უდიდესი შემოტრიალებები: არცთუ ხშირად, მაგრამ ხდება...
24.07.2012 17:00
123
ევროთასების ისტორიაში სულ 49 შემთხვევა ყოფილა, როცა პირველ მატჩში დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, გუნდი შემდეგ ეტაპზე გასულა. ევროთასები 1955 წელს დაიწყო და მას შემდეგ 57 სეზონი გავიდა. 49-ჯერ... ქართულ კლუბებს არასოდეს ჩაუდენიათ ასეთი გმირობა. ისე კი, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
ალბათ, დაგაინტერესებთ ევროტურნირებზე განსაკუთრებულად ხმაურიანი შემოტრიალებები. ისე კი, ისტორიაში 3-ჯერ მოხდა, როცა ოთხბურთიანი წაგებებიც ამოქაჩულა.
13 ყველაზე ხმაურიანი "შემოტრიალება":
1961/1962. თასების თასი. წინასწარი ეტაპი.
პორტუგალიის "ლეიშოეშმა" ფრანგულ "შო დე ფონთან" სტუმრად 2:6 წააგო, შინ კი 5:0 იმარჯვა.
1974/1975. ჩემპიონთა თასი. 1/8 ფინალი.
ფრანგულმა "სენტ ეტიენმა" სპლიტში "ჰაიდუკთან" 1:4 წაგების მერე, შინ 5:1 გაიმარჯვა.
1975/1976. ჩემპიონთა თასი. 1/16 ფინალი.
ბელგიის "ბრიუგემ" ინგლისურ "იფსვიჩთან" 0:3 შინ 4:0-ით მოატრიალა.
1975/1976. ჩემპიონთა თასი. 1/8 ფინალი.
მადრიდის "რეალმა" ინგლისურ "დერბი ქაუნთისთან" გასვლაზე 1:4 წააგო, შინ კი 5:1 მოიგო.
1980/1981. თასების თასი. 1/16 ფინალი.
ეს სწორედ ის, ქართველთათვის დაუვიწყარ სეზონში მოხდა. იენის "კარლ ცაისმა" იტალიაში 0:3 წააგო "რომასთან", შინ კი 4:0 იმარჯვა. შემდეგ, როგორც იცით, "კარლ ცაისი" ფინალშიც გავიდა და თბილისის "დინამოსთან" წააგო - 1:2. 1984/1985. უეფას თასი. 1/8 ფინალი.
ისევ "რეალი"... მადრიდელებმა ბელგიურ "ანდერლეხტთან" 0:3 საშინაო 6:1-ით გადაფარეს.
1984/1985. უეფას თასი. 1/16 ფინალი.
ბელგრადის "პარტიზანმა" ინგლისურ "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" სტუმრად 2:6 წააგო, შინ კი 4:0 იმარჯვა.
1985/1986. უეფას თასი. 1/8 ფინალი.
და კვლავ "რეალი"! "სამეფო კლუბმა" გერმანიაში "გლადბახთან" 1:5 წააგო, "სანტიაგო ბერნაბეუზე" კი 4:0 აგემა.
1985/1986. ჩემპიონთა თასი. 1/2 ფინალი.
"ბარსელონა" შვედეთში "გიოტებორგთან" 0:3 დამარცხდა, შინ ასეთივე ანგარიშით მოიგო და შემდეგ პენალტების სერიაში სძლია მეტოქეს.
1987/1988. უეფას თასი. 1/16 ფინალი.
ბრემენის "ვერდერმა" მოსკოვში "სპარტაკთან" 1:4 წააგო, შინ 90 წუთში ასეთივე ანგარიშით მარცხი აგემა და დამატებით დროში გადაიყვანა თამაში, სადაც ორი გოლი გაიტანა და ერთი გაუშვა. საბოლოოდ, 6:2.
1987/1988. უეფას თასი. ფინალი.
