შენა მისმინე ეხლა ეს გუნდი გამოგრჩა და გადაიკითხე აბა რამდენი აქვს ბიუჯეტი “ტრენჩინი”: როგორ მუშაობს ქუთაისის “ტორპედოს” შემარცხვენელი სლოვაკური კლუბი
01.07.2017ზურა ბერუკაშვილი
მდებარეობა: ქალაქი ტრენჩინი
მოსახლეობა: 56 000
გუნდის ბიუჯეტი: < 2 000 000 €
ფეხბურთელთა საშუალო ასაკი: 21.4 წელი
უცხოელი ფეხბურთელები: 45.5%
სტადიონის ტევადობა: 4 300
22426847
“ტრენჩინი” 2007 წელს ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ტჩუ ლა ლინგმა იყიდა. ლა ლინგის მოსვლის პირველივე წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. კარგი მენეჯმენტის და სწორი სტრატეგიის შედეგად 2013 წელს გუნდმა სლოვაკეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, 2014 წელს – მეორე, 2015 და 2016 წლებში სლოვაკეთის ჩემპიონობა მოიპოვა. დღეს გუნდის მიზანი, ისევე როგორც ქართული კლუბების მიზანი, არის ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა. საინტერესო იქნება “ტრენჩინის” სტრატეგიის განხილვა, რადგანაც სლოვაკური კლუბი დაახლოებით ისეთივე გამოწვევების წინაშე დგას, როგორის წინაშეც დგანან ქართული კლუბები. “ტრენჩინი” ვერ თამაშობს ევროტურნირებზე საკუთარ მოედანზე, შიდა ჩემპიონატიდან ვერ იღებს დიდ შემოსავლებს და ა.შ.
ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა არა მხოლოდ გუნდის ლამაზი ოცნება, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიის და გუნდის მიერ შერჩეული ბიზნეს-მოდელის ნაწილიც არის, რადგანაც სლოვაკეთის ჩემპიონატი არ იძლევა საშუალებას, რომ გუნდებმა გამოიმუშავონ დიდი თანხები. ყოველწლიურად კლუბი ტრანსლაციების უფლებების და მარკეტინგული უფლებების მიყიდვით სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციისგან მხოლოდ €50 ათასს იღებს, დანარჩენი თანხის გამომუშავება კლუბს თავად უწევს. “ტრენჩინი” ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე 2013-14 წლის სეზონიდან ჩაერთო, შარშან კლუბი “ევროპა ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში მოხვდა, სადაც ვენის “რაპიდთან” დამარცხდა ორი მატჩის ჯამში 2-4. შარშან “ტრენჩინმა” მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპებში მონაწილეობით ჯამში €1 245 000 შემოსავალი მიიღო უეფასგან.
მოძველებული ინფრასტრუქტურიდან და სლოვაკეთის პატარა საფეხბურთო ბაზრიდან (სლოვაკეთში ცხოვრობს 5.4 მილიონი ადამიანი) გამომდინარე, კლუბი ვერც მატჩის დღეებში და ვერც სპონსორებისგან ვერ ახერხებს დიდი შემოსავლების მოღებას. კლუბის სტადიონი მხოლოდ 4 300 ადამიანს იტევს, ხოლო ევროტურნირებში მონაწილეობის დროს გუნდი მეზობელ ქალაქში ქირაობს სტადიონს, რადგანაც “ტრენჩინის” სტადიონი ვერ აკმაყოფილებს უეფას სტანდარტებს.
მწირი ბიუჯეტი, €2 მილიონი კლუბს არ აძლევს საშუალებას ფეხბურთელებს დიდი ხელფასი გადაუხადოს და დიდი ფული დახარჯოს ტრანსფერებში. “ტრენჩინის” სტრატეგია ამ ეტამზე ასეთია: ის ეძებს ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელებს, ზრდის 1-2 წლის განმავლობაში და შემდეგ უფრო ძვირად ყიდის. და ამ ყველაფერს “ტრენჩინი” ახერხებს სკაუტების დიდი არმიის გარეშე, რადგანაც კლუბს არ აქვს საშუალება შტატში ათობით სკაუტი იყოლიოს, რომლებიც პლანეტის სხვადასხვა წერტილში იმუშავებენ.
კლუბი ახალგაზრდა ტალანტების ძიებას ახორციელებს პარტნიორი კლუბების დახმარებით. “ტრენჩინს” კარგი პარტნიორული ურთიერთობა აქვს ჰოლანდიურ “აიაქსთან”, ბრაზილიურ “ბოტაფოგოსთან”, ბერძნულ, ბულგარულ, რუმინულ და არგენტინულ კლუბებთან. გარდა ამისა, კლუბი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საფეხბურთო სააგენტოებთან.
“ტრენჩინი” აქტიურად თანამშრომლობს ნიგერიულ “GBS Group”-თან, რომელსაც ნიგერიაში საკუთარი საფეხბურთო აკადემია აქვს. 2013 წლის ზაფხულში “ტრენჩინმა” ამ აკადემიიდან მოიყვანა მოზეს სიმონი, რომელმაც პირველივე სეზონში 13 ბურთი გაიტანა და 2014 წლის ზაფხულში ის “გენტმა” იყიდა €650 ათასად. 2014 წელს ამავე აკადემიიდან მოვიდა კიდევ ერთი ნიგერიელი ფეხბურთელი სამუელ კალუ, ერთი სეზონის შემგეგ “ტრენჩინმა” კალუ €1 მილიონად გაყიდა “გენტში”. დღეს “ტრენჩინში” 4 პერსპექტიული ახალგაზრდა ნიგერიელი ირიცხება.
“ტრენჩინის” გენერალური დირექტორის რობერტ რიბნიჩეკის აზრით, კლუბისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უცხოელი ფეხბურთელების ყოლა:
“ადგილობრივი და უცხოელი ფეხბურთელების მიქსი ჩვენთვის აუცილებელია და ეს ფილოსოფია ჩვენ სულ გვექნება და მომავალშიც არასდროს შეიცვლება. უცხოელი ფეხბურთელები ჩვენ რაღაც ახალს გვაძლევენ, იმას რასაც სლოვაკი ფეხბურთელები ვერ მოგვცემენ თავისი მენტალიტეტიდან და ტიპოლოგიიდან გამომდინარე.”
უცხოელი ფეხბურთელების ჩამოყვანის გარდა გუნდი აქტიურად მუშაობს ადგილობრივ ახალგაზრდა ტალანტებთანაც. ტრენჩინის აკადემიის აღზრდილია ცნობილი სლოვაკი ფეხბურთელი მარტინ შკრტელი. 2016 წელს კლუბმა ტრაბზონსპორში €3.5 მილიონად გაყიდა თავისი აღზრდილი მატუშ ბენო. “ტრენჩინმა” ბოლო 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ტრანსფერებიდან €6.75 მილიონის შემოსავალი მიიღო. კლუბს ბოლო 10 წლის განმავლობაში ტრანსფერებში ჯამში მხოლოდ €500 ათასი აქვს დახარჯული, რადგანაც ფეხბურთელების უმეტესი ნაწილი გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მოდის.
ასე მუშაობს “ტრენჩინი”, და როგორ მუშაობენ ქართული კლუბები? სამწუხაროდ ქართული კლუბების უმეტეს ნაწილს ერთი სტრატეგია აქვთ: აითვისონ ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული თანხები.
* * *
https://sport486.wordpress.com/2017/07/01/trencin/