Ronaldo9ლუდი არ დაგილევია სტადიონზე?
* * *
ფოთის “კოლხეთი” 18 ტურის შემდეგ ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა, თუმცა ცხრილს თუ გადავხედავთ, კარგად ჩანს, რომ ზღვისპირელებს რვა საუკეთესოში შესვლის კარგი შანსი აქვთ - მერვეადგილოსან “გაგრას” 3 ქულით ჩამორჩებიან და დარჩენილ ოთხ ტურშიც ნამდვილად არ აქვთ ცუდი კალენდარი. “კოლხეთმა” ეს შანსი ბოლო სამ მატჩში მოგროვილი 5 ქულით დაიტოვა – ისიც უნდა ითქვას, რომ დავით მახარაძის გაწვრთნილებმა ამ შეხვედრებში ხარისხობრივადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
ბოლო პერიოდში “კოლხეთიდან” კარგი ამბები ისმის. გარდა იმისა, რომ “ფაზისის” სტადიონი კეთდება, მერიამ კლუბს სეზონის ბოლომდე 500000 ლარი გამოუყო, პლუს ფოთის ნავსადგურიც გადასცემთ 100000 ლარს - ამის შესახებ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში თქვა დავით მახარაძემ.
აქვე, ინტერვიუც:
- ნოემბრის შუა რიცხვებიდან წვრთნით “კოლხეთს” და როგორ შეაფასებთ განვლილ პერიოდში გუნდის თამაშს?
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ ფიზიკურის გარდა, ფსიქოლოგიური დატვირთვაც გვქონდა. მადლობა ფეხბურთელებს, ბოლო სამ შეხვედრაში ამ წნეხს აჯობეს და კარგი შედეგიც მიიღეს. გორში რომ წაგვეგო (მატჩი 0:0 დასრულდა), ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩავვარდებოდით და რვეულში გასვლის თეორიული შანსებიღა დაგვრჩებოდა. “სპარტაკთან” ბოლო ტურში გამარჯვება სასიხარულო იყო და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლოსწინა ადგილზე ვართ, ახალ წელს მაინც კარგ ხასიათზე შევხვდებით. შანსი გვაქვს და რაც მთავარია, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი. გული მწყდება “გაგრასთან” ლანჩხუთში წაგებაზე. ორი ბურთით ვაგებდით, გავათანაბრეთ და ბოლოს მოსაგებად წავიწიეთ წინ, თუმცა გოლი გავუშვით და დავმარცხდით.
- სიმართლე ვთქვა, გამიკვირდა, როცა გორში “დილასთან” შემტევი ფეხბურთი ითამაშეთ...
- ეს რთული გასაკეთებელი იყო, თუმცა სხვა გზა არ გვქონდა. ფრეზე რომ გვეთამაშა, შესაძლოა, ამას ცუდი შედეგი მოეტანა. საბოლოო ჯამში, სტუმრად 0:0-მა მაინც დამაკმაყოფილა. ბოლო წუთზე ბედმა არ გაგვწირა და გოლს გადავურჩით, ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე “დილაზე” უკეთ ვთამაშობდით, შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც.
- ალბათ, შემადგენლობა შეიცვლება. შეგიძლიათ გვითხრათ წამსვლელ-მომსვლელებზე?
- გადახალისება აუცილებლად მოხდება. ზოგიერთი ფეხბურთელი გვტოვებს და მათაც დიდ მადლობას ვუხდი, რადგან გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯნენ. ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი წამსვლელების ვინაობა და ამიტომ ვერ დავაკონკრეტებ გვარებს, თუმცა ვიმეორებ, მათი მადლიერი ვიქნები. ასევე, რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ვნახოთ.
- განსაკუთრებულად რომელ რგოლში უჭირდა “კოლხეთს”?
- თავდამსხმელებისგან მეტს ველოდი. ფორვარდები და განაპირა ნახევარმცველები – ამ პოზიციაზე გაძლიერება აუცილებელია და ვაწარმოებთ კიდეც მოლაპარაკებას. რამდენიმე თამაშში აშკარად ჩანდა, რომ სისწრაფეში მოვიკოჭლებდით. ისე, ერთი ცენტრალური მცველიც არ გვაწყენდა.
- კლუბში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე რას გვეტყვით?
- დავალიანება ამ დღეებში დაიფარება. პლუს, ბიუჯეტში ჩაგვისვეს ნახევარი მილიონი ლარი და ეს განკუთვნილია სეზონის ბოლომდე, რაც იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ მშვიდად და აუღელვებლად ჩავატარებთ თამაშებს. პლუს, ფოთის ნავსადგურიც 100000 ლარს გვაძლევს. ადრე რომ იყო, ისე აღარ მოხდება. თურქეთში ვაპირებთ შეკრების გავლას და იმედია, იანვრის ბოლოს ამას მოვახერხებთ. გეცოდინებათ, “კოლხეთი” ქალაქის მერიის ბალანსზეა და ეს ნახევარი მილიონიც მათგან მოდის. მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტ თენგიზ სარიშვილს, ვიცე-პრეზიდენტ დავით ბაბილუასა და ქალაქის მერს, ვახტანგ ლემონჯავას. “კოლხეთს” ნამდვილად მხარში უდგანან. ამასთან, სერიოზული საუბარი მიდის სპონსორის მოძიებაზე.
- კერძოდ?
- ჯერ გადაწყვეტილი არაა, ვინ იქნება სპონსორი.
- ფოთის სტადიონის მდგომარეობაც გვაინტერსებს.
- “ფაზისზე” მინდორი დაიგო, უბრალოდ, იქ შესვლა ჯერ არ შეიძლება. სტადიონი მხოლოდ მინდორი არაა, ამიტომაც, კეთდება ტრიბუნები, გასახდელები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ტრიბუნებისთვის 3700 სკამს გადმოგვცემს. “ფაზისზე” ტრიბუნები ორ მხარესაა, აღმოსავლეთით და დასავლეთით. სკამები დამონტაჟდება, პლუს, იგეგმება განათების სისტემა. განათებისთვის საჭირო თანხას ნავსადგური გაიღებს.
- მინდორი როგორი ხარისხისა იქნება?
- ბერძნულმა კომპანიამ მოიგო ტენდერი და მართლაც კარგი ბუნებრივსაფარიანი მინდორი დააგო. სადრენაჟო და სარწყავი სისტემაც მოწესრიგებულია.
- თებერვალში ჩემპიონატი განახლდება და “ფაზისზე” თამაშს თავიდანვე შეძლებთ?
- 16 თებერვალს “მერანს” ვეთამაშებით მარტვილში, 21-ში კი “ვიტ ჯორჯიას” ვმასპინძლობთ და იმედია, სწორედ განახლებულ “ფაზისზე” გაიმართება ეს შეხვედრა. დიდწილად სწორედ ეს ორი შეხვედრაა გადამწყვეტი რვა საუკეთესოში შესვლის თვალსაზრისით, მომდევნო ორი თამაში კი “სიონთან” (სტუმრად) და “ტორპედოსთან” (შინ) გვექნება.
ილია ნანობაშვილი