ანა ტატიშვილი: “ოლიმპიადისთვის სამოცეულში მოხვედრა მჭირდება”
ბოლო პერიოდია, ქართული ჩოგბურთის მოყვარულთა მთელი იმედები ერთ გოგონას უკავშირდება - 21 წლის ანა ტატიშვილის გადამწყვეტ წინსვლას კარგა ხანი ველოდით, ახლა კი, ისეთი პირი უჩანს, რომ მისთვის ყველაზე საინტერესო დროება დგება. ანამ 2011 წელი ყოჩაღად დაიწყო და ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, რამაც კუნეოს 100-ათასიანი ტურნირის მოგებაც დაიტია, მსოფლიოს 84-ე ჩოგნის სტატუსამდე აღზევდა.
აპენინური ტრიუმფის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა სკანდინავიას მიაშურა და დღეიდან ბასტადის პრესტიჟულ ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია. COLLECTOR SWEDISH OPEN-ის პირველ რაუნდში ტატიშვილის პირველი მეტოქე მე-8 ნომრად განთესილი სლოვენიელი პოლონა ჰერცოგი იქნება (მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება), საღამოსკენ კი, ანა რუს ვესნა დოლონცთან ერთად წყვილთა გათამაშებაშიც ჩაებმება.
“მსოფლიო სპორტი” საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს მაშინ დაუკავშირდა, როდესაც იგი ბასტადში სასტუმროში მოსასვენებლად მიეშურებოდა. ცხადია, ინტერვიუს დასაწყისში ანას იტალიურ ტრიუმფზე დავეკითხეთ.
ანა ტატიშვილი: მიუხედავად გამარჯვებისა, უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ურთულესი ტურნირი იყო. ძლიერი ჩოგბურთელები თამაშობდნენ და იოლად არცერთი შეხვედრა მომიგია.
- თუმცა, ფინალი დაძაბული ნამდვილად არ ყოფილა. ჰოლანდიელ არანჩა რუსს იოლად სძლიე...
- შედეგიდან გამომდინარე ასე გახლდათ, თუმცა, ფინალშიც დიდი ბრძოლა იყო. ყველა გათამაშებაში სრული კონცენტრაცია იყო საჭირო, ბურთის მოსაგებად. თანაც, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მატჩი უფრო მე მოვიგე, ვიდრე არანჩამ წააგო. გადამწყვეტ შეხვედრაში ბევრი რამ გამომდიოდა და საკუთარი თამაშით კმაყოფილი დავრჩი.
- საერთო ჯამში, კუნეოს ტურნირზე ყველაზე მეტად რომელ ეტაპზე გაგიჭირდა?
- ამ მხრივ, პირველი წრის მატჩსა და ნახევარფინალს გამოვარჩევდი. იტალიელ კარინ კნაპთან გადამწყვეტ სეტში 1:4 ჩამოვრჩი და გამარჯვების მისაღწევად ყველაფრის გაღება მომიწია. ნახევარფინალშიც ძალიან რთული დაპირისპირება იყო. შვეიცარიელ შტეფანი ვოეგელესთანაც სამსეტიანი ბრძოლა გადამხდა და თანაც, შეხვედრის უმეტესი ნაწილი მდევრის როლში ვიყავი.
- ამ წარმატების წყალობით, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 84-ე ადგილზე გადაინაცვლე. ალბათ, თავადაც გრძნობ, რომ შენს კარიერაში ახალი ეტაპი იწყება...
- ნამდვილად ასეა, ახალი ეტაპია და თანაც ძალიან მნიშვნელოვანი. ასეულში მოხვედრით, პრესტიჟული ტურნირების უმრავლესობაზე საკვალიფიკაციო ბადის გარეშე ვითამაშებ და ეს დამატებით პასუხისმგებლობას მმატებს. ბარემ აქვე გეტყვით, რომ წლის დასკვნით სლემტურნირზე – აშშ-ს ღია პირველობაზეც ძირითად ბადეში ვიქნები, რაც ძალიან მახარებს. ახლა, მთავარია თამაშის ხარისხი გავაუმჯობესო და მიღწეულზე არ გავჩერდე. მართალი გითხრათ, ისეთი მომენტია, კუნეოს ტურნირის მოგების შემდეგ, საზეიმოდ დროც არ მქონია. უკვე შვედეთში ვარ და ბასტადის ტურნირის პირველ მატჩზე ვფიქრობ.
- ბასტადის ტურნირზე სერიოზული შემადგენლობაა შეკრებილი. შვედეთს რა გეგმებით ეწვიე?
