ფოთელთა დამსახურებული გამარჯვება
21.03.2012 22:55
როგორც იქნა, პლეი ოფის გათამაშებაში ,,ტორპედოც’’ ჩაერთო, თუმცა, თითქმის ორკვირიანმა შესვენებამ ქუთათურებს ცუდი სამსახური გაუწია. როგორც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გია გეგუჩაძემ აღნიშნა: ,,იძულებითმა უქმობამ გუნდი ჩვეული რიტმიდან ამოაგდო და საბრძოლო ტონუსის შენარჩუნებაც გაუჭირდა”.
ეს მატჩი, წესით, ქუთაისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ცენტრალურ სტადიონზე ჯერ კიდევ არსებულმა თოვლმა თამაშის ჩატარება სათუო გახადა. ამიტომ, მხარეები, მატჩის ფოთში გადატანაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე, მათ ანგარიშის გახსნის შანსიც მიეცათ. წურწუმიას ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, ლომაშვილი ურტყამდა თავით, თუმცა, ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას. სამიოდ წუთში, ანალოგიური სიტუაციიდან ბოიომო ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ სიზუსტემ ისიც დააღალატა. მე-10 წუთზე კი, ტორპედოელები 100 %-იან გოლს გადაურჩნენ. მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, თანაგუნდელებმა პავლიაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს. ფოთელთა შემტევს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ დარტყმა უხეიროდ შეასრულა და კარის აღების შანსიც დაიკარგა.
ტაიმის შუაწელიდან ქუთათურებიც გამოცოცხლდნენ და ათწუთიან მონაკვეთში მეტოქის კარს ზედიზედ სამჯერ დაემუქრნენ. ორჯერ თარხნიშვილი ურტყამდა ძლიერად საჯარიმოს რკალიდან. შემდეგ, დაახლოებით იგივე ნიშნულიდან, თავის გამოჩენას კვახაძეც ცდილობდა, თუმცა, სამივე შემთხვევაში ტორპედოელთა დარტყმებს სიზუსტე აკლდა.
მასპინძელთა საპასუხო შეტევა კი შედეგიანი გამოდგა. შორეულ ძელთან ჩაწოდებულ ბურთს პავლიაშვილი პირით ხაზთან მისწვდა და თავით საპენალტე ნიშნულთან შემოაგდო. აქ ტუღუშმა ცენტრალურ მცველებთან ბრძოლაში იმარჯვა და ერთი შეხებით, პავლე დათუნაიშვილი ხელსაყრელ სიტუაციაში გაიყვანა. ფოთელთა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და ძლიერი დარტყმით, ქუთათურთა კარის ბადე შეარხია - 1:0
ტაიმის უკანასკნელ წუთზე, მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა კინაღამ გაზარდეს - მახვილი კუთხიდან ტუღუშის უძლიერესი დარტყმა კარის ძელმა აისხლიტა, იქიდან დაბრუნებულს კი, გვალია ამატებდა შეუჩერებლივ, მაგრამ ფოთელთა კაპიტნის მცდელობას, მიგინეიშვილი აღუდგა და თავისიანები მორიგი უსიამოვნებისაგან იხსნა.
1:0 - ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.
შეხვედრის მე-2 ნახევარიც ზღვისპირელთა უპირატესობით გაგრძელდა. 57-ე წუთზე, ქებაძის შორეული გასროლა მიგინეიშვილმა ნახტომით კუთხურზე მოიგერია. სამიოდ წუთში, პავლე დათუნაიშვილის გადაცემას გვალია გამოეხმაურა, თუმცა, მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. 68-წუთზე კი, ტორპედოელებს გათანაბრების შანსი მიეცათ. რიგვავას გამიზნულ ჩაწოდებულს საჯარიმოში მდგომმა გოცირიძემ თავური დარტყმა შეაგება. ბურთმა კარის მარცხენა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. ათიოდ წუთში იგივე კომბინაცია განმეორდა, მაგრამ ქუთათურთა მცდელობა ამჯერადაც უშედეგო გამოდგა.
ამის შემდეგ, სტუმრებმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბეს და მატჩის გადასარჩენად ერთიც გაიბრძოლეს. 82-ე წუთზე, ახალშემოსული ფანცულაია ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ მიქაბერიძეც სანაქებოდ გაისარჯა და ბურთს ნახტომში დაეუფლა. ორი წუთის შემდეგ, ასევე ახალშემოსული დოლიძეც ცდილობდა გამიზნული დარტყმით მეტოქის დამწუხრებას, თუმცა, ფოთელთა გოლკიპერი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
შეხვედრის უკანასკნელ წუთებში, მასპინძლებმა თამაში მათთვის სასურველ ტემპში გადაიყვანეს, ბურთსაც მეტწილად ისინი აკონტროლებდნენ და მატჩის ბოლომდე ანგარიშის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ.
