“კოლხეთი” “რუსს” დაუზავდა
31.01.2012 23:33
ფოთის “კოლხეთი” თურქეთშია და 10-დღიან შეკრებას შეუდგა. ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა ფაზისელთა პრესატაშე გია ეჯიბიამ, რომელიც გუნდის თავკაც დავით მახარაძეს პირადად ესაუბრა ხმელთაშუა ზღვისპირა ალანიაში. ფაზისელთა 29-კაციანი დელეგაცია სასტუმრო “ლონისერაში” არის დაბინავებული. ბოლო მომენტში გუნდს სავიზო პრობლემების მქონე კამერუნელი ფრიდოლინ ბოიომო გამოაკლდა.
“კოლხეთმა” პირველი სპარინგი სამშაბათს გამართა და რუსეთის ერთ-ერთი დაბალი დივიზიონის კლუბ “რუსთან” უგოლო ფრედ ითამაშა. როგორც თურქეთიდან უთქვამთ, “რუსი” სანკტ პეტერბურგიდანაა და ქართველებს მისი ძლევის რეალური შანსი ჰქონდათ. მე-13 წუთზე დათა ციცხვაიას პენალტის დარტყმის უფლება მიეცა, მაგრამ კიპერმა აუღო.
შემადგენლობა, რომელიც მახარაძემ რუსებთან ათამაშა, ასე გამოიყურება:
I ტაიმი - ნადირაშვილი, კილასონია, ცხვიტარია, ხატიაშვილი, გაბუნია, გოგონაია, სიჭინავა, ცხადაია, დათუნაიშვილი, გულუა, ციცხვაია;
II ტაიმი - მიქაბერიძე, ფოფხაძე, ბარამიძე, ლომაშვილი, კაკულია, ქებაძე, გვალია, წაბრია (ხუბუტია, 75), წურწუმია, პავლიაშვილი, ტუღუში (ქორჩილავა, 75);
გია ეჯიბიას თქმით, 1 თებერვალს, თბილისის დროით 15 საათზე, “კოლხეთის” მორიგი სპარინგი დაიწყება, რომელშიც ქართველებს ყაზახეთის პირველი ლიგის ჩემპიონატში 2011 წელს მე-12 ადგილზე გასული აქტაუს “კასპია” დაუპირისპირდება. ცნობილია 3 თებერვლის ტესტ-მატჩის მეტოქეც - იგი ბულგარეთის უმაღლეს დივიზიონში პირველი წრის შემდეგ მე-9 ადგილზე მყოფი პერნიკის “მინიორი” იქნება. რაც შეეხებათ 5-ში და 8-ში გასამართავი სპარინგის მეტოქეებს, მათი ვინაობა ჯერ კიდევ დადგენის სტადიაშია.
ფრიდონ კერვალიშვილი
მიმაგრებული სურათი