- წინასწარ რამის თქმა ძალიან მიჭირს. ვიცი, რომ პირველ წრეში ჰერცოგს ვეთამაშები და ახლა, მხოლოდ ამ დაპირისპირებაზე ვფიქრობ. თუკი წარმატებას მივაღწიე, შემდეგი შეხვედრისთვის მზადებას დავიწყებ და ასე... რამე კონკრეტული გათვლები ნამდვილად არ გამაჩნია.
- თუმცა, მთლიან სეზონზე ნამდვილად გექნება ნაფიქრი. წლის ბოლოს რა შემთხვევაში ჩათვლი, რომ წელიწადი წარმატებული იყო?
- მართალი გითხრათ, წლეულს მიზნად მოწინავე ასეულში შესვლა მქონდა დასახული. ამას უკვე მივაღწიე, თუმცა, მთავარი ახლა იწყება. ყველაზე რთული, მოპოვებული ქულების დაცვა და მიღწეულის შენარჩუნებაა. თუკი წელიწადი საუკეთესო 70-80 ჩოგბურთელს შორის დავასრულე და სტაბილური თამაშიც ვაჩვენე, ნამდვილად კმაყოფილი ვიქნები. ეს პერიოდი, ჩემს კარიერაში ერთგვარად გარდამტეხი უნდა იყოს.
- საკუთარი თამაშის ძლიერ და სუსტ მხარეებზეც გვითხარი. რა გაკმაყოფილებს და რის გაუმჯობესებას ისურვებდი?
- უკანა ხაზზე თავს შედარებით ყოჩაღად ვგრძნობ, სუსტ წერტილად კი მოწოდება მიმაჩნია...
- ამაზე გამორჩეულადაც მინდოდა მეკითხა. ალბათ, ჩვენს ვებგვერდს ეცნობი და ისიც იცი, ქართველი ჩოგბურთის მოყვარულები როგორ გქომაგობენ. მეტოქის მოწოდებას ძალიან ხშირად იგებ, შემდეგ კი საკუთარ მოწოდებაზე უპირატესობას ვეღარ ანვითარებ. ამ დროს, გულშემატკივრები დიდ განცდებში არიან...
- დიახ, ეს მეც ვიცი (იცინის). მიღებაზე კარგად ვთამაშობ და ბრეიკის განხორციელებას ხშირად ვახერხებ, მოწოდება კი ნამდვილად გამოსასწორებელი მაქვს. ახლა, ტურნირების დროს ამას ნამდვილად ვერ მოვახერხებ, თუმცა, როდესაც შინ ფლორიდაში დავბრუნდები, უკვე ვიცი, რომ მწვრთნელთან ერთად, უმთავრესად, სწორედ ამ კომპონენტის დახვეწაზე უნდა ვიმუშაო.
- კორტის საფარს თუ ანიჭებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას? რომელიმე საფარზე თამაში უფრო ხომ არ გიადვილდება?
- ამ მხრივ, განსაკუთრებულ სხვაობას ვერ ვხედავ. წლის განმავლობაში, ბალახის საფარზე ცოტა ტურნირები იმართება და მათში არასდროს მიმარჯვია, სხვა კორტებზე კი, დაახლოებით, ერთნაირი შედეგი მაქვს. მთავარია, კარგ ფორმაში ვიყო და თამაში ნებისმიერ საფარზე შეიძლება.
- ბასტადის ტურნირის შემდეგ, შენი უახლოესი გეგმები როგორია?
- შვედეთის მერე კიდევ ორ, 220-ათასიან ტურნირზე ვითამაშებ. მომავალი კვირიდან პალერმოს ვესტუმრები, შემდეგ კი, სტარტს ბაქოს პირველობა აიღებს, რომლის დირექტორიც ლეილა მესხი იქნება.
- ერთი საინტერესო დეტალიც. როგორც ვიცით, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე სპორტსმენები რეიტინგის მიხედვით ხვდებიან. შენთვის თუა ცნობილი, ამ უდიდეს სპორტულ ფორუმზე თამაშისთვის რა შედეგის ჩვენებაა საჭირო?
- ოლიმპიადაზე თამაში ნამდვილად მსურს, ამდენად, გარკვეული ინფორმაცია გამაჩნია. როგორც ვიცი, ოლიმპიადისთვის გადამწყვეტი ის მდგომარეობა იქნება, რომელიც მომავალ წელს საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ შეიქმნება. ქვეყნებისთვის გარკვეული კვოტებია გამოყოფილი და თუკი მომავალი წლის გაზაფხულისთვის საუკეთესო სამოცეულის წევრი ვიქნები, წესით, ლონდონის საგზური უნდა მერგოს, თუმცა, შესაძლოა, მიზნის მისაღწევად, სამოცდაათეულში ყოფნაც მეყოს.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=22358&lang=1