აი, ფინალშიც მომხდარა ასეთი რამ. გერმანიის "ლევერკუზენმა" "ესპანიოლთან" სტუმრად 0:3 წააგო, შინ 3:0 იმარჯვა და პენალტებიც უკეთ დაარტყა. შესაბამისად, თასი "ლევერკუზენმა" მოიგო.
2003/2004. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი.
თბილისის "დინამომ" ალბანეთის "ტირანას" ბორის პაიჭაძის სტადიონის ცარიელი ტრიბუნებით ჩატარებულ მატჩში 3:0 მოუგო, მაგრამ გასვლაზე ასეთივე ანგარიშით წააგო და პენალტების სერიითაც დამარცხდა.
2003/2004. ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი.
ესპანური "დეპორტივოს" გმირობა. ლაკორუნიელებმა "მილანთან" 1:4 წააგეს იტალიაში, შინ კი 4:0 გაიმარჯვეს. "მილანი" იმ დროს ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო.
ერთიც: ბოლო შემთხვევა 2010/2011 წლების ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო, როცა ზაგრების "დინამომ" სლოვენიის ჩემპიონ "კოპერთან" სტუმრად 0:3 წააგო და შინ 5:1 გაიმარჯვა.
...წლეულს "არსენალი" იყო ახლოს შედევრთან, როცა "მილანთან" 0:4 მარცხის შემდეგ, შინ პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 3:0-ს იგებდა, თუმცა ბოლომდე ვერ მიიყვანა საქმე. მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა.
ილია ნანობაშვილი
* * *
მსოფლიო სპორტი" ფინეთის ნაკრებისა და ტურკუს "ინტერის" 24 წლის შემტევ ნახევარმცველ მიკა ოიალას ესაუბრა. ოიალა ფინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირია, შესაბამისად, ალბათ, საქართველოსთანაც მოუწევს თამაში მუნდიალ-2014-ის შესარჩევ ციკლში.
...მიკა ოიალასთან ინტერვიუ ირაკლი სირბილაძის მეშვეობით მოხერხდა. სირბილაძეც და ოიალაც ამასწინათ ფინეთის ჩემპიონატის 10 რჩეულ ფეხბურთელს შორის დაასახელეს. ქართველი ფორვარდი შედეგიან სეზონს ატარებს "ინტერში", რომელმაც სენსაცია მოახდინა ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე - კერძოდ, ჰოლანდიურ "ტვენტეს" სტუმრად 1:1 ეთამაშა და ხუთშაბათს საპასუხო შეხვედრა ელის ფინეთში.
დანარჩენი კი, ინტერვიუდან:
- როგორც ვიცით, ფინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიგიჩნევენ. კმაყოფილი ხართ ამით თუ უახლოეს მომავალშივე აპირებთ უცხოეთში წასვლას?
- ვფიქრობ, ფინეთში კარგი ლიგაა, აქ ბევრი ტალანტია და მათ გასაზრდელად მშვენიერი პირობებია. ფინეთი კარგი ადგილია, რათა ფეხბურთელი დაიხვეწოს და შემდეგ უცხოეთის ძლიერი კლუბი დააინტერესოს. პირადად ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ახლა უკვე მსურს საზღვარგარეთ წასვლა, რათა დავინახო, როგორც ფეხბურთელს, რისი გაკეთება შემიძლია უკეთეს ლიგაში.
- "ტვენტესთან" გასვლითი მატჩი ამის მშვენიერი საშუალება იყო. 1:1 სტუმრად "ინტერისთვის" მშვენიერი შედეგია...
- ფანტასტიკური შედეგია, როცა სტუმრად ჰოლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ეთამაშები. რამდენიმე წლის წინ "ტვენტე" ხომ ქვეყნის ჩემპიონი იყო და ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა. ვფიქრობ, "ტვენტესთან" 1:1 მთლიანად ფინური საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო.
- და რას ელით საპასუხო შეხვედრისგან?
- საინტერესო თამაში იქნება. 0:0 გვყოფნის, ამიტომაც, ვფიქრობ, "ტვენტეს" შეტევებზე გადმოსვლა მოუწევს. კარგად უნდა დავიცვათ თავი და კონტრშეტევებზე სწრაფად, ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ. მიუხედავად გასვლითი 1:1-ისა, ფავორიტები არ ვართ, მაგრამ იმედია, შემდეგ ეტაპზე გავალთ და ისტორიაში საამაყო სახელით შევალთ.
- თქვენს თანაგუნდელ ირაკლი სირბილაძეზე გკითხავთ. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან და როგორ დაახასიათებდით?
- ჩვენ მეგობრები ვართ. ასეა მინდორზე და მის მიღმაც. საკმაო დროს ვატარებთ ერთად. "სირბი" მშვენიერი ფეხბურთელი და ფანტასტიკური ადამიანია. მომწონს მასთან ერთად თამაში. "სირბი" ერთ-ერთი საუკეთესოა "ინტერში". კეთილი ადამიანია და იუმორის გრძნობაც აქვს.
- სირბილაძის გარდა, რომელიმე ქართველ ფეხბურთელს იცნობთ? ან გითამაშიათ ქართველის წინააღმდეგ?
- არა. შესაძლოა, რომელიმე მათგანის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ არ მახსენდება.
- "ინტერი" ჩემპიონატში ლიდერობს. როგორ ფიქრობთ, ბოლომდე მიიყვანთ საქმეს?
- ბოლო მატჩები ძალიან კარგად ჩავატარეთ. გვაქვს იმის პოტენციალი, რომ მოგებების სერია გავაგრძელოთ. თამაშს თუ არ მოვუკლებთ, მჯერა, ჩემპიონები გავხდებით.
- რა მიზანს ისახავს ფინეთი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში?
- მიზანი ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა. ვიცით, რომ შანსები დიდი არაა. ესპანეთი და საფრანგეთი გვყავს მეტოქეებად. დიდი მატჩები გველის და ფეხბურთელები უდიდეს გამოცდილებას შევიძენთ, რაც სამომავლოდ გამოგვადგება.
- საქართველო და ფინეთი ერთ ჯგუფში არიან...
- რთული მატჩები იქნება, მაგრამ იმედია, ჩვენ მოვიგებთ...
- რა იცით საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე?
- ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ირაკლი "ინტერში" გვყავს და დარწმუნებული ვარ, მოგვიყვება. ნელ-ნელა გავეცნობით საქართველოს.
- ფეხბურთში თქვენი კერპი იარი ლიტმანენია?
- დიახ. ლიტმანენი და მიკაელ ფორსელი. პატარა ვიყავი, როცა მათ თამაშს ვუყურებდი, ისინი ფინური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესონი არიან. და როგორ გამიმართლა, რომ მათთან ერთად ვითამაშე ნაკრებში...
- დღესდღეობით ვის მიიჩნევთ ფინეთის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად?
- რომან ერიომენკოს, რომელიც ყაზანის "რუბინში" თამაშობს. ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაკრებში.
- "შალკეს" ფორვარდ ტეემუ პუკიზე რას იტყვით?
- პუკიც ძალიან კარგია. საუკეთესო თავდამსხმელია ნაკრებში, ახალგაზრდაა და მთელი კარიერა წინ აქვს.
- დიდი მადლობა საუბრისთვის.
- გმადლობთ. წარმატებებს ვუსურვებ თქვენს ქვეყანას.
დაბოლოს, მიკა ოიალა 2006 წლიდან თამაშობს ტურკუს "ინტერში", სადაც 145 მატჩში 45 გოლი გაუტანია. 2007-2010 წლებში ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გახლდათ (17 მატჩი, 2 გოლი), ხოლო ეროვნულ გუნდში 4 შეხვედრა ჩაუტარებია. ოიალამ საგოლე პასი გააკეთა ფინეთი-თურქეთის (3:2) ამხანაგურ მატჩში, რომელიც წლეულს მაისში გაიმართა.
ილია ნანობაშვილი
თამარ კაცაძე
http://worldsport.ge/Read.aspx?news=39445&...s=show#comments