GoGol1აზრზე არ ვარ. არ ვიცოდი თამში თუ იყო, პრინციპში ვერც წავიდოდი

განსხვავებული მიზნებით და სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ VII ტურის შეხვედრას მეტოქენი. თუ ქუთათურები ჩემპიონატის თანალიდერობით და შედეგიანი თამაშით იწონებდნენ თავს, ფოთელებს მოგების გემო ჯერაც არ განეცადათ და ,,ვიტ ჯორჯიას’’ მსგავსად, ყველაზე ნაკლები – 2 ბურთი ჰქონდათ გატანილი.
მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, რიონისპირული დერბი ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩეოდა. ასე იყო ამჯერადაც. მეტოქენი ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. მინდვრის ყოველი მტკაველისთვის უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა, ამით, სანახაობრივი მხარე დაზარალდა და მატჩზე დამსწრე გულშემატკივრებმა სახიფათო მომენტებით ერთობ მწირი შეხვედრა იხილეს.
მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი 10 წუთი ასევე მიილია. თუმცა, თუ არ ჩავთვლით ბოლქვაძის აცილებულ თავურ დარტყმას, სტუმრებს სახეირო არაფერი შეუქმნიათ. მასპინძელთა პირველივე კონტრშეტევა კი, კინაღამ შედეგიანი გამოდგა. მე-10 წუთის მიწურულს, თანაგუნდელებმა პავლიაშვილი კარგ პოზიციაზე გაიყვანეს, მან კი ბურთი შეტევაში ჩართულ ფარულავას დაუგორა. ყოფილი ტორპედოელის დარტყმა ძალიან ძლიერი და ზუსტი გამოდგა, თუმცა, სტუმრები ხარიხამ იხსნა, დამატებაზე კი ფოთელებმა ვეღარ ივარგეს.
თითქმის მაშინვე, ტორპედოელებმაც გაიბრძოლეს. ბოლქვაძის პასით გრიგალაშვილი ურტყამდა ხელსაყრელი პოზიციიდან, მაგრამ ბურთი სტუმართა კარის ბადეს გარედან შეეხო.
ამის შემდეგ, თავის გამოჩენას პავლიაშვილიც ცდილობდა, თუმცა, მისი დარტყმა საკმაოდ არაზუსტი გამოდგა.
ამასობაში, მე-20 წუთიც დადგა და მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. გოლი საკმაოდ კურიოზული გამოდგა. მოედნის მარცხენა მხარეს პირით ხაზთან ახლოს დანიშნული საჯარიმო გაბუნიამ შეასრულა და მეკარის ბაქანზე მაღალი ბურთი ჩაჰკიდა. უკანასკნელ ხანს ძალიან წარმატებულად მოთამაშე მიგინეიშვილი გამოსვლაზე შეცდა. ვერც ტორპედოელთა ცენტრალური მცველები აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე და შეტევაში ჩართულ ცხვიტარიას ახლო მანძილიდან სრულიად დაუცველი კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია – 1:0.
გოლის გაშვების შემდეგ, სტუმრები აირივნენ და ფოთელებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს, თუმცა, პავლე დათუნაიშვილის სუსტად დარტყმულის გარდა, რომელსაც მიგინეიშვილი იოლად დაეუფლა, ხეირიანი ვერაფერი შექმნეს.
34-ე წუთზე, ქუთათურებს გათანაბრების შანსი მიეცათ. გრიგალაშვილმა ბურთიანად მოედნის ცენტრი გადასერა და საჯარიმოს რკალთან მიახლოვებულმა ძლიერადაც გაისროლა. მიქაბერიძემ აკრობატულ ნახტომში ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხა.
ამის შემდეგ, ჭელიძეს ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, თუმცა, ბოლქვაძის ჩაწოდებულზე მისი თავური დარტყმა ხარიხას ზემოდან გადაევლო.
ტორპედოელთა მცდელობამ, შედეგი ტაიმის უკანასკნელ წუთზე გამოიღო. სტუმართა გოლიც კურიოზული გახლდათ. ქუთათურთა მორიგი შეტევისას, გრიგალაშვილის ჩაწოდებულზე ცხვიტარიამ თავით ბურთის მოგერიება სცადა, მაგრამ საკმაოდ უხეიროდ გამოუვიდა და იგი გიორგი დათუნაიშვილს პირდაპირ ფეხზე დაუსვა. ტორპედოელთა ნახევარმცველებმა მეტოქის ნობათი შეირგო და ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით თანაფარდობა აღადგინა – 1:1.
