http://worldsport.ge/Read.aspx?news=37152&lang=1მგონი, საინტერესო უნდა იყოს
ფსიქოლოგია ფეხბურთში - “მოურინიუ რომ მოურინიუა, ამხელა დონის სპეციალისტსაც კი ჰყავს მენტალური მწვრთნელი”
12.06.2012 17:21
დავით ნანობაშვილი: “პირველი, რაც უნდა დაიწყოს ჩვენს ნაკრებში, ეს თეორიულ-ტრენინგული ნაწილია – განხილვები, ანალიზი, სტრატეგია, მითითებები, დავალებები”
12
სჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებს ფსიქოლოგი, ანუ მენტალური მწვრთნელი? ამის შესახებ ერთხელ თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციაზე ჰკითხეს და ასე უპასუხა - “ფსიქოლოგები კი არა, ფეხბურთელები გვჭირდება”. სერიოზულად კი, ძლიერ უცხოურ კლუბებსა და ნაკრებებში ეს მეთოდი აპრობირებულია. ცნობილია, რომ “დორტმუნდის” უცაბედი პროგრესი სწორედ გუნდში მენტალური მწვრთნელის, იურგენ ლიორის მისვლის შემდეგ დაიწყო. “დორტმუნდი” ყველაზე მკაფიო მაგალითი მოვიყვანეთ, თორემ მსგავსი ამბები სხვა კლუბებშიც მრავლადაა.
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ შარშან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მუშაობდა ფსიქოლოგი დავით ნანობაშვილი. ის პროფესორი გახლავთ დედუქციურ-დიფერენციალური განხრით, ევროპის სამეცნიერო აკადემიის პრეზიდიუმის წევრია, სიმსივნის წინააღმდეგ მსოფლიო კოალიციის რეგიონალური დირექტორია.
დავით ნანობაშვილი “მსოფლიოს სპორტს” ესაუბრა მსოფლიო ფეხბურთში მენტალური მწვრთნელის როლზე, მის სამუშაოს სპეციფიკაზე და ასევე, ქართველ მოთამაშეებთან თანამშრომლობაზე, თემურ ქეცბაიაზე...
- შარშან 7 თვის განმავლობაში ვმუშაობდი 19-წლამდელთა ნაკრებში, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნიდა. ერთხელ დიმა ობოლაძის გადაცემაში ვიყავი მიწვეული, სადაც ვისაუბრე ფეხბურთში ფსიქოლოგიის როლზე და პრაქტიკაზე. დევდარიანი იმდღესვე დამიკავშირდა და დავიწყეთ თანამშრომლობა. დავიწყეთ გაზაფხულზე, შემოდგომაზე კი ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. პოლონეთსა და ლუქსემბურგს სძლია, მასპინძელ თურქეთთან კი ფრედ ითამაშა, თუმცა მსაჯის არაობიექტურობა რომ არა, ამ შეხვედრასაც მოიგებდა.
- როგორც ვიცით, უხელფასოდ მუშაობდით...
- დიახ, ასეა. შეთანხმებულნი ვიყავით, რომ სანამ 19-წლამდელების შესარჩევი დასრულდებოდა, გუნდთან ერთად უნდა ვყოფილიყავი. ასეც იყო, შემდეგ კი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არ მოინდომეს. მიუხედავად იმისა, რომ დევდარიანს ძალიან სურდა გუნდში ჩემი ყოფნა. წინასწარ შევთანხმდით, რომ ანაზღაურების გარეშე ვიმუშავებდი შესარჩევის დასრულებამდე. თუმცა, მზად ვარ, ეროვნულ ნაკრებში უხელფასოდ ვიმუშაო. ფეხბურთი ძალიან მიყვარს, გადამკვდარი ქომაგი ვარ და მხოლოდ ზერელედ არ ვუყურებ. ფაქტობრივად, ერთ მნიშვნელოვან თამაშსაც კი არ ვტოვებ.
- გუნდის მენტალური მწვრთნელობა, ალბათ, გარკვეულ საფეხბურთო ცოდნასაც მოითხოვს. თქვენ გაქვთ?
