achi-anchabeli
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8605
წევრი No.: 13002
რეგისტრ.: 21-September 05
|
#29196842 · 14 Jan 2012, 13:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სევასტი თოდუა რუსთავის "მეტალურგში" 11:57 13-01-2012
ქუთაისის "ტორპედოს" ექსკაპიტანი სევასტი თოდუა რამდენიმე დღეა, რუსთავის "მეტალურგთან" ერთად ვარჯიშობს. იმერულმა კლუბმა მასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე 2011 წლის მიწურულს გაწყვიტა.
თავდაპირველი ინფორმაციით, თოდუასთან ერთად "ტორპედოდან" გაშვებული ფეხბურთელები ფოთის "კოლხეთში" უნდა გადაბარგებულიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, 35 წლის მცველმა ძველ კლუბში დაბრუნება არჩია.
ვინაიდან ქვემოქართლელთა კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე კლუბმა ტრანსფერზე დააყენა, თოდუას, სავარაუდოდ, მისი ადგილის დაკავება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ სევასტი რუსთავული კლუბის ღირსებას 2009-10 წლების სეზონში იცავდა. მასსა და "მეტალურგს" შორის კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, ეს უახლოს მომავალში მოხდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" ქართული ფეხბურთი - ჩემპიონატი ავტორი : მაგდა კლდიაშვილი
--------------------------------
* * * გიორგი თექთურმანიძე რუსთავში გადაბარგდა 15:03 14-01-2012
"მეტალურგმა" სეზონისთვის მზადება რუსთავში დაიწყო და ახლაც იქ აგრძელებს. კლუბის მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ გვითხრა, რომ საგაზაფხულო ეტაპისთვის განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გეგმავდნენ და ასეც არის: ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია, თუმცა, ცხადია, არიან წასულებიც და ახალწვეულებიც.
ბოლო და ცინცხალი ამბავი თბილისის "დინამოს" ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი თექთურმანიძეს ტრანსფერია. 21 წლის ფეხბურთელის ამბავი "დინამოს" ესპანეთში გამგზავრების დღეს გაირკვა - ის რუსთაველებს შუერთდება.
"თბილისის "დინამოსთან" ჯერ საბოლოოდ არ შევთანხმებულვართ, მაგრამ, სავარაუდოდ, "მეტალურგში" იჯარით ითამაშებს გიორგი თექთურმანიძე, რომელსაც "დინამოდან" კარგად ვიცნობ. მასთან კონტრაქტს, ალბათ, სეზონის ბოლომდე გავაფორმებთ", - გვითხრა ტყავაძემ.
"მეტალურგის" ახალწვეულს კომენტარი კონტრაქტის გაფორმებისთანავე ვთხოვეთ:
- "დინამოდან" წამოსვლა შენი სურვილი იყო? - ეს ორმხრივი სურვილი იყო, რადგან "დინამოში" ხშირად ვერ ვთამაშობდი და წასვლა იქ ვამჯობინე, სადაც მიწვევდნენ და, როგორც ვგრძნობ, მენდობიან.
- როდის გიმთავრდება "დინამოსთან" კონტრაქტი? - ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, კონტრაქტი 2015 წელს მიმთავრდება.
- ზოგადად, თბილისურ კლუბში როგორ გრძნობდი თავს? - ვერ ვიტყვი, რომ გუნდს ვერ შევეწყვე, რადგან ფეხბურთელის კარიერაში ჩავარდნაც არის და აღმასვლაც. როდესაც "დინამოში" ამიყვანეს, მაშინ უფრო ხშირად გავდიოდი მოედანზე, ურიგოდ არც ევროპის ლიგაზე გამოვსულვარ, სადაც ალექს გარსიას დანიშვნის შემდეგაც მათამაშეს, მაგრამ პრაქტიკა აშკარად მაკლდა, ჩემს ასაკში კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გაზრდა და წინსვლა გინდა, სკამზე ყოფნა არ გარგებს. ეს "დინამოშიც" კარგად ესმოდათ და ამიტომ დათანხმდნენ ჩემს იჯარას.
თუმცა ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს. ახლა "მეტალურგის" ფეხბურთელი ვარ და იმ ხალხთან ვიმუშავებ, ვინც მენდობა...
ცნობილია, რომ ტრანსფერზეა დაყენებული "მეტალურგის" 27 წლის ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე, რომელიც ძირითადი შემადგენლობიდან დათხოვნის შემდეგ დუბლებში ვარჯიშობს.
"ჯერ კონკრეტული წინადადება არ მაქვს, ველოდები მოლაპარაკებების დასრულებას, ასე რომ, ახალს ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა კვახაძემ.
ცენტრალური მცველის პრობლემის მოგვარებას "მეტალურგი" ქუთაისის "ტორპედოდან" წამოსული სევასტი თოდუას დახმარებით აპირებს.
"თოდუასთანაც კონტრაქტს სეზონის დასრულებამდე გავაფორმებთ, ზაფხულიდან კი თავიდან დავილაპარაკებთ", - ამბობს ტყავაძე.
25 იანვრიდან რუსთაველები ანთალიაში გადაინაცვლებენ, იქ 6 თებერვლამდე დარჩებიან და ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ: 27 იანვარს - ტირასპოლის "შერიფთან", 30-ში - ყაზახურ "ასტანასთან", 2 თებერვალს - რუმინულ "სპორტულთან". მეოთხე მეტოქე ჯერ კიდევ ზუსტდება. ტყავაძის თქმით, ისიც, ალბათ, რუმინეთის უმაღლესი ლიგიდან იქნება.
კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები სპარინგ-მატჩებს თურქეთამდეც ჩაატარებენ: 17 იანვარს ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებენ, 20-ში კი "ამერზე" გორის "დილას" შეხვდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ავტორი: მერაბ მამულაშვილი
This post has been edited by achi-anchabeli on 14 Jan 2012, 15:40
--------------------
"პარლამენტარიზმი ნიშნავს მოქალაქეთა გარანტიებს, დისკუსიის, პრესის, ინდივიდუალურ თავისუფლებას, გადასახადების კონტროლს... უფლებას, იცოდეთ როგორ განკარგავენ თქვენ ფულს... თითოეულის უსაფრთხოებას, ტირანიის საპირწონეს, ერის ღირსებას, ცვლილებებს, სიცოცხლეს და ბევრ სხვა რამეს" მონტესკიე
|