არ ითვლის და "ვიტ ჯორჯიასაც" არ უნდა დავუკარგოთ - ბოლომდე იბრძოლეს და იყო მონაკვეთები, როცა ფავორიტს სულაც არ ჩამოუვარდებოდნენ.
ორივე გუნდი 4-2-3-1 სქემით თამაშობდა, "შუბის წვერად" მასპინძელთაგან ვახტანგ ფანცხავა იყო, სტუმართაგან კი ბესიკ ჩიმაკაძე. "ჩახუთული" და ფრთხილი თამაში ნამდვილად არ ყოფილა, აკი, საგოლე მომენტებიც უხვად შეიქმნა.
თავიდან სტუმრები უფრო აქტიურობდნენ და პირველივე წუთზე გიორგი ლორიამ ჩიმაკაძის მოულოდნელად გასროლილი თავური აიღო, შემდეგ იყო გიგა ბეჭვაიას საჯარიმო დარტყმა და ისევ ლორიამ იყოჩაღა. "დინამომ" დაახლოებით მე-15 წუთიდან გაათანაბრა თამაში და მართალია, ვიტელთა საჯარიმო მოედანი არ ატალახებულა, მაგრამ გოლი მაინც გავიდა...
33-ე წუთი იყო, ლევან ხმალაძემ საჯარიმოში რომ ჩააწოდა და ფანცხავამ თავით გაიტანა. ამ მომენტში, სტუმართა მცველმა პოზიცია დაკარგა, მეკარე გიორგი ძაძამიაც ცუდად გამოვიდა და გოლიც ამის შედეგი იყო, თუმცა, ფანცხავას გარჯას სულაც არ ვაკნინებთ - ფორვარდისთვის დამახასიათებლად, მომენტალურად მიიღო გადაწყვეტილება. ეს "დინამოს" ახალწვეულის პირველი გოლია თბილისურ კლუბში.
"ვიტ ჯორჯია" აშკარად აირია და ტაიმის ბოლო წუთებში "დინამოს" რამდენჯერმე შეეძლო ესარგებლა: კოშკაძის ლამაზი პასი და დონალდ ჯუსი თითქმის პირისპირ გასვლა მეკარესთან, თუმცა, სტუმართა მცველმა იყოჩაღა, ჩარბენა მოასწრო და ბურთს გადაეფარა; კოშკაძემ საჯარიმოში მიიღო ბურთი, დარტყმა ვერ მოახერხა, თუმცა, გივი კვარაცხელიამ სცადა გატანა და ააცილა; გიორგი კახელიშვილმა კარგად ითამაშა კონტრშეტევაზე, ერთი მცველი მოატყუა და ხმალაძე თითქმის პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ძაძამია გამოვიდა კარიდან და წამით დაასწრო.
ეს ყველაფერი შესვენებამდე, მე-2 ტაიმი კი ვიტელთათვის იღბლიანად დაიწყო. 50-ე წუთზე, ბეჭვაიას ძლიერად დარტყმული ლორიამ მოიგერია, ჩიმაკაძემ თავით დაამატა და ლორიამ მართლაც რომ "მკვდარი" ბურთი გადააგდო კუთხურზე. თუმცა, სწორედ ამ კუთხურს მოჰყვა გოლი - ჩიმაკაძემ თავით უცვალა ბურთს მიმართულება და მცველმა გურამ ადამაძემ ახლოდან შეაგდო - 1:1.
ამის შემდეგ თამაშის სცენარი გამოიკვეთა - "დინამო" უტევდა, სტუმრები კი კონტრშეტევაზე ცდილობდნენ მეტოქის გამოჭერას. იდეალური მომენტი გააცუდა ჯუსიმ, რომელიც გიორგი თექთურმანიძის პასით პირისპირ დარჩა ძაძამიასთან. კამერუნელმა ძალიან უეშმაკოდ დაარტყა და ძაძამიამ რეაგირება მოასწრო. ვიტელთა მეკარემ კოშკაძის ახლო ძელთან დარტყმულიც მოიგერია, ხოლო 64-ე წუთზე, ძაძამიაც უძლური იქნებოდა, რომ არა ხარიხა - კვარაცხელიას თავური მინდორზე ასხლეტით მოხვდა ძელს.
დაახლოებით 70-ე წუთიდან ისევ გამოცოცხლდა "ვიტ ჯორჯია" , გიორგი ჯანელიძემ და ბექა ზაქრაძემ ერთი-ორჯერ მონახეს დერეფანი, რითაც "დინამოს" მცველებს ნერვიულობა მოუხდათ.
