imeretiბარემ სრულად იყოს ნიშნიანიძის ეგ ლექსი
--------------------------------------------------------------------------------
გიორგობის თვეში
ნუნუა წვიმს ჩვენში,
გალეშილი ოჩოკოჩი დაჩინდრიკობს ტყეში,
გარბიან და გამორბიან გზები ალთაბალთას
და ღლაბუცობს ოჩოკოჩი ოქროსთმიან ალთან.
რა ხანია არღნის ხმები აღარ ესმის იმერეთს,
დოლ-გარმონით აფიცხებენ მაჭახელა სიმღერებს.
ეჰ არღანო, ჩემო "კუკლა", ვინ ოხერმა გიყელა,
მო, შურთხივით ამიფრინე მოკრიახე სიმღერა.
თქვენი ძველი პატრონები, თითქო არაფერია,
გადიებულ სურათიდან ჩუმად გადმოგვცქერიან.
მაშ, არღანო, ძველებური ჰანგი დასხლიტე,
გაიხსენე სახლიკაცთა ომში წასვლის დღე...
გიორგობის თვეში
გულს გაუდის რეჩხი,
გინდ ყოფილხარ იმერეთში, გინდა - სამოთხეში.
იმ დღეს ღვინო მოიწყურა ნაღვლიანმა გლეხკაცმა,
მერე არღანს ეკურკურა და ცხენივით შეკაზმა.
გადავარდა... სოფელ-სოფელ დაიარა მოყვრები,
იქეიფა, მოიოხა გული მოსაოხები.
არ დაღლილა არც სიმღერით, არც ხუმრობა ხარხარით,
აჭახჭახა, აზლუქუნა, აღრიალა არღანი.
(სანამ ტყვია დაცხრილავდეს ჯარისკაცის ფარაჯას...
თავის წილი სიხარული იმ ორ დღეში დახარჯა).
ჰკოცნიდა და ეხვეოდა ვაზის რქას თუ ხარის რქას,
სიმინდს ფეხზე აყენებდა, წამოჩოქილს ქარისგან.
მაღლარსა და გუდა ლეღვებს შესცქეროდა ქვემოდან,
ალბათ გული თუ უგრძნობდა, ვეღარ დაბრუნდებოდა...
...
ეჰ, არღანო, ახლა მივხვდი, თურმე რანაირი ხარ,
ეს რა მოგდის, შე ბებერო, მღერიხარ თუ ტირიხარ?
...
გიორგობის თვეში
გულს გაუდის რეჩხი,
გინდ ჩასულხარ იმერეთში, გინდა - სამოთხეში.