ფოთელთათვის, უგოლო ფრეც შედეგიანი გამოდგა
8.03.2012 23:49
მალხაზ ახვლედიანის ფოტო
1
2
3
4
5
6
7
8
როგორც იქნა, ორჯერ გადადებული ბოლო ტურიც ჩატარდა. ყველაფერი დაახლოებით ისე დამთავრდა, როგორც ფეხბურთის სპეციალისტები ვარაუდობდნენ. სანუკვარ რვა გუნდში მოსახვედრ სამ ვაკანტურ ადგილზე იმ კლუბებმა გაიკვლიეს გზა, რომლებიც უკანასკნელი ტურის წინ, დანარჩენ ორზე უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. “ბაია” ,”დილა” და “კოლხეთი” მხოლოდ საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებულნი, მაშინ როცა, “ვიტ ჯორჯიასა” და “სპარტაკს”, მოგებასთან ერთად, კონკურენტების წაბორძიკებაც სჭირდებოდათ. ზემოთ ნახსენებ სამ კლუბს ის უპირატესობაც ჰქონდათ, რომ მოვლენათა სასიკეთო დამთხვევების წყალობით, შეიძლება ფრეც ჰყოფნოდათ.
გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ფოთელებმა, რიონისპირულ დერბიში დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული ქულით შეძლეს ზედა რვა გუნდში ადგილის დამკვიდრება.
თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-7 წუთზე შექმნეს. წურწუმიას გარღვევას გამჭოლი გადაცემა მოჰყვა, თუმცა მცველებმა სიტუაცია განმუხტეს. ათიოდ წუთში, შანსი დოლიძესაც მიეცა. თანაგუნდელებმა იგი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს, მაგრამ ტორპედოელთა ნახევარმცველს დარტყმა დაუგვიანდა და კარის აღების შესაძლებლობაც დაკარგა.
ტაიმის შუაწელს, სტუმრებმა კლასიკური სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. დოლიძემ ფლანგიდან ცენტრისკენ გადაინაცვლა და მარჯვენა ფრთაზე შეტევაში დათუნაიშვილი ჩართო, მან კი, ერთი შეხებით ბურთი საჯარიმოში მყოფ გოცირიძეს გადააწოდა. ქუთათურთა ფორვარდის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
ტაიმის ბოლომ ფოთელთა უპირატესობით ჩაიარა. წურწუმიას საჯარიმოში შეჭრას, მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმა მოჰყვა. ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას. უკანასკნელ წუთზე კი, გვალიას შორეული გასროლა მიგინეიშვილმა უვნებელყო 0:0, ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.
შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ფოთელებმა თამაშის სადავეები ხელში აიღეს და ბურთსაც ძირითადად ისინი აკონტროლებდნენ. თუმცა, ტორპედოელებიც თავს მედგრად იცავდნენ და მეტოქეს რეალური სახიფათო მომენტის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ.
63-ე წუთზე, მასპინძელთა მრავალსვლიანი კომბინაცია წურწუმიამ დააბოლოვა, მაგრამ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.
71-ე წუთზე, გამეზარდაშვილმა თავით ბურთი მიგინეიშვილს არაზუსტად მიაწოდა. ტორპედოელთა კაპიტნის შეცდომით პავლიაშვილმა ისარგებლა. გადაცემა ჩაჭრა და კარის დალაშქვრის შანსი გაუჩნდა, თუმცა მახვილი კუთხიდან დარტყმა საკმაოდ უხეიროდ გამოუვიდა.
სამი წუთის შემდეგ კი, ფოთელებმა ნაღდი საგოლე მომენტი შექმნეს. პავლიაშვილმა დრიბლინგით თავისი მეურვე ჩამოიტოვა და საჯარიმოში მყოფი ტუღუში მოძებნა. თანაგუნდელის გადაცემას ფორვარდი კარგად გამოეხმაურა და ძლიერი დარტყმით ბურთი ტორპედოელთა კარისაკენ გაგზავნა. მიგინეიშვილს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა დასჭირდა საკუთარი კარის მშრალად შესანახად.
