სიონი-კოლხეთი 0:0 - ლოგიკური ნულები
10:05 27-02-2012
26.02. ბოლნისი. თ. სტეფანია. 300 მაყურებელი
სიონი-კოლხეთი 0:0
სიონი კოლხეთი
4-4-1-1 4-4-1-1
ბობღიაშვილი ნადირაშვილი
კობაური დ. ფოფხაძე
სვანიძე ცხვიტარია
ქემოკლიძე ლომაშვილი
ჩიკვილაძე გაბუნია
ჭანკოტაძე პ. დათუნაიშვილი
კაციტაძე ქებაძე
ჯოჯუა ცხადაია
გველესიანი პავლიაშვილი
დ. ბოლქვაძე გვალია
მეტრეველი ტუღუში
მწვრთნელი მწვრთნელი
ხ. ქასრაშვილი დ. მახარაძე
სიონი
48. ჯოჯუა - გ. ოქროპირიძე
60. გველესიანი - ნემსაძე
65. კაციტაძე - ლ. ჩხეტიანი
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ავსაჯანიშვილი, ისიანი, უგულავა
კოლხეთი
46. პ. დათუნაიშვილი - წურწუმია
55. ცხადაია - სიჭინავა
84. ტუღუში - ციცხვაია
სათადარიგოები: ა. მიქაბერიძე, ბოიომო, გ.კილასონია, გოგონაია
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
"კოლხეთმა" სეზონის მეორე ნახევარი მძლავრად დაიწყო და ზედიზედ ორი გამარჯვებით უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრის რეალური შანსი გაუჩნდა. ფოთელებს ბოლნისშიც რომ მოეგოთ, ცალი ფეხით უკვე ზედა რვიანში იქნებოდნენ, მაგრამ მიზანს ამჯერად ვერ მიაღწიეს და მათი ბედი პირველი ეტაპის ბოლო ტურში გადაწყდება.
ბოლნისური მატჩი აბსოლუტურად კანონზომიერი შედეგით დასრულდა. გამარჯვება არც მასპინძლებს დაუმსახურებიათ და არც სტუმრებს. თამაშის ტემპი ნორმალური იყო და ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის თავდაუზოგავად იბრძოლეს, მაგრამ არ იყო მთავარი - სანახაობა. მატჩი, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევარი, ძალიან მოსაწყენი გამოდგა.
ორივე გუნდის მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა, განსაკუთრებული შეცდომები არც მცველებს დაუშვიათ, შემტევები კი თამაშის გამწვავებას იშვიათად ახერხებდნენ. "სიონისა" და "კოლხეთის" მონაწილეობით თითო მომენტის გახსენება კი მაინც შეიძლება - პირველ ტაიმში ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა ილია პავლიაშვილის თავური, მატჩის მეორე ნახევარში კი თენგიზ ჩიკვილაძის შორეული დარტყმა მიზანს ოდნავ ასცდა.
ბოლნისელთაგან გიორგი ჭანკოტაძე გამოირჩეოდა, რომელმაც რამდენჯერმე შორიდან სცადა გატანა, მაგრამ მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა.
შემდეგ ტურში გამოჩნდება, ძვირად დაუჯდება თუ არა "კოლხეთს" ეს დანაკარგი, "სიონი" კი ნელ-ნელა კონკურენტუნარიან გუნდად ყალიბდება და ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე თავისი სიტყვა თქვას.
მატჩის შემდეგ
ხვიჩა ქასრაშვილი ("სიონი"): "საკმაოდ დაძაბული მატჩი გამოდგა, რომელიც, ვფიქრობ, ლოგიკური შედეგით დასრულდა. "სიონი" ნელ-ნელა უკვე ემსგავსება იმ გუნდს, რომელიც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს და ამ ამოცანას წარმატებით შეასრულებს. პრობლემები გვაქვს თავდასხმაში, მაგრამ ესეც მოგვარებადი საკითხია".
დავით მახარაძე ("კოლხეთი"): "გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, მაგრამ მეტოქემ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია და რთულ შეხვედრაში მხოლოდ ფრეს დავჯერდით. ამის მიუხედავად, რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრის შანსს მაინც ვინარჩუნებთ და პირველი ეტაპის ბოლო ტურში სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ".
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...uri-nulebi.html