- ფეხბურთს ვთამაშობდი. საერთოდ, სპორტული ცხოვრება მაქვს, სხვა სახეობებსაც მივდევდი. დღეს სხვადასხვა კლუბებსა თუ ნაკრებებში მენტალური მწვრთნელები მუშაობენ, რომლებსაც ფეხბურთთან შეხება თითქმის არ ჰქონიათ.
- რომელ კლუბებს ჰყავთ მენტალური მწვრთნელი?
- “რეალს”, “დორტმუნდს”, “მანჩესტერ სიტის”, “ჩელსის”, “ბარსელონას” და კიდევ არაერთს. მაგალითად, “დორტმუნდი” ავიღოთ: ვის ახსოვდა ეს გუნდი? სადმე ჩანდა? ბუნდესლიგიდან გავარდნა ემუქრებოდა და სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო აღმასვლა, როცა ფსიქოლოგი მიიყვანეს. და ზედიზედ ორჯერ გახდნენ გერმანიის ჩემპიონები. მწვრთნელი იურგენ კლოპი თავადაც კარგი ფსიქოლოგია, მაგრამ მაინც ჰყავს გუნდში მენტალური მწვრთნელი. მოურინიუ რომ მოურინიუა, ამხელა დონის სპეციალისტსაც კი ჰყავს გვერდში მენტალური მწვრთნელი. დააკვირდებით, სათადარიგოთა სკამზე ზის და ხშირად ესაუბრება. ხოსეპ გვარდიოლა “ბარსელონას” მწვრთნელად რომ დანიშნეს, იცით, პირველად რა გააკეთა? გაფრინდა არგენტინაში და 12 საათი ესაუბრა მარსელო ბიელსას. როდესაც ჰკითხეს, რისთვის წახვედიო, უპასუხა, ისე, მეგობრულად, ყავას ვსვამდითო. შემდეგ თქვა გვარდიოლამ, ბიელსამ ფსიქოლოგიური გაკვეთილები ჩამიტარაო.
- შეგიძლიათ, უფრო ვრცლად გვითხრათ თქვენს მეთოდებზე?
- არსებობს ინტელექტის 7 სახეობა, აქედან 5 კოგნიტიური (ფაქტების სამყაროდან) და 2 ემოციური (ადამიანთა ქცევები ზუსტად მათზეა დამოკიდებული). ესენია: 1. შინაგანი ინტელექტი, 2. საკუთარი ემოციების მართვა, 3. თვითმოტივირების უნარი, 4. სხვა ადამიანების ემოციების გაგება, 5. მათთან ურთიერთობის უნარი. ამ ხუთივე სახეობას აქვს ცალკე პუნქტები. გარდა ამისა, არის მოსმენის უნარის 5 საფეხური: 1. ყველაზე დაბალია იგნორირება, 2. მოსმენის სიმულიაცია, 3. შერჩევითი (სელექციური) მოსმენა, 4. ყურადღებით მოსმენა, 5. ყველაზე მაღლა დგას ემპათიკური მოსმენა (ანუ, როცა მოსმენის გარეშეც აღიქვამ).
- ნაკრების რამდენ ფეხბურთელთან მუშაობთ?
- ოთხთან, ოღონდ დასახელებას მოვერიდები. მათთან ხან პირისპირ, ხან კი ინტერნეტის მეშვეობით ვთანამშრომლობ. აქ შედარებითია ყველაფერი: არიან ადამიანები, რომლებსაც ინტელექტის დონე ძალიან დაბალ დონეზე აქვთ და მათთან, ფაქტობრივად, აზრი არ აქვს მუშაობას. არიან პირიქით. ნაკრების ოთხივე ფეხბურთელი, რომლებთანაც ვმუშაობ, მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის კარიერაში. დღესვე დავასახელებდი მათ გვარებს, მაგრამ თავად ფეხბურთელებს არ სურთ გახმაურება და ამიტომაც ვიკავებ თავს.
- ანუ, მზად ხართ, რომ ეროვნულ ნაკრებში იმუშაოთ? ფედერაციაში იციან ამის შესახებ?