მე-2 ტაიმი პირველზე გაცილებით უინტერესო გამოდგა. მეტოქეთა მიზნებიც უფრო ნათლად გამოიკვეთა. ორივე გუნდის მწვრთნელებმა სამ-სამი შეცვლა გამოიყენეს. თუ გეგუჩაძე შეტევის გაძლიერებაზე ზრუნავდა, მახარაძე უფრო ანგარიშის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული. მართალია, ,,კოლხეთს’’ ძირითადი აქცენტი დაცვაზე ჰქონდა გადატანილი, მაგრამ 2 სახიფათო მომენტის განხორციელება მაინც მოახერხა.
53-ე წუთზე, კილასონიამ მარჯვენა ფრთაზე გაილაღა და საჯარიმოში შევარდნილ კვანტალიანს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. შალვამ თანაგუნდელი არ დააღალატა და ერთი შეხებით, ბურთი მეტოქის კარისაკენ გადაგზავნა - მიგინეიშვილმა ნახტომში შეძლო სიტუაციის განმუხტვა. 61-ე წუთზე კი, ქებაძის შორეული საჯარიმო დარტყმა ოდნავ გადასცდა ხარიხას.
რაც შეეხებათ ქუთაისლებს, ისინი გაცილებით მეტს უტევდნენ, თუმცა, რეალურ სახიფათო მომენტებამდე საქმე ვერ მიჰყავდათ.
მიუხედავად ამისა, სტუმრებმა 88-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხეს. საჯარიმოს გათამაშების შემდეგ, ახალშემოსულმა დოლიძემ შეუჩერებელი დარტყმით ფოთელთა კარის ბადე შეარხია, მაგრამ ვადაჭკორიამ თანამსაჯზე დაყრდნობით თამაშგარე დააფიქსირა და ანგარიში უცვლელი დატოვა, რითაც ტორპედოელი ფეხბურთელებისა და მათი გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
დავით მახარაძე (,,კოლხეთი”): ,,ტორპედო’’ ჩვენზე ძლიერი გუნდია, ამიტომ ანგარიშის შენარჩუნებაზე მოგვიწია ბრძოლა, თუმცა, მოგებაც შეგვეძლო. ბიჭებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის”.
გია გეგუჩაძე (,,ტორპედო’’): ,,ფოთში თამაში ყველა გუნდისთვის ძნელია. სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. ბიჭებმა იბრძოლეს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ - 2 ქულა დავკარგეთ. მატჩის დროს ძალიან ბევრი იყო პაუზები, რამაც დინამიკიდან ამოგვაგდო და ჩვენი თამაშის ჩვენება ვერ შევძელით”.
,,კოლხეთი” (ფოთი) - ,,ტორპედო” (ქუთაისი) 1:1 (1:1)
26 სექტემბერი. ფოთი. ,,ფაზისი’’ 16:00 სთ. 500 მაყურებელი
,,კოლხეთი”: მიქაბერიძე, კილასონია, ცხვიტარია, ფარულავა, გაბუნია, გოგონაია, ცხადაია (მოსიაშვილი 46), ქებაძე (კ), პ. დათუნაიშვილი, პავლიაშვილი (კობერიძე 83), კვანტალიანი (ზვ. ჩხეტიანი 90);
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე
,,ტორპედო”: მიგინეიშვილი (კ), კვახაძე, ზ. ჭელიძე, რიგვავა, გ. გურული, ფირცხალავა (საბანაძე 46), გ. დათუნაიშვილი, კუხიანიძე, ე. გრიგალაშვილი, ვ. ბოლქვაძე (დოლიძე 73), ბერიაშვილი (ფანცულაია 81);
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გოლები: 1:0 ცხვიტარია (20), 1:1 გ. დათუნაიშვილი (45);
გაფრთხილება: ცხვიტარია (57), მიგინეიშვილი (68), პავლიაშვილი (72), მიქაბერიძე (84);
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია