სტოპ-კადრი დუმილის ფონზეჯანო ანანიძე... ჯანო... ან ჟანო - როგორც რუსები ეძახიან - მეორე მარცვალზე, “ო“-ზე მახვილით...
კარგად არ ვიცნობ. გაგონილ-მოგონილით უფრო. სპორტულ პორტალებზე ნაწერებით, სოციალურ ქსელებში გამოხმაურებებით. ნანახიც მხოლოდ რეპორტაჟებში მყავს - საქმემ და გეოგრაფიამ ისე მოიტანა, ცოცხლად მისი თამაში არ მინახავს.
ტელევიზორით კი ფეხბურთელის მასშტაბზე წარმოდგენას ვერ შეიქმნი - კაცს მინდორზე, სამ განზომილებაში უნდა ხედავდე და მხოლოდ ამის მერე შეიძლება გაზომო, რამდენად მასშტაბურია იგი. მოედნის რა ნაწილს აკონტროლებს, სადამდე ვრცელდება მისი გავლენა, უბურთოდ როგორ მოძრაობს, როგორ კითხულობს კონკრეტულ კომბინაციას და ზოგადად თამაშს, რამდენად ადეკვატურია დროის მცირე მონაკვეთში.
ეს და კიდევ სხვა ბევრი - ისეთი ნიუანსებია, “ყუთში“ ვერ დაინახავ...
ამიტომ ამაზე ცოტას ვილაპარაკებ - ნიჭიერია, ეროვნულ ნაკრებში ძალიან პატარა რახან დაიჭირვეს, მისი ეს ნიჭიერება აღიარეს და არავითარი საფუძველი არ არსებობს, მის დამფასებლებს არ ვენდოთ.
სხვათა შორის, ქეცბაიამ მის სიძლიერეს - ფიზიკურ და ხასიათისას, გაუსვა ხაზი - კი პატარაა, ტანმორჩილია, მაგრამ მაგარიაო...
რთული დრო უდგას. გეგონება, მისი კარიერა სტოპ-კადრზე დადგა. მეჩვენება, რომ ვერ იზრდება - არადა, მისი თამაშის ნახვის პირველი დღიდან მჯერა, ბოლო წლების ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია, თუ ყველაზე ნიჭიერი არა.
რა ხდება, მორიგი ოპერა უნდა გადაგვიმღეროს მოსკოვის “სპარტაკმა“ და ზოგადად რუსულმა პრემიერლიგამ? მორიგი ქართული პროდუქცია უნდა დამწნილდეს რუსულ “ბანკაში“?
ვიჯდეთ და ველოდოთ, როდის მიხვდება კარპინი, ემერი ან ვინც გნებავთ ის, რომ ანანიძე სკამის სახეხად დაბადებული არ არის?
გასაგებია, რომ რუსები კარგად იხდიან (ფულს - რასაკვირველია), მაგრამ არის კი ფული საპირწონე იმ დიდი სიხარულისა, რომელიც ჯანო ანანიძეს წარმატებულმა კარიერამ შეიძლება მოუტანოს?
გარდა ამისა, მისი წარმატებული კარიერა ქართველი გულშემატკივრისთვისაც ბევრს ნიშნავს - ყველაფერი იქით მიდიოდა, ეს პატარა ქობულეთელი ბიჭი ხალხის სიხარულად უნდა ქცეულიყო.
თუმცა, ვიყოთ ბოლომდე პრაგმატულნი, მართლები და საჩვენო პრობლემისაც ვთქვათ - არ არის მხოლოდ მოსკოვის “სპარტაკში“ საქმე. ვფიქრობ, ჯანოც არ ან ვერ იხარჯება ბოლომდე.
თუკი პრობლემა რუსული კლუბის მესვეურების დამოკიდებულებაშია, თუკი ანანიძეს კონკურენციის მიღმა პრობლემებს უქმნიან, მაინცდამაინც დიდი წუხილის საბაბი არა გვაქვს - გავა კონტრაქტით გათვალისწინებული დრო და ჯანო წავა იქ, სადაც თავის გამოჩენის და გავარსკვლავების მეტ საშუალებას მისცემენ.
სპარტაკული გამოცდილება კი, ზოგი ჭირი რომ მარგებელია, იმ ასპექტიდან გამომდინარე, სამომავლოდ, ახალ კლუბთან ურთიერთობისას და კონტრაქტის გაფორმებისას წაადგება.
რაც შეეხება იმ საკითხს, რისიც ყველაზე მეტად მეფიქრება, გაცილებით ძნელად მოსაგვარებელი იქნება. ხომ არ არის “სპარტაკის“ სათადარიგოთა სკამზე ჯანოს მყარად გამწესების მიზეზი თავად ფეხბურთელის მენტალური პრობლემა?
ხომ არ დაკმაყოფილდა არსებულით?
დიდი ქალაქების ჩირაღდნები ხომ ჯანოზე გაცილებით მოწიფულ და ასაკოვან ფეხბურთელებს აფერხებს?
არსებობს მესამე ვარიანტიც: არაა გამორიცხული, ფეხბურთელს “სპარტაკის“ რიგების დატოვება უკვე საბოლოოდ ჰქონდეს გადაწყვეტილი და როგორც ასეთ შემთხვევაში სხვა კლუბებშიც არაერთხელ მომხდარა, კლუბის მესვეურებმა წამსვლელ ფეხბურთელზე მოცდენას, დამრჩენების შეთამაშება ამჯობინეს...
სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდების საშუალება არსებობს - რაც გინდა გული შეგტკიოდეს, იმდენად მწირ ინფორმაციას ფლობ ადამიანი, დასკვნა და ანალიზი გულითაც გინდოდეს, თავს ვერ მოაბამ.
უბრალო მიზეზის გამო - ჯანოს კარიერა დუმილის ფონზე ვითარდება. მასზე სათანადო ინფორმაციას მხოლოდ ახლობლები და ნაცნობთა ვიწრო წრე ფლობს.
გასაგებია ეს ყველაფერი. არ არის ახალი. ადრეც ხშირად ჰქონია ადგილი ლოგიკას - ზედმეტი ხმაური მომავალ ტრანსფერს, არსებულ კლუბში დამოკიდებულებას ვნებს, ან სულაც ფეხბურთელის აგენტს უჯობს, ფეხბურთელმა და მის უკან მდგომმა ადამიანებმა რაც შეიძლება ნაკლები ისაუბრონ მასმედიასთან.
არადა, როგორ სჭირდება ნაკრებს მისი ყაიდის ფეხბურთელი. ყენიას დემარშმა და ეროვნული ნაკრების კანდიდატებს შორის ასაკობრივმა წყვეტამ ის შედეგი გამოიღო, რომ გამთამაშებელი, რიტმის მარეგულირებელი, თავდამსხმელებისთვის საგოლე პასების გამცემი ფეხბურთელი დაგვიძვირდა.
სხვა დრო გვიდგას... სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული...
ამ კვანძის მალე გახსნას ვისურვებდი. არა მგონია, გორდიასი იყოს - ვფიქრობ, მალე გაიხსნება.
რაღაცნაირად ყველაფერი რიგითი ფეხბურთელის ყოველდღიურობას ემსგავსება და ამისთვის ნამდვილად არ მემეტება ეს აშკარად ნიჭიერი ბიჭი.
ჯანო ან “ჟანო“, როგორც რუსები ეძახიან - მეორე მარცვალზე, “ო“-ზე მახვილით...
კონსტანტინე გოგიშვილი
This post has been edited by BIZ-OO1 on 22 Sep 2012, 14:35
მიმაგრებული სურათი