- ვყოფილვარ ნაკრებში, ოღონდ მცირე ხნით. გეხსომებათ, “ბასას” ბაზაზე ეროვნული ნაკრები 21-წლამდელებს ხვდებოდა ორმხრივში. როგორც ჩანს, მენტალური მწვრთნელის სამსახურს საჭიროდ არ თვლიან. არ აინტერესებთ. ვიცი, მე რომ ჩამაბარონ სამუშაო, მთავარ მწვრთნელს ეტყვიან, კი მაგრამ, შენ რაღას აკეთებო. ასე უკვე მოხდა დევდარიანის დროს. არადა, ნაკრებში სერიოზული მუშაობაა საჭირო ფსიქოლოგიის მხრივ. სამწუხაროა, რომ ამ კუთხით არაფერი კეთდება, არადა, ნებისმიერ სფეროში ფსიქოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. უმთავრესი, რითაც “ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო “ბაიერნთან”, ფსიქოლოგიური განწყობა იყო. წარმოიდგინეთ, რა წნეხს გაუძლეს. 83-ე წუთზე გოლი გაუშვეს და გათანაბრება მოახერხეს, დამატებითში პენალტი აიღო მეკარემ, პენალტების სერიაში 0:2-ს აგებდნენ და მაინც გაიმარჯვეს. საიდან ეს ყველაფერი? ბევრი რამ არის გამოსასწორებელი საქართველოს ნაკრებში. თუნდაც, თემურ ქეცბაიას ინტელექტი. ხომ ვიცი, ფეხბურთელებთან სასიამოვნო ურთიერთობა არ აქვს და ისინიც უკვე დემორალიზებულნი ჩამოდიან ნაკრებში. იქ, თავიანთ კლუბებში მეტ-ნაკლებად კარგად თამაშობენ, აქ კი არ იციან, რა გააკეთონ. ნაკრების ერთ-ერთი მატჩის წინ ქეცბაიას ეკითხებიან, მეტოქე ამა და ამ კომპონენტებში გვჯობს და თქვენ რას დაუპირისპირებთო. ქეცბაიამ კი უპასუხა - თავდადებისა და გულშემატკივრების იმედი გვაქვსო. მგონი, მწვრთნელმა სხვაგვარად უნდა უპასუხოს, საფეხბურთო კუთხით უნდა ილაპარაკოს. ან რა საჭიროა ვოიაჟი ლეგიონერთა მატჩებზე? ინტერნეტით ნებისმიერი თამაშის ნახვა შესაძლებელია. წარმოიდგინეთ, წერილის გაგზავნა გინდა და მობილური ტელეფონის ან ინტერნეტის ნაცვლად, ფოსტით დეპეშას აგზავნი, რომელსაც ფოსტალიონი 3 დღის შემდეგ მიიტანს. იგივეა აქაც. დავიჯერო, არავინ ეუბნება ქეცბაიას? იცით, ბიელსა “ბილბაოს” მწვრთნელად რომ დანიშნეს, სანამ სეზონი დაიწყებოდა, ერთ თვეში 108 DVD-ს უყურა. ხოლო თამაშის წინ, ვარჯიშებზე ბიელსას ორი თანაშემწე კამერით და ნოუთბუკით დაყვებოდა, ყოველი ილეთის შემდეგ მოედანზე უანალიზებდა ფეხბურთელს ჩანაწერს. შედეგი თავადაც ნახეთ: ვინმე იფიქრებდა, რომ “ბილბაო” “მანჩესტერ იუნაიტედს” ორივე თამაშს მოუგებდა? და თან, ასეთ სტილში? გასაგებია ქეცბაიას სიტყვები პრესკონფერენციაზე – “ამ ჯგუფიდან ნუ მომთხოვთ გასვლას!” ამის შემდეგ ოცნებაც კი ზედმეტია რაიმე შედეგზე. პირველი, რაც უნდა დაიწყოს ჩვენს ნაკრებში, ეს თეორიულ-ტრენინგული ნაწილია – განხილვები, ანალიზი, სტრატეგია, მითითებები, დავალებები. რაც, სამწუხაროდ, დღემდე არ გამოიყენება ჩვენს ნაკრებში და მგონი, არც კლუბებში.
შესაშურად იასპარეზა ჭეშმარიტმა ოსტატმა მაიკლ ჯორდანმა...