ამის შემდეგ, ვეტერანმა ფეხბურთელებმა ისაუბრეს, თუმცა ძალიან ემოციური იყო რევაზ ძოძუაშვილის გამოსვლა, რომელიც მარტო გუშინდელ ფაქტს კი არ შეეხო, უფრო შორს წავიდა და თქვა: “ჩვენ, ძველი ფეხბურთელები რომ ჩამოგვიშორეს, იმიტომაც გვაქვს საქმე კარგად, ჰოდა, ეხლა ღირსები ხართ და იწვალეთო” (მას კონკრეტული პიროვნება არ დაუსახელებია). აქ ზვიად სიჭინავა ჩაერთო და პოლემიკა გაიმართა.
სიჭინავა: - ვინ უნდა იწვალოს, ბატონო რევაზ?
ძოძუაშვილი: - ცირკაჩებმა!
სიჭინავა: - ვინაა ცირკაჩი, ხურცილავა და ჩივაძე?
ძოძუაშვილი: - არა, ის, ვინც დუროვის ცირკში მუშაობდა.
სიჭინავა: - მე იქაც პროფესიონალი ვიყავი და აქაც.
ძოძუაშვილი: - ხურცილავასა და ჩივაძეს რომ ამბობთ, ძოძუაშვილი რატომ არ დაიყენეთ გვერდით, ჰოდა, იწვალეთ, ღირსები ხართ!
ძოძუაშვილის ამ ხმაურიანი საუბრის გამო, სიჭინავა მწყობრიდან გამოვიდა და ცოტაღა დააკლდათ, ერთმანეთს ხელით შეხებოდნენ, გასაშველებლად ხალხიც კი მივიდა.
ამის გამო, ქეცბაიამ აღნიშნა: “სად იყავით ვეტერანი ფეხბურთელები, აქამდე ჩუმად რომ იყავით და ეხლა ამოიღეთ ხმა, როცა საქმე გაფუჭდა.”
ქეცბაიას სხვა ვეტერანი ფეხბურთელები შეეპასუხნენ. ვახტანგ კოპალეიშვილმა და გოჩა მაჩაიძემ უთხრეს, ჩვენ ადრეც ვიღებდით ხმასო.