ინფრასტრუქტურებს, რესურსებს არ ვადარებ. ლაპარაკი იყო საზოგადოებრივ აზროვნებაზე, სპორტისა და კლუბების მიმართ სიყვარულზე. გერმანიის პროვინციაში კი ესეც საოცარ დონეზე არის განვითარებული, სხვა ყველაფერთან ერთად. ამ სტადიონზე (მიერსდორფში) მე შარშან მომიწყეს პატარა ტური... საინტერესო იყო, წარმოშობით კახელი კაცისთვის ცოტა მტკივნეულიც. ასე რომ, ჯერ განახებ, მთელი ქვემო კახეთის ერთადერთი "სტადიონი" ამჟამად რა მდგომარეობაშია:

2003 წელს აქ უმაღლესი ლიგის გუნდი თამაშობდა. წავიდა თუ არა ფულიანი სპონსორი, მალე უკვე ვეღარც მიხვდებოდი, რომ აქ როდესმე ვინმეს ბურთი გაუგორებია...და არც ეტყობა, რომ ქალაქში ვინმეს ამ საკითხზე გული მისტკიოდეს. მთელ ქვეყანაშია მსგავსი სიტუაცია...მთლად ასე ცუდად შეიძლება არა (ანუ მთლად მიტოვებული), მაგრამ ნაწილობრივ ნანგრევებად და საძოვრებად ქცეული არის სტადიონების უმრავლესობა, იქაც კი, სადაც გუნდები ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ. იქაურები (ანუ ვითომ და იმ გუნდების "გულშემატკივრები") ამას უბრალოდ უყურებენ და ელოდებიან, სანამ მთავრობა რაიმეს არ გააკეთებს, ან და ვინმე მილიონერი არ გამოჩნდება და იქაურობას ააყვავებს.
ხოდა მიერსდორფის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, არც მაგათ ჰყავთ მდიდარი სპონსორები, და არც მთავრობა უხდით კაპიკს, ასე რომ თამაშობენ მეშვიდე ლიგაში...მაგრამ უყვარს სოფელს ფეხბურთი, უყვარს თავისი გუნდი, და უნდა ხალხს, რომ კოხტა პატარა სტადიონი ჰქონდეთ...სტუმარს მოსწონს, და თვითონაც სიამოვნებთ. ასე რომ, ვისაც ხატვა-ღებვა შეეძლო, აბრები და ნიშნები გააკეთა, ვინც დურგალი იყო ან მშენებლობა იცოდა, ტრიბუნა და გუნდის სკამები გააკეთეს, ბარი და გასახდელები მოაწყეს, სხვები უბრალოდ გასუფთავებაში და მოვლაში ეხმარებიან, და შედეგიც დაიდო...ბევრი კი არ უნდა, ერთი 15 ან 20-მა კაცმა კვირაში 3-4 საათი თავისუფალი დრო რომ გამოჰყოს და უფასოდ იმუშაოს, ჩვენი რეგიონების ნებისმიერ გაუბედურებულ სტადიონს დაეტყობოდა მალევე.
ტრიბუნის სკამებზე რა იჩალიჩეს გერმანიაში, მაგასაც გეტყვი. მივიდნენ უახლოეს სარკინიგზო დეპოში და თხოვეს, რომელიმე დაძველებულ მატარებელს ხმარებიდან როცა ამოიღებთ, საჯდომები იქნებ კლუბს აჩუქოთო, და მიიღეს კიდეც და დააყენეს თვითონ. ასე კეთდება საქმე. ჩვენთან კი "სპონსორების ძებნა" როგორც წესი იმას ნიშნავს, რომ ზიხარ და ელოდები რო ვინმე მოვა შენთან და კლუბში ფულის ჩადებას შემოგთავაზებს... თან სოლიდური თანხა უნდა იყოს აუცილებლად.
"გულშემატკივრები" სხვა ქვეყნებში თვითონ ჩამოივლიდნენ და ჩამორეკავდნენ ქალაქში და საერთოდ რეგიონში არსებულ ყველა ფირმაში და იკითხავდნენ, ჩვენს ფეხბურთს რამით ხომ ვერ დაეხმარებითო, თუნდაც სტადიონზე სარეკლამო ფართისა და აბრების დაყენების სანაცვლოდ...სულ ცოტა ფულიც რომ იყოს, გადასარევია, თუ არა და იქნებ საღებავი მაინც გვაჩუქოთ, შევღებავთ და გავალამაზებთ სტადიონს...ხის მასალები მოგვცეთ, ახალ სკამებს გავაკეთებდით, და ა.შ. მაგრამ აქ ჯერ რამდენი ადამიანი მოიფიქრებს ამას, მერე რამდენს გაუტყდება, რამდენს ექნება საერთოდ სურვილი, რომ ამგვარად თავი შეიწუხოს, და ბოლოს რამდენს ადარდებს საერთოდ ადგილობრივი ფეხბურთის კარგყოფნა იმდენად, რომ დათანხმდეს და რაიმე გაუკეთოს, საშუალება რომც ჰქონდეს? ამიტომაც ვართ ისე, როგორც ვართ.