...და 83-ე წუთი. "დინამოს" კარისკენ ჯარიმა დაინიშნა, ჯანელიძემ 25-30 მეტრიდან დაარტყა და გაიტანა, თუმცა, არბიტრ ჯენერი ხორავას სასტვენის გარეშე. ლორიაც მოუმზადებელი იყო და რეაგირება ვერ მოასწრო.
ვიტელები დიდხანს აპროტესტებდნენ ამ ეპიზოდს, თუმცა, ნამატჩევს გაირკვა, რომ ხორავას სასტვენი არ ჰქონდა მიცემული - დარტყმის მომენტში ბლოკნოტში ყვითელ ბარათს ინიშნავდა (დინამოელ ხმალაძეს რომ აჩვენა) და... მოკლედ, გოლი სამართლიანად გაუქმდა.
ბოლოს "დინამოს" შეტევები გამძაფრდა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ორჯერ გადარჩნენ სტუმრები - პირველად ძაძამიამ იყოჩაღა და ფანცხავას თავური კუთხურზე მოიგერია, მეორედ კი დიმიტრი ტატანაშვილის თავური მოხვდა ხარიხას.
ეს ხარიხა და ხორავას საფინალო სასტვენი ერთი იყო... მთლიანობაში, სანახაობრივად კარგი თამაში გამოვიდა, ტემპიც არ იყო დაბალი და კიდევ, "ვიტ ჯორჯიამ" დაამტკიცა, რომ რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს, "დინამოსთვის" უხერხული მეტოქეა.
მატჩის შემდეგ:
ზურაბ ბერიძე ("ვიტ ჯორჯიას" მწვრთნელი): - ძალიან რთული თამაში გვქონდა. "დინამო" ძლიერი გუნდია, კარგი მწვრთნელთა შტაბი ჰყავს და ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, თითქმის ყველა დავალება შეასრულეს. "დინამოს" წარმატებას ვუსურვებ.
- ევროთასებზე გასვლის გეიმედებათ?
- ბოლომდე ვიბრძოლებთ. მიუხედავად იმისა, რომ თასის ნახევარფინალში პირველი მატჩი 0:3 წავაგეთ, ყოველნაირად ვეცდებით, რომ ფინალში გავიდეთ.
კახა კაჭარავა (თბილისის “დინამოს” მწვრთნელი): პირველი 15 წუთი ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა, შემდეგ თამაში გავათანაბრეთ და საგოლე მომენტებიც ბევრი გვქონდა. "ვიტ ჯორჯიასაც" ჰქონდა 2 შანსი, რომლიდანაც ერთი გამოიყენა. აპრილის თვეში მე-7 მატჩი ჩავატარეთ, ასე რომ, ბიჭებს ცოტა დაღლა ეტყობოდათ.
- ფიქრობთ, რომ ჩემპიონის ბედი უკვე გადაწყვეტილია?
- არა. გეთანხმებით, რომ "ზესტაფონის" ჰანდიკაპი ძალიან დიდია, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
- ხომ არ ნანობთ, რომ ტატანაშვილი უფრო ადრე არ შეიყვანეთ შეცვლაზე?
- არა.
27.04. 18:00 საათი. თბილისი. "ეროვნული". 1000 მაყურებელი.
"დინამო" (თბილისი) - "ვიტ ჯორჯია" (თბილისი) 1:1 (1:0)
დინამო: ლორია, თომაშვილი, კაკუბავა, ჰომოლა, ხმალაძე, გივი კვარაცხელია (ტატანაშვილი 86), კახელიშვილი, არზიანი (თექთურმანიძე 53), კოშკაძე, ჯუსი (კვეკვესკირი 65), ფანცხავა.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
ვიტ ჯორჯია: ძაძამია, ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი, ვასაძე (გორგიაშვილი 88), გურამ გურეშიძე, ბეჭვაია (როსტიაშვილი 79), ჯანელიძე, კორიფაძე (ზაქრაძე 65), ჩიმაკაძე.
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.
გოლები: 1:0 ფანცხავა (33), 1:1 ადამაძე (50).
გაფრთხილება: კასრაძე (32), ადამაძე (50), კახელიშვილი (53), ჰომოლა (81), ხმალაძე (84).
არბიტრი: ჯენერ ხორავა.
