ანა ტატიშვილის მასტერკლასილეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში, საქართველოს პირველმა ჩოგანმა -ანა ტატიშვილმა “თბილისი-2015”-ის მონაწილე ჩოგბურთელებისთვის საჩვენებელი ვარჯიში გამართა. აქვე გეტყვით, რომ 22 წლის სპორტსმენი 2-3 დღეში - სოფიკო შაფათავასა და სოფიკო ქვაცაბაიასთან ერთად ქაიროში (ეგვიპტე) გაემგზავრება, სადაც 17-21 აპრილს ფედერაციის თასზე იასპარეზებს.
ლეილა მესხი (ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “ანა საკმაოდ დიდი ხანია, რაც მსოფლიოს ტოპ ასეულის მოთამაშეა. ამჟამად კი, რეიტინგსიაში 85-ე ადგილზე იმყოფება და ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების რეალური შანსი აქვს, ამიტომ მისი საქართველოში ჩამოსვლა და ახალგაზრდა ჩოგბურთელებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბავშვები, რომელთაც დღეს ანამ მასტერ-კლასი ჩაუტარა, საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან. ხსენებული შეჯიბრება 23 აპრილიდან აქვე, აკადემიაში გაიმართება და მასში 18 ქვეყნის წარმომადგენელი ნორჩი ჩოგბურთელები იასპარეზებენ”.
ირაკლი სამყურაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე): “100-ეულის მოთამაშის საქართველოში ჩამოსვლა, ახალგაზრდა ჩოგბურთელებისთვის დიდი სტიმულია. გარდა ამისა, მიმდინარე წელიწადს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სასკოლო ლიგის განვითარების პროგრამას იწყებს და ანა ქართული სასკოლო სპორტის ერთ-ერთი სახე იქნება - ჩოგბურთის მიმართულებით”.
ანა ტატიშვილი (ჩოგბურთელი): “ვარჯიშს რაც შეეხება, ძალიან ვიხალისე. უზომოდ საყვარელი ბავშვები არიან და კარგადაც თამაშობენ. მომავალი გეგმების შესახებ კი გეტყვით, რომ ორიოდე დღეში ქაიროში - ფედერაციის თასზე მივემგზავრები. სათანადოდ ვარ მომზადებული და ვფიქრობ, კარგად ვიასპარეზებ. ამის შემდეგ, ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ვიბრძოლებ. ოლიმპიადამდე 6 ტურნირია დარჩენილი და 65-ე პოზიციამდე თუ ავიწიე, საგზურსაც გავინაღდებ”.
ლანა კენჭაშვილი (ახალგაზრდა ჩოგბურთელი): “უზომოდ გახარებული ვარ, რომ ასეთ დიდ ჩოგბურთელთან მომიწია სპარინგი. ანასთან ვარჯიშზე ყოველთვის ვოცნებობდი”.
რუსუდან ჭუმბურიძე
http://worldsport.ge/Read.aspx?news=34201&lang=1