მიმდინარე ტურის წინ, ფოთის “კოლხეთი” ერთადერთი გუნდი იყო მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, რომელსაც სატურნირო ცხრილში მოგებათა გრაფაში “ნული” ეწერა. კოლხებისთვის ასეთი უსიამოვნო სტარტი უჩვეულო გახლავთ, ამიტომაც, მარტვილის “მერანთან” მატჩისთვის ისინი განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, რათა ნავსი გაეტეხათ და პირველი გამარჯვება მოეპოვებინათ. თუმცა ფოთელებს პრობლემებიც საკმაოდ ჰქონდათ, დისკვალიფიკაციის გამო “მერანთან” პაექრობას პავლიაშვილი და ცხვიტარია დააკლდნენ. ქულების მხრივ საქმე დალხენილად ვერც მარტვილის “მერანს” აქვს და ბუნებრივია, “ფაზისზე” შეკრებილები დაძაბული მატჩის მოლოდინში იყვნენ. დაძაბული თამაში მართლა გამოვიდა, თუმცა ფოთელებმა ნანატრი გამარჯვების მოპოვება მაინც ვერ შეძლეს.
შეხვედრის საწყისმა ხუთმა წუთმა ისე ჩაიარა, რომ მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. გუნდები სწრაფ ტემპში თამაშობდნენ და მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. მე-7 წუთზე კი მასპინძლები დაემუქრნენ მეტოქის კარს სახიფათოდ, როდესაც სტანდარტულის გათამაშების შემდეგ გოგონაიამ ძლიერად დაარტყა თავით, თუმცა სტუმართა გოლკიპერმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. ცოტა ხანში შეროზიას დასაცავ ობიექტს, ისევ თავურით, ამჯერად კრასოვსკი დაემუქრა, მაგრამ მარტვილელთა მეკარის მოქმედება ისევ საიმედო გახლდათ. ამის შემდეგ დაახლოებით ტაიმის შუაწელამდე მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. 23-ე წუთზე კი, კოლხთათვის მოულოდნელად, მათ კარში გოლი გავიდა. მარტვილელთა ამ წარმატების სულისჩამდგმელი ლაშა კუჭუხიძეე გახლდათ, რომელმაც მოწინააღმდეგის მცველს ბურთი აართვა, ორ მეურვესთან ჭიდილში კი იმდენი მოახერხა, რომ მასპინძელთა საჯარიმოში შეჭრილ ფონიავას ზუსტად უპასა. მარტვილელთა ნახევარმცველს ბურთი ფეხზე აეჭრა, მაგრამ რეალურად პასი გამოუვიდა უკეთეს მდგმომარეობაში მყოფ ლომიაზე, რომელმაც შექმნილი სიტუაცია კარგად შეაფასა და გამოზომილი დარტყმით კოლხთა კიპერს შანსი არ დაუტოვა – 0:1.
ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, “კოლხეთმა” ვერ შეძლო ინიციატივის ხელში აღება. ფოთელებს კომბინაციები არ გამოსდიოდათ და სახიფათო მომენტებიც ვერ შექმნეს. თავის მხრივ, ერთი სახიფათო კონტრშეტევა მარტვილელებმაც განახორციელეს, რომლის დროსაც ლომიამ ითამაშა ჩინებულად და კარგი გადაცემა გაუკეთა კუჭუხიძეს, მაგრამ “მერანის” ფორვარდს დარტყმა არ გამოუვიდა. ტაიმის მიწურულს კოლხებმა კიდევ ერთი დანაკლისი განიცადეს. ზღვისპირელთა ნახევარმცველმა გოგონაიამ მთავარ მწვრთნელისგან შეცვლა ითხოვა და დავით მახარაძემაც იგი მოსიაშვილით შეცვალა.
მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ფოთელთა თამაშის დალაგება მოსიაშვილმა ითავა და უნდა ვთქვათ, რომ მას ეს საქმე თავდაპირველად კარგად გამოუვიდა. 51-ე წუთზე კოლხთა სწრაფი კომბინაცია კილასონიას მიერ მეტოქის საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებით დასრულდა, რომელზეც ყველაზე კარგად კობერიძემ ითამაშა და ბურთი მეკარის საჯარიმოში ჩააგდო, სადაც შეროზია შეცდა და მარტვილელთა იღბლად ცარიელი კარის წინ არცერთი ფოთელი არ აღმოჩნდა. მასპინძლები ისევ განაგრძობდნენ შეტევებს, მაგრამ კარის აღების რეალური შანსი ისევ“მერანის” ფეხბურთელებს მიეცათ. 61-ე წუთზე ფოთელთა მცველების შეცდომის წყალობით ლომია აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ, რომელსაც დუბლის შესრულების ჩინებული შანსი მიეცა, მაგრამ “კოლხეთის” კარის დარაჯმა ითამაშა ჩინებულად და მოწინააღმდეგე ფეხბურთელს გატანა არ დაანება.
მართალია, მასპინძლებს ცდა და მონდომება არ დაუკლიათ, მაგრამ 85-ე წუთამდე საინტერესო და ღირებული მეტოქის კართან მაინც ვერაფერი შექმნეს. თამაშის დასკვნით ნაწილში კი, უნდა გამოვარჩიოთ კრასოვსკის დარტყმა დაახლოებით 25 მეტრიდან, რომელიც შეროზიამ ნახტომში გაჭირვებით მოიგერია კუთხურზე. მალევე მარტვილელებმა სწრაფად გადაიტანეს ბურთი მასპინძელთა ნახევარზე. კოლხთა მეკარე საჯარიმოს გარეთ გამოვიდა, მაგრამ მას ბურთზე ვარდნაში ლომიამ დაასწრო, რომელიც მახვილი კუთხიდან შედიოდა კოლხთა საჯარიმოში, მაგრამ ერთადერთი გოლის ავტორი კობერიძემ აკრძალული ხერხით შეაჩერა, რის გამოც არბიტრისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა. არბიტრის მიერ დამატებულ დროში ფოთელთა იერიშისას სტუმართა საჯარიმოში მცირე არეულობა შეიქმნა. ბურთზე ტყმას ერთდროულად რამდენიმე ფოთელი ცდილობდა, მაგრამ ყველა მათგანს შეროზიამ თავგანწირული ნახტომით აჯობა და ბურთი აიღო.მართალია, “მერანის” კიპერს ეს ყველაფერი თითქმის ტრამვის ფასად დაუჯდა, მაგრამ ექიმების ჩარევის შედეგად ჯონიმ თამაშის დასრულება შეძლო და მალევე არბიტრის საფინალო სასტვენი გაისმა, რომელმაც “მერანის” საგარეო გამარჯვება დააფიქსირა.
“კოლხეთი” – “მერანი” 0:1 (0:1)
6 ოქტომბერი. 15:00. ფოთი. “ფაზისი”. 500 მაყურებელი
“კოლხეთი”: მიქაბერიძე, გიორგი კილასონია, ზვიად ჩხეტიანი, ფარულავა, გაბუნია, კრასოვსკი, პავლე დათუნაიშვილი, აფხაზავა (კობერიძე, 46), გოგონაია (მოსიაშვილი, 41), ცხადაია (ხომასურიძე, 78), კვანტალიანი.
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე
“მერანი”: შეროზია, ჟვანია, იობაშვილი, მჭედლიშვილი, ქარქუზაშვილი, დიდავა, ფონიავა, ამბროლაძე (ბუკია, 90), ლომია, კუჭუხიძე (ნოზაძე, 75), ტორონჯაძე (მელიავა, 69).
მთავარი მწვრთნელი: არჩილ ჩხაბერიძე
გოლები: 0:1 ლომია (23).
გაფრთხილება: კილასონია (41), კვანტალიანი (45), კუჭუხიძე (49), ქარქუზაშვილი (56), კობერიძე (86), ფონიავა (89).
არბიტრი: გიორგი დოგრაშვილი (ქუთაისი)