ილია ნანობაშვილი
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...kidebuleba.htmlდრო გადის, გუნდში მწვრთნელებიც იცვლებიან და ფეხბურთელებიც, მაგრამ არასდროს იცვლება "ვიტ ჯორჯიას" მართლაც განსაკუთრებულ-გამორჩეული "დამოკიდებულება" ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის მიმართ; იგივეს თქმა შეიძლება გუშინდელ მატჩზეც: ზურაბ ბერიძის შეგირდებმა სეზონის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და იმის მიუხედავად, რომ წყვილში აშკარა ფავორიტად "დინამო" მიიჩნეოდა, "ვიტ ჯორჯიამ" სრულიად დამსახურებული ქულა მოიპოვა.
სხვათა შორის, პირველი რაც თვალში მოგვხვდა, "ვეტერინართა" აშკარად თამამი და, რაც მთავარია, შეტევაზე ორიენტირებული თამაშის სტილი იყო. ანუ, "ვიტ ჯორჯია" ყრუ დაცვაში კი არ "ჩამჯდარა" და მთელი მატჩი "დინამოს" შეტევებს კი არ იგერიებდა, არამედ როგორც კი საშუალება მიეცემოდა, სწრაფ და გამიზნულ იერიშებს იწყებდა.
თანაც, ყოველივე ამის "სიგნალი" მატჩის პირველსავე წუთზე გაისმა: გიგა ბეჭვაიას (გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ "ვეტერინართა" მარჯვენაფლანგელი უაღრესად აქტიური გახლდათ გუშინდელ შეხვდრაში) პასით ბესიკ ჩიმაკაძე ბურთს თავით გზავნიდა მასპინძელთა კარში, მაგრამ "დინამო" გიორგი ლორიამ გადაარჩინა. საქართველოს ნაკრებისა და "დინამოს" მეკარემ თავის ოსტატობა იმ ეპიზოდშიც გამოავლინა, როცა ბეჭვაიას საჯარიმო დარტყმა მოიგერია.
პირველ ტაიმში მეტი სახიფათო მომენტი სტუმრებს არ შეუქმნიათ, ვერც "დინამოზე" ვიტყოდით, რომ მეტოქის საჯარიმოს "ალყა შემოარტყაო", თუმცა ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა. მასპინძლებმა ერთი-ორჯერ საშუალო მანძილიდან სცადეს გოლის გატანა, მაგრამ ალექსანდრე კოშკაძისა და გიორგი კახელიშვილის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.
სამაგიეროდ, დინამოელთა ერთ-ერთი ეფექტური კომბინაცია მართლაც ლამაზი გოლით დამთავრდა: ლევან ხმალაძის შორეული პასის მერე ვახტანგ ფანცხავამ საჰაერო "დუელი" მოუგო მეტოქის მეკარეს და ზუსტი თავური დარტყმით საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლო წუთზე "დინამოს" გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი ჰქონდა: კახელიშვილმა გარღვევაზე ხმალაძე გაიყვანა, მაგრამ გიორგი ძაძამიამ კარი დროულად დატოვა და ეს სახიფათო მომენტიც განმუხტა.
მეორე ტაიმი სტუმართა აქტიურობით დაიწყო: "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები სწრაფად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე და ისიც ლოგიკური იყო, ანგარიში რომ გაათანაბრეს. თუმცა, ვიდრე გურამ ადამაძე მასპინძელთა მცველების პოზიციური შეცდომით ისარგებლებდა და გოლს გაიტანდა, აუცილებლად უნდა აღვწეროთ ის ეპიზოდი, რაც ამ საგოლე შეტევას წინ უძღოდა. "ვეტერინარებმა" სწრაფი იერიში წამოიწყეს და დაახლოებით 20 მეტრიდან გიორგი ბეჭვაია ძლიერად და ზუსტად ურტყამდა, მაგრამ გიორგი ლორიამ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია. თუმცა, ამ მოგერიებულ ბურთზე ყველაზე ადრე ბესიკ ჩიმაკაძე გაჩნდა და 4-5 მეტრიდან, ერთი შეხედვით, აუღებელი "თავურიც" დაარტყა, მაგრამ ლორიამ აქაც ბრწყინვალედ ითამაშა და ეფექტური ნახტომით ბურთი კუთხურზე მოიგერია; ჰოდა, სწორედ ამ კუთხურს მოჰყვა კიდეც ადამაძის გოლი...
ამის შემდეგ თამაშის ტემპი მცირე ხნით შენელდა, თუმცა სულ მალე ორივე კართან სახიფათო მომენტებმა მოიმატა და მართლაც უცნაური იყო, შეხვედრაში მეტი გოლი რომ ვერ ვიხილეთ. ჯერ, დონალდ ჯუისს შეეძლო თავისი გუნდის წინ გაყვანა, მაგრამ კოშკაძის ჩინებული პასი ვერ შეიშნო; თუმცა ამ ეპიზოდში ძაძამიას გარჯაც უნდა ავღნიშნოთ, ისე როგორც "დინამოს" მორიგი იერიშისას, - "ვიტ ჯორჯიას" მეკარემ კოშკაძის შორეული დარტყმა რომ მოიგერია. ამ ეპიზოდს კუთხური მოჰყვა და "ვიტ ჯორჯიას" იღბალმაც გადმოხედა: გივი კვარაცხელიას თავური დარტყმა ხარიხას მოხვდა!
მატჩის დასრულებამდე დრო საკმარისზე მეტი იყო დარჩენილი, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" უფრო შეეძლო გოლის გატანა, ვიდრე მასპინძლებს; სხვათა შორის, სტუმრებმა გოლი კი გაიტანეს, მაგრამ არბიტრმა არ ჩათვალა (ალბათ, სამართლიანადაც): "ვიტ ჯორჯიამ" საჯარიმო დარტყმის უფლება მიიღო და ვიდრე დინამოელები "ცოცხალ კედელს" დააყენებდნენ, გურამ ადამაძემ საკმაოდ შორი მანძილიდან, ფაქტობრივად ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა. თუმცა, არბიტრს ამ სტანდარტულის შესასრულებლად სასტვენი არ ჰქონდა მიცემული და ეფექტური გოლის აღნიშვნის ნაცვლად, ადამაძე... გაფრთხილებას გამორჩა!
ბოლო წუთებზე კი "დინამოს" შტურმიც ვიხილეთ, აშკარად დაგვიანებული რომ იყო; თუმცა, მასპინძლებმა ერთი-მეორეზე უკეთესი ორი მომენტის შექმნა მაინც მოასწრეს, მაგრამ ფატალურად არ გაუმართლათ. პირველ ჯერზე ვახტანგ ფანცხავას თავური დარტყმა ჩინებულ ნახტომში ძაძამიამ მოიგერია, სულ ბოლო წამებზე კი დიმიტრი ტატანაშვილი ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ შეცვლაზე შემოსული ფორვარდის თავური დარტყმის მერე ბურთი მეტოქის კარის ხარიხას მოხვდა...
27. 04. თბილისი. ეროვნული. 700 მაყურებელი
დინამო-ვიტ ჯორჯია 1:1
1:0 ფანცხავა (33, ხმალაძის პასით) 1:1 ადამაძე (50)
დინამო ვიტ ჯორჯია
4-2-3-1 4-2-3-1
ლორია ძაძამია
თომაშვილი ხურცილავა
კაკუბავა ადამაძე
ჰომოლა კასრაძე
ხმალაძე ღანიაშვილი
გ. კვარაცხელია ვასაძე
არზიანი გურ. გურეშიძე
ჯუისი ბეჭვაია
კოშკაძე ჯანელიძე
კახელიშვილი კორიფაძე
ფანცხავა ჩიმაკაძე
მწვრთნელი: კ. კაჭარავა მწვრთნელი: ზ. ბერიძე
დინამო
53. არზიანი-თექთურმანიძე
66. ჯუისი-კვეკვესკირი
87. კვარაცხელია-ტატანაშვილი
სათადარიგოები: ზარქუა, ღონღაძე, მაროვიჩი, ფირცხალავა.
ვიტ ჯორჯია
66. კორიფაძე-ზაქრაძე
79. ბეჭვაია-როსტიაშვილი
88. ვასაძე-გოგიაშვილი
სათადარიგოები: ა. მიქაბერიძე, ჭანკვეტაძე, გაბრიჭიძე, გიორ. გურეშიძე
გაფრთხილება: კასრაძე (32), კახელიშვილი (54), ჰომოლა (82), ადამაძე (84), ხმალაძე (85)
არბიტრი: ჯ. ხორავა
დავხურავ ამ თემას....
დებატები არ შედგა როგორც ჩანს...
შემდეგი დერბისთვის გავხსნი...
2 კვირაში იქნება
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN