30 ივნისს 21 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი: თბილისის “დინამოსა” და მოლდოვურ “მილსამის” შორის.
“დინამო თბილისის” ფან-კლუბი ‘’დინამიტები’’ მოუთმენლად ელის ამ თამაშს, რათა ბიჭებს გვერდში დავუდგეთ, გავამხნევოთ და ჩვენი ომახიანი შეძახილებით დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში. მოგეხსენებათ, ეს სეზონი “დინამოსთვის” ამ თამაშით იწყება, ეს იქნება ასევე პირველი ოფიციალური მატჩი მთავარი მწვრთნელის რანგში ალექს გარსიასთვის, რომელმაც აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, სტადიონზე გულშემატკივარი დაბრუნდეს. თავის მხრივ კი, გვპირდება, რომ ყველაფერს იღონებს, რათა “დინამომ” ძველი დიდება დაიბრუნოს.
ბილეთის ფასი შეადგენს 3-5 ლარი.
“დინამიტები” შეკრებას ვიწყებთ 19 საათიდან სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან. ამ თამაშისთვის უკვე დამზადებულია დროშები, ასევე იქნება დიდი ბანერი, რაც ჩვენს ქომაგობას ხიბლს შემატებს. ყველას მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ, წამოიყვანეთ ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და ყველა ერთად დავუდგეთ გვერდით ქართული ფეხბურთის ფლაგმანს (სამწუხაროდ, ამ თამაშისთვის ვერ ხერხდება მაისურების დამზადება, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, ჩავიცვათ თეთრი ან ლურჯი ფერის მაისურები).
ახლა კი, ცოტაოდენი ინფორმაცია მოლდოვურ “მილსამიზე”: კლუბი 2005 წელს შეიქმნა, უმაღლეს ლიგაში პირველად 2009-10 წლების სეზონში ითამაშა და მე-8 ადგილი დაიკავა, გასულ სეზონში კი მე-3 ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგის საგზურიც მოიპოვა, სადაც დებიუტი სწორედ “დინამოსთან” ექნება. ცნობისთვის, ამ წყვილის გამარჯვებული უელსურ “ლანელის” დაუპირისპირდება.
P.S. ოთხშაბათს, 29 ივნისს, 18 საათზე იქნება “დინამიტების” რეპეტიცია. შეკრება დაიწყება 17:30-დან ცენტრალურ შესასვლელთან, გთხოვთ, მოხვიდეთ და ყველამ ერთად, ერთ ხმაში დავხვეწოთ ახალი ტექსტები და შეძახილები.
“დინამო თბილისის” ფან-კლუბი ‘’დინამიტები’’
http://worldsport.ge/Read.aspx?news=22121&lang=1