პრესკონფერენცია
გია გეგუჩაძე (“ტორპედო”): “შეკრებიდან ჩამოსვლის შემდეგ, მხოლოდ 4 მატჩი ვითამაშეთ. დიდთოვლობის გამო, საწვრთნელი პროცესიც გაგვიცდა, ჩვეული რიტმიც დაგვერღვა და როცა ფაქტის წინაშე დავდექით, აღმოჩნდა, რომ არასასურველ ფიზიკურ კონდიციებში ვართ. იმედია, ამჯერად, მუშაობას ჩვეული რეჟიმით განვაგრძობთ და დანაკარგს ნელ-ნელა ავინაზღაურებთ”.
დავით მახარაძე (“კოლხეთი”): “ბიჭების დიდი მადლობელი ვარ. ყველამ მოინდომა და შედეგიც სახეზეა. ჩვენი მიზანი ხუთეულში მოხვედრაა და ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ”.
“კოლხეთი” (ფოთი) - “ტორპედო” (ქუთაისი) 1:0 (1:0)
21 მარტი. ფოთი. ,,ფაზისი’’. 15:00 სთ. 500 მაყურებელი
“კოლხეთი”: მიქაბერიძე, ფოფხაძე, ბოიომო, ლომაშვილი, გაბუნია, ქებაძე, პ. დათუნაიშვილი (ციცხვაია 84), გვალია (კ) (გოგონაია 71), წურწუმია, პავლიაშვილი, ტუღუში (სიჭინავა 65);
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე
“ტორპედო”: მიგინეიშვილი, კვახაძე, გამეზარდაშვილი (კ), რიგვავა, ლემონჯავა, გ. დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი (დოლიძე 46), კუხიანიძე (ფანცულაია70), თარხნიშვილი, გოცირიძე, საბანაძე (ვ. ბოლქვაძე 65);
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გოლი: 1:0 პავლე დათუნაიშვილი (34)
გაფრთხილება: ლომაშვილი (22), წურწუმია (84);
არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე
ვახტანგ დათიაშვილი ფოთიდან
http://worldsport.ge/Read.aspx?news=33057&lang=1კოლხეთი-ტორპედო 1:0 - ფოთელებმა გარიგებაზე ეჭვები გააქარწყლეს
10:26 22-03-2012
ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს ორიოდ კვირის წინ შეხვდნენ და მაშინდელმა ფრემ "კოლხეთი" პლეი-ოფში შეიყვანა. მართალია, ამით დავით მახარაძის შეგირდებმა ლიგაში დარჩენის ამოცანა ვადამდე შეასრულეს, მაგრამ მიმდინარე პირველობის სისტემის გამოისობით, "კოლხეთი", სხვა რიგი გუნდების მსგავსად, უმოტივაციოდ დარჩა.
როგორც გამოჩნდა, ფოთელები მთლად უმოტივაციოდ არ ყოფილან. ორი კვირის წინანდელი 0:0 კოლხებს სრულ გარანტიებსაც ვერ აძლევდა; პლუს ამას - მატჩსაც ჩაწყობილის არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ეჭვებით დახუნძლულმა (უმეტესად, ალბათ, საფუძვლიანმა) პირველობამ ერთიც დაიმატა - "კოლხეთი" პლეი-ოფში ქუთათურებს 6 ქულას დაუბრუნებსო.
მეტად სასიხარულოა, როცა "ვარაუდი" უსაფუძვლო გამოდგა - "კოლხეთმა" მოგებით ორი რამ დაამტკიცა: 1) პლეი-ოფში შემთხვევით და დაუმსახურებლად არ მოხვედრილა; 2) წინა რიონისპირული დერბი სამართლიანად ჩატარდა!
უფრო მნიშვნელოვანი ეს უკანასკნელი ფაქტია და ცუდია ის, რომ მავან უსამართლოდ მოთამაშეთა გამო, "ფაზისზე" იმერლებს რომ ემარჯვათ, ეჭვის საბურველში ეს ორი გუნდიც გაეხვეოდა და როგორც გამოჩნდა, ამის საფუძველი რეალურად არ ყოფილა.
თავად მატჩი მეტად საინტერესო სანახავი და ისეთი ეპიზოდებით დახუნძლული გამოდგა, ჩვენი ჩემპიონატი ნამდვილად რომ ვერ დაიკვეხნის. ერთგვარად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს. ფსიქოლოგიური ფაქტორისგან გათავისუფლებულებმა მიმდინარე ჩემპიონატში, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს ჯერაც მოუწყობელ ტრიბუნებზე ფეხზე მდგარ ქომაგებს.
სიმართლე გითხრათ, ასე თამამად შეტევაზე ორიენტირებული "კოლხეთი" კარგა ხანია, არ გვინახავს - შეტევაში მცველებიც უშიშრად ერთვებოდნენ, თანაც ისე, რომ დაცვის ხაზი ერთხელაც არ მოუშიშვლებიათ.
ალბათ, "კოლხეთის" კარგი თამაშის ბრალი იყო ისიც, რომ სტუმრებმა სპორტული პრინციპით უმოტივაციოდ დარჩენილ მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს.
