“გაგრა” დაღმა, “ტორპედო” აღმა... 0:1 ანგარიში და 2:2 ძელებში
2.10.2011 20:22
გეგუჩაძე: “უპირატესობა შეგნებულად დავთმეთ”
ბადრი კეთილაძის ფოტო
გია გეგუჩაძემ ქუთაისის “ტორპედოს” თავკაცის რანგში სადებიუტო მატჩი მოიგო და იმერულმა კლუბმაც საგრძნობლად გამოისწორა მდგომარეობა ცხრილში. მართალია, ჯერ რაიმე კონტურებზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ აქამდე “გაგრასა” და “ტორპედოს” თანაბარი ქულები ჰქონდათ, შესაბამისად, თამაშიც პრინციპულ ხასიათს ატარებდა. ესეც რომ არა, გავიხსენოთ, ვინ მოუგო ქუთათურებს წლეულს საქართველოს თასის ფინალი? “ტორპედომ” იმ მარცხისათვის მინი-რევანში აიღო.
მე-13 წუთზე, სტუმართა ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი “გაგრას” საჯარიმოში აღმოჩნდა და აწოდებდა თუ კარში ურტყამდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ბურთი მასპინძელთა ერთ-ერთი მცველისგან ასხლეტით, უცნაური ტრაექტორიით თავზე გადააფრინდა მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილს და 0:1. მატჩის პირველივე სახიფათო შეტევა გოლით დასრულდა.
პირველ ტაიმში თამაში თანაბარი იყო და ორივე გუნდს შეეძლო გატანა. მაგალითად, დათუნაიშვილს მე-20 წუთზე ჰქონდა შანსი, როცა დაჩი ფოფხაძის ჩაწოდების შემდეგ ახლოდან ურტყამდა, თუმცა, ამჯერად სეფიაშვილი კარგად გაისარჯა. მოგვიანებით, დავით ბოლქვაძის ჯარიმა ხარიხას მოხვდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, ქარმა უცნაურად აფრინა ბურთი და სეფიაშვილიც ამან დააბნია.
“ტორპედო” 4-4-1-1 სქემით თამაშობდა, რომელშიც ნახევარდაცვის ფლანგებზე გრიგოლ დოლიძე და თორნიკე თარხნიშვილი იყვნენ, ცენტრფორვარდ გია მეგრელაძის უკან კი ბოლქვაძე გახლდათ. რაც შეეხება”გაგრას”, მათი განლაგება ტრადიციულად შეტევაზე ორიენტირებული იყო და ბოლო 27 წუთში გუნდმა სულაც 4 ნომინალური ფორვარდით (!) ითამაშა – შალვა კვანტალიანი, ვლადიმირ ორდინსკი, უმარ მაგაჯი და გიორგი გაბედავა. ანატოლი პისკოვეცი ვა-ბანკზე წავიდა.
მანამდე, პირველი ტაიმის მომენტებზე ვთქვათ. 33-ე წუთზე, მაგაჯიმ კარგად ვერ დაარტყა, თუმცა, დამატებაზე გაბედავა უფრო ხელსაყრელ პოზიციაში რომ მდგარიყო, შესაძლოა, ახლოდან გაეტანა კიდეც. საბოლოოდ, კუთხური დაინიშნა და ამ კუთხურს გიორგი ტყეშელაშვილის დარტყმა მოჰყვა – მეკარე ომარ მიგინეიშვილმა ახლო ძელთან ნახტომით მოიგერია. აღსანიშნავი იყო მეგრელაძის ჯარიმაც, რომელიც ოდნავ უზუსტო გამოდგა.
მე-2 ნახევარში, “გაგრა” დიდწილად ლევან შარიქაძის მინდორზე შესვლამ გაააქტიურა. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო იგრძნობოდა, რომ “ტორპედო” ინიციატივას თმობდა. მე-60 წუთზე, შარიქაძემ ხარიხას მოარტყა ბურთი, დამატებაზე კი მაგაჯის დაასწრეს მცველებმა. “ძელებში” ანგარიში მალევე გათანაბრდა, კერძოდ, კონტრშეტევისას, მეგრელაძემ ბოლომდე იბრძოლა და დოლიძეს დაუთმო დარტყმა – ლამაზი გოლი გამოვიდოდა, ძელი რომ არა.
მატჩის ყველაზე საკამათო მომენტი 71-ე წუთზე იყო, როცა “გაგრას” მარცხენაფლანგელი ნიკა ჯიშკარიანი საჯარიმოში შედიოდა დიდი სისწრაფით და ვარდნაში ფეხი გამოსდეს. თითქოს პენალტი გარდაუვალი იყო, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვით... არბიტრმა ჯიშკარიანი გააფრთხილა სიმულიაციისათვის.
“გაგრას” ტემპი არ შეუნელებია, თუმცა, ისიც აშკარად ჩანდა, რომ “ტორპედოს” კონტრშეტევები საშიში იყო. და მაინც, “გაგრას” გოლის გატანა კიდევ შეეძლო - ამდენი მომენტი რომ გექმნება, უნდა გამოიყენო, თუმცა, მე-4 ტურიდან მოყოლებული, ანატოლი პისკოვეცის გუნდი დამამთავრებელ ფაზაში მოიკოჭლებს. ამიტომაცაა, საწყისი 3 მოგების შემდეგ, ხუთ ტურში მხოლოდ ქულა რომ აიღო. ერთიც – “გაგრას” აშკარად “მოკლე სკამი” აქვს და ფაქტობრივად, მთელი სიმძიმე 12-13 ფეხბურთელზე გადადის.
მე-80 წუთზე, სტუმრებს მეორედ დაეხმარათ ძელი: დავით დიღმელაშვილმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი ვერ გამოიტანა, მიკოლა ნაკონეჩნიმ კი უყოყმანოდ დაარტყა 14-15 მეტრიდან და რკინის საგანს მოახვედრა... მოკლედ, “გაგრას” ცუდად წაუვიდა საქმე, ქუთათურთა ამბავი კი, პირიქით, აღმა მიდის - გუნდი ცხრილის ზედა ნაწილშია.
ნამატჩევს “მსოფლიო სპორტი” გია გეგუჩაძეს მცირე ხნით გაესაუბრა.
გია გეგუჩაძე: მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. შესაძლოა, ჩვენ 2:0 წაგვეყვანა ანგარიში და პირიქით, ფრედ დასრულებულიყო მატჩი.
- მე-2 ტაიმში “გაგრამ” აქტიურობას უმატა და ვა-ბანკზეც წავიდა. მზად იყავით ამისათვის?
- აგებდნენ და ველოდით კიდეც, რომ შემოგვიტევდნენ. უპირატესობა კი შეგნებულად დავთმეთ.
- ჩიკვილაძე რატომ არ იყო განაცხადში?
- ამ მატჩისთვის ეს შემადგენლობა ვარჩიეთ.
- მთლიანობაში კმაყოფილი ხართ დებიუტით?
- შედეგით კმაყოფილი ვარ...
2.10. თბილისი. “მერანი”.
“გაგრა” – “ტორპედო” (ქუთაისი) 0:1 (0:1)
გაგრა: სეფიაშვილი, ზვიადაძე (ფალავანდიშვილი 46), გაბუნია (კვანტალიანი 63), ტყეშელაშვილი, კალანდაძე, ნაკონეჩნი, სიჭინავა (შარიქაძე 46), მაგაჯი, ჯიშკარიანი, ორდინსკი, გაბედავა.
მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.
ტორპედო: მიგინეიშვილი, ფოფხაძე, სევასტი თოდუა, გამეზარდაშვილი, გურული, გიორგი დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, დოლიძე, თარხნიშვილი (იოსელიანი 66), დავით ბოლქვაძე (კუხიანიძე 73), მეგრელაძე (საბანაძე 78).
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
გოლი: 0:1 დათუნაიშვილი (13).
გაფრთხილება: ზვიადაძე (33), ჯიშკარიანი (70), გაბედავა (88).
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=25924&lang=1
მიმაგრებული სურათი