მე-80 წუთზე, მასპინძელთა მოწოდებულ საჯარიმოზე დიღმელაშვილს ბურთი თავზე აეჭრა და კინაღამ საკუთარი კარი დალაშქრა. ქუთათურთა გოლკიპერი აკრობატულ ნახტომში მისწვდა ბურთს და პირით ხაზს იქით მოიგერია. კუთხურის გათამაშების შემდეგ შეტევაში ჩართულ ლომაშვილსაც მართებდა თავის გამოჩენა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
ამის შემდეგ, მოვლენები თითქოს ჩაწყნარდა. მართალია, ფოთელებს თამაშის მოსაგებად მცდელობა არ დაუკლიათ, მაგრამ მათი გულისყური მაინც პარალელურად მიმდინარე მატჩებისაკენ იყო მიპყრობილი, საიდანაც მასპინძელთათვის ერთობ სასიამოვნო ინფორმაციები მოდიოდა. დროის ამ მომენტისათვის, ვეტერინარები ქვეყნის ჩემპიონთან მარცხდებოდნენ. ამ შემთხვევაში კი, “კოლხეთს”რვა გუნდში მოსახვედრად ფრეც ხელს აძლევდა. ამიტომ, ფოთელებმა მასირებულ შეტევებს უკლეს და მატჩის დამთავრებამდე დარჩენილ დროში, აქცენტი მთლიანად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადაიტანეს.
ამასობაში, არბიტრ ხარიტონაშვილის საფინალო სასტვენიც გაისმა, რომელმაც ორივე გუნდისათვის მისაღები საყაიმო შედეგი დააფიქსირა.
პრესკონფერენცია
გია გეგუჩაძე-(“ტორპედო”) : ”პირველ რიგში, მეტოქეს ვულოცავ მოწინავე რვა გუნდში მოხვედრას. ჩვენ ეს ამოცანა ადრევე დავძლიეთ და ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობას ახალგაზრდები გავუშინაურეთ. ჩვენ მეტოქეების ქულებს არ ვითვლით. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ბრძოლას ისევ ძველებურად გავაგრძელებთ”.
დავით მახარაძე-(“კოლხეთი”) : “ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ძალიან გახარებულები ვართ. დიდი მადლობა ბიჭებს ამისათვის. ყველამ კარგად დაინახეთ, რომ ჩვენ ეჭვებზე მაღლა დავდექით. მოწინავეთა შორის ადგილი სამართლიანი ბრძოლით მოვიპოვეთ. მომავალშიც ასევე გავირჯებით”.
“კოლხეთი” (ფოთი) -“ტორპედო” (ქუთაისი ) 0:0 (0:0)
8 მარტი. ფოთი. ,,ფაზისი’’ 15:00 სთ. 1500 მაყურებელი
“კოლხეთი”: ნადირაშვილი, ფოფხაძე, ცხვიტარია, ლომაშვილი, გაბუნია, ქებაძე, გვალია (კ), წურწუმია (სიჭინავა 76), პ. დათუნაიშვილი (ცხადაია 65), პავლიაშვილი, ტუღუში;
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე
“ტორპედო”: მიგინეიშვილი, კვახაძე, გამეზარდაშვილი (კ), რიგვავა, გურული, გ. დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, დოლიძე (იოსელიანი 66), კუხიანიძე (ფირცხალავა 77), საბანაძე, გოცირიძე (ფანცულაია 85) ;
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: კვახაძე (78)
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი
ვახტანგ დათიაშვილი ფოთიდან
http://worldsport.ge/Read.aspx?news=32387&lang=1კოლხეთი-ტორპედო 0:0 - ფოთელებმა პლეი ოფი დაიმსახურეს
11:01 09-03-2012
...მატჩის ბოლო წუთებში "კოლხეთი" უკვე დროის გაყვანაზე ფიქრობდა, რადგან საქართველოს ქალაქებში მიმდინარე კონკურენტთა შეხვედრებიდან ფოთელთათვის მისაღები ცნობები მოვიდა.
ყველაზე მთავარი იყო მცხეთიდან მოსული ინფორმაცია, რომ "ვიტ ჯორჯია" აგებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კოლხებს ფრეც აწყობდათ, ხოლო რისკზე წასვლა არ ღირდა - თუ გოლს მიიღებდნენ და "დილა" "ცხინვალს" ვერ გაუთანაბრებდა, ქვედა რვაეულში ვეტერინარებთან ერთად "კოლხეთიც" მოხვდებოდა.
როგორც უკვე იცით, ყველაფერი ფოთელთათვის კარგად დასრულდა - "კოლხეთი" მოწინავე 8 გუნდში მოხვდა და თუ ევროსარბიელზე მოსახვედრად ბრძოლას ვერ შეძლებს, არც ლიგიდან გავარდნის საფრთხე დაემუქრება.
თუმცა ყველაფერი ასე იოლად არ მოსულა. მატჩის საწყისი წუთები მასპინძლებს კარგს არაფერს უქადდა. ისედაც ნათელი იყო, რომ "კოლხეთს" ძალიან გაუჭირდებოდა.
გარკვეულ პერიოდებში ქუთათურებმა თავისი თამაში მოახვიეს მეტოქეს და ბურთიც "დაუმალეს". რამდენიმე ხიფათიც შექმნეს, თუმცა აქედანვე გეტყვით, რომ შეხვედრა მომენტებით დახუნძლული არ ყოფილა.
პირველი ხიფათი სტუმრებმა შექმნეს. მანამდეც აქტიურად მოთამაშე გრიგოლ დოლიძე მე-15 წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანეს. ქუთათურთა 22-ე ნომერიც კარგად გაერკვა სიტუაციაში, მაგრამ კოლხთა მცველმა ბოლო მომენტში ჯარიმის ზღვარზე "დაუფარა" და თავისიანები გადაარჩინა.
მეტი ღირებული პირველ ტაიმში არაფერი მომხდარა, თუ შორეულ დარტყმებს არ ჩავთვლით და აქვე, კოლხთა სასახელოდ ისიც აღსანიშნავია, რომ ტაიმის მიწურულს ვითარების გამოსწორება და თამაშის გათანაბრება მოახერხეს.
უკვე მეორე ნახევარი ფოთელთა მცირეოდენი უპირატესობით დაიწყო. ბურთსაც უმეტესად "კოლხეთი" აკონტროლებდა და აშკარა იყო, უფრო მოტივირებულები მასპინძლები რომ იყვნენ.
ვერ ვიტყვით, რომ ქუთათურები ბოლომდე არ გახარჯულან, მაგრამ ისინი გასაგები მიზეზების გამო უფრო თავისუფლად, ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე და ლაღადაც თამაშობდნენ, თუმცა "კოლხეთმა" დაამტკიცა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა და მასთან იოლ გასეირნებას, მით უფრო, ფოთში, არავინ უნდა ელოდეს.
ამის შემდეგ ხიფათს ძირითადად "კოლხეთი" ქმნიდა: ილია პავლიაშვილმა ერთ ეპიზოდში ვერ ისარგებლა "ტორპედოს" მცველთა შეცდომით, ხოლო მეორედ - მან ჩინებული გადაცემა კი გაუკეთა ბექა ტუღუშს, მაგრამ ფორვარდის დარტყმულს ადგილზე დახვდა ომარ მიგინეიშვილი.
ეს უკანასკნელი რომ არა, "კოლხეთი" მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დაიმშვიდებდა თავს - ერთ-ერთი ჩაწოდებისას დიღმელაშვილმა ბურთს თავი ისე გაჰკრა, ქუთათურთა მეკარის რეაქცია რომ არა, მატჩი უგოლოდ არ დასრულდებოდა.
ამის შემდეგ კი ის მძიმე წუთები იყო, როცა "კოლხეთს" უკვე გოლი არ უნდა გაეშვა, რადგან "ვიტელთა" მხრიდან ჩემპიონებისთვის ბოლო წუთებში ერთდოულად 2 გოლის გატანას ("ზესტაფონი ამ დროისთვის კაცნაკლულ "ვიტ ჯორჯიას" 1:0-ს უგებდა) არავინ მოელოდა.
ასეც მოხდა და "კოლხეთი" მოწინავე 8 გუნდში მოხვდა. უნდა ითქვას, ღირსეულადაც - დავით მახარაძის შეგირდებს წელს გამართული 4 შეხვედრიდან ერთხელაც არ წაუგიათ - 2-ჯერ მოიგეს და ამდენჯერვე ფრედ ითამაშეს.
08.03.2012. ფოთი. ფაზისი. 1200 მაყურებელი
კოლხეთი-ტორპედო 0:0
კოლხეთი გაგრა
4-4-1-1 4-1-4-1
ნადირაშვილი მიგინეიშვილი
ფოფხაძე რიგვავა
ცხვიტარია კვახაძე
ლომაშვილი გამეზარდაშვილი
გაბუნია გურული
ქებაძე დიღმელაშვილი
პ. დათუნაიშვილი დოლიძე
წურწუმია გ. დათუნაიშვილი
პავლიაშვილი კუხიანიძე
გვალია საბანაძე
ტუღუში რ. გოცირიძე
მწვრთნელი მწვრთნელი
დ. მახარაძე გ. გეგუჩაძე
კოლხეთი
64. დათუნაიშვილი-ცხადაია
75. წურწუმია-სიჭინავა
სათადარიგოები: ა.მიქაბერიძე, გ.კილასონია, ბოიომო, ხატიაშვილი, ციცხვაია
ტორპედო
64. დოლიძე-იოსელიანი
76. კუხიანიძე-ფირცხალავა
86. გოცირიძე-ფანცულაია
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ლემონჯავა, ვ. ბოლქვაძე
გაფრთხილება: კვახაძე (78)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი (თბილისი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქართული ფეხბურთი - ჩემპიონატი
ავტორი : მამუკა ქანთარია
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...imsakhures.html