მატჩის მე-2 და მე-6 წუთებზე წურწუმიას ფლანგიდან ჩაწოდებულს ჯერ ლომაშვილმა, შემდეგ კი ბოიომომ დაჰკრეს თავი სახიფათოდ, თუმცა ქუთათურთა კარს მცირედით ააცილეს. რამდენიმე წუთში კი "ტორპედო" აშკარა გოლს გადაურჩა - დაცვის შეცდომისა და თანაგუნდელის ჩინებული პასის შედეგად პავლე დათუნაიშვილი ერთი-ერთზე შეეყარა მიგინეიშვილს, თანაც ისე, რომ მეკარეს შანსი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ კოლხმა "მოახერხა" და კარს ააცილა.
ამის შემდეგ სტუმრებმა ვითარების გამოსწორება სცადეს - ათწუთიან მონაკვეთში სამჯერ გაისროლეს საჯარიმოს გარედან არდალიონ მიქაბერიძის კარის მიმართულებით, მაგრამ თარხნიშვილს ორჯერ და კვახაძეს მიზანმა ცოტათი უმტყუნეს.
აქვე კოლხთა დებიუტანტ მეკარეზე გეტყვით - მასპინძლებს ძირითადი გოლკიპერი ლადო ნადირაშვილი ავად ჰყავთ. ამიტომაც მოუხდა "ვიტ ჯორჯიას" ყოფილ კიპერს "კოლხეთის" კარის დაცვა და მიუხედავად იმისა, რომ მეკარისთვის აშკარად ზედმეტ წონაშია, მთელი შეხვედრა უშეცდომოდ და მაღალ დონეზე ჩაატარა, რითაც გვარიანი წვლილიც შეიტანა თავისიანთა წარმატებაში.
34-ე წუთზე ფოთელთა ჩინებული კომბინაცია გოლით დასრულდა - შორეულ ძელთან ჩაკიდებული ბურთი პირითი ხაზიდან საჯარიმოში თავით პავლიაშვილმა შემოაბრუნა. იქ ბრძოლაში ტუღუშმა იმარჯვა და ერთი შეხებით დათუნაიშვილს საგოლედ უპასა - მოედანზე მყოფი ძმებიდან ერთმა მეორეს გუნდის კარი ამჯერად იოლად დალაშქრა.
ტაიმის ბოლოსწინა წუთზე ქუთათურები მეორე გოლს გადაურჩნენ - ტუღუშის დარტყმული ძელმა მოიგერია, გვალიამ დაამატა, მაგრამ ჩინებულად გაისარჯა მიგინეიშვილი.
თითქოს მეორე ტაიმში სტუმრებს ვითარება უნდა გამოესწორებინათ, გია გეგუჩაძე ამის გაკეთებას შეცვლებითაც ეცადა, მაგრამ გუშინ "კოლხეთი" შეუდარებელი იყო. თავად განსაჯეთ: ჯერ იყო და ქებაძის სახიფათოდ დარტყმული გააუვნებელყო ქუთათურთა მეკარემ, ბოლოსკენაც იგივე განმეორდა, ხოლო მატჩის მიწურულს მიგინეიშვილმა ჩინებული რეაქცია უკვე სიჭინავას დარტყმულზე გამოავლინა. ამ დროში კი "ტორპედომ" ის მოახერხა, რომ რიგვავას ჩაწოდებულზე გოცირიძემ ორჯერ დაარტყა თავით და ააცილა, თითოჯერ კი ფანცულაიასა და დოლიძეს მიქაბერიძემ არ გაატანინა.
საბოლოოდ 1:0 - "კოლხეთმა" დამსახურებულად გაიმარჯვა.
21.03.2012. ფოთი. ფაზისი. 500 მაყურებელი
კოლხეთი-ტორპედო 1:0
1:0 პ. დათუნაიშვილი (34. ტუღუშის პასით)
კოლხეთი ტორპედო
4-1-4-1 4-4-2
ა. მიქაბერიძე მიგინეიშვილი
ფოფხაძე რიგვავა
ბოიომო კვახაძე
ლომაშვილი გამეზარდაშვილი
გაბუნია ლემონჯავა
ქებაძე თარხნიშვილი
პ. დათუნაიშვილი გ. დათუნაიშვილი
გვალია დიღმელაშვილი
წურწუმია კუხიანიძე
პავლიაშვილი საბანაძე
ტუღუში გოცირიძე
მწვრთნელი მწვრთნელი
დ. მახარაძე გ. გეგუჩაძე
კოლხეთი
65. ტუღუში-სიჭინავა
71. გვალია-გოგონაია
84. პ. დათუნაიშვილი-ციცხვაია
სათადარიგოები: ხარშილაძე, გ. კილასონია, ცხვიტარია, წაბრია
ტორპედო
46. დიღმელაშვილი-დოლიძე
65. საბანაძე-ვ. ბოლქვაძე
70. კუხიანიძე-ფანცულაია
სათადარიგოები: ქვილითაია, გურული, იოსელიანი, ფირცხალავა
გაფრთხილება: ლომაშვილი (22), წურწუმია (78)
არბიტრი: თ. გვანცელაძე
მათე გურული
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქართული ფეხბურთი - ჩემპიონატი
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...aqartsyles.html