მახარაძე და მახარაძე ფრეზე გაეყარნენ
14.12.2011 20:15
თემურ მახარაძე შინ "კოლხეთთან" ქულას დასჯერდა
ლაშა კუპრაშვილის ფოტო
სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მატჩს უპრინციპულესი ეთქმოდა. გუნდებს თანაბარი ქულები ჰქონდა და მოგება სჭირდებოდათ, რათა საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი უფრო რეალურად ექციათ – "უფრო" იმიტომ, რომ შანსი ახლაც აქვთ. ფრეზე არც "დილას" უთამაშია და არც "კოლხეთს", თუმცა სწორედ "მშვიდობიანი ანგარიში" დაფიქსირდა – 0:0. ახლა ეს გუნდები 4 ქულით ჩამორჩებიან მე-8 პოზიციაზე მყოფ "სპარტაკს".
"ქართლის" მინდორი იმდენჯერ ვაძაგეთ, აღარ განვმეორდებით – ახალს ვერაფერს ვიტყვით, ასეთ საფარზე იძულებული ხარ, აქცენტი არა ტექნიკაზე, არამედ ფიზიკურ მომზადებაზე და ორთაბრძოლების მოგებაზე გააკეთო. აკი, ნამატჩევს აღნიშნეს კიდეც მახარაძეებმა: გუნდების მწვრთნელებმა, თემურმა და დავითმა.
თავიდან თითქოს "დილა" უფრო აქტიურობდა, თუმცა "კოლხეთმა" დაახლოებით მე-15 წუთიდან მოიპოვა უპირატესობა და მეტწილად ფლანგებიდან შეუტია. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, პირველ ტაიმში ორ სახიფათო მომენტზე მეტს ვერ ჩამოვთვლით – ჯერ სტუმართა შემტევმა ლევან მდივნიშვილმა ააცილა, შემდეგ კი გორელთა სტანდარტის შემდეგ, დავით ჩაგელიშვილის ახლოდან დარტყმულს გადაეფარნენ "კოლხეთის" მცველები.
ფოთელები შედარებით აზრიანად და გუნდურად თამაშობდნენ. მეორე ნახევარიც მათი შეტევებით დაიწყო და ჯერ მდივნიშვილის თავური გამოდგა ოდნავ უზუსტო ("დილას" მცველმა ქარქუზაშვილმა ხელი შეუშალა, თორემ ვინ იცის, გოლი გასულიყო), შემდეგ კი იმავე მდივნიშვილმა სწრაფი შეტევის შემდეგ ოდნავ ააცილა შორიდან.
არა, "დილა" მოედნის ცენტრს არ თმობდა, ეგაა, "კოლხეთი" უფრო სწრაფად შლიდა შეტევებს და კარგად ათამაშებდა ბურთს. დაახლოებით 55-ე წუთიდან კი თამაში გათანაბრდა. ტემპი მაღალი იყო და ბრძოლაც, ნუ იტყვით – მინდვრის თითო გოჯს არ თმობდნენ ფეხბურთელები. აშკარად ჩანდა, ფრე არცერთს არ აწყობდა, ოღონდ შემტევთა საშემსრულებლო დონე იყო დაბალი.
66-ე წუთზე "დილა" გადარჩა: ვაჟა ლომაშვილი ოდნავ მახვილი კუთხიდან ცხრიანში გზავნიდა ბურთს და გორელთა ერთ-ერთმა მცველმა თავით გამოიტანა კარის ხაზიდან. ეს პირველი რეალური საგოლე შანსი იყო მატჩში, ხოლო შემდეგ "დილას" ჰქონდა ორი შანსი და თუ რომან ახალკაცის დარტყმული ძნელი ასაღები არ იყო, დავით ჩაგელიშვილის გარღვევასა და შორიდან გასროლილს ისეთი ნახტომი შეაგება მინდია ბობღიაშვილმა, ნებისმიერი მეკარე მოაწერდა ხელს – მაღალი ბურთი კუთხურზე გადააგდო.
დარჩენილ 15-20 წუთში ორივე გუნდი ჩქარობდა, თუმცა უფრო "დილა" მიიწევდა შეტევებისკენ – გულშემატკივრებით გახელებული გორელები სწრაფად, თუმცა ქაოსურად უტევდნენ. თავის მხრივ, "კოლხეთი" უფრო პასებითა და კომბინაციებით ცდილობდა მასპინძელთა საჯარიმოში შესვლას.
საგოლე მომენტი ერთხელღა შეიქმნა – მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გია თოდუამ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი შეაგება და ბობღიაშვილმა ნახტომში იხსნა თავისიანები.
ისეთი თამაში იყო, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება ძნელია, თუმცა, "კოლხეთის" ნახევარმცველ გიორგი ცხადაიას მაინც გამოვარჩევთ – მეტოქის შეტევების ჩაშლაშიც ივარგა და წინ პასებსაც კარგად ანაწილებდა.
საბოლოოდ, 0:0. თემურ და დავით მახარაძეები ფრეზე გაეყარნენ.
მატჩის შემდეგ:
დავით მახარაძე: "საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი კიდევ გვრჩება. ამ მხრივ დღეს ერთ-ერთი საკვანძო მატჩი იყო – ფაქტობრივად, 6 ქულის ტოლფასი. ჩემი გუნდის ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, დავალება კარგად შეასრულეს. შეიძლება ითქვას, ოსტატობა დაგვაკლდა და უიღბლობამაც იმოქმედა. არ დაგვავიწყდეს, რომ მეტოქეც ღირსეული გვყავდა. მინდორზე უნდა ვთქვა – ასეთ საფარზე კომბინაციური და ტექნიკური ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია, თუმცა კარგია, რომ გორშიც კეთდება მოედანი და ფოთშიც".
თემურ მახარაძე: "ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რაც ფეხბურთელებზეც ფსიქოლოგიურად მოქმედებდა. "კოლხეთმა" პირველ ტაიმში გვაჯობა, თუმცა მეორე ნახევარში ჩვენ უფრო მეტი ხიფათი შევქმენით. მოედანზეც ვიტყვი – ასეთ საფარზე ძნელია სასიამოვნო ფეხბურთის თამაში".
13.12. 14:00 საათი. გორი. "ქართლი".
"დილა" (გორი) – "კოლხეთი" (ფოთი) 0:0
დილა: შეყრილაძე, ვალტერ ხორგუაშვილი, ქარქუზაშვილი, ბაქრაძე, გველესიანი, ჯოჯუა, პავლე ხორგუაშვილი (გია თოდუა 85), რაჟამაშვილი (ნოდარ ნოზაძე 74), გოგინაშვილი, დავით ჩაგელიშვილი, ახალკაცი.
მწვრთნელი: თემურ მახარაძე.
კოლხეთი: ბობღიაშვილი, გიორგი კილასონია (გოგონაია 62), ლომაშვილი, ინწკირველი, მეგრელიშვილი, პავლე დათუნაიშვილი, ცხადაია, გვალია, მდივნიშვილი (ლემონჯავა 68), ქებაძე, ციცხვაია (შავგულიძე 88).
მწვრთნელი: დავით მახარაძე.
გაფრთხილება: დათუნაიშვილი (32).
არბიტრი: ლაშა სილაგავა.
ილია ნანობაშვილი
http://worldsport.ge/Read.aspx?news=28804&lang=1[დილა-კოლხეთი 0:0] მახარაძეები დაზავდნენ, დაძაბულობა დარჩა
11:13 15-12-2011
14.12. ქართლი 800 მაყურებელი
დილა-კოლხეთი 0:0
დილა კოლხეთი
4-5-1 4-5-1
შეყრილაძე ბობღიაშვილი
ვ. ხორგუაშვილი გ. კილასონია
ბაქრაძე ლომაშვილი
ქარქუზაშვილი ინწკირველი
გველესიანი მეგრელიშვილი
რაჟამაშვილი პ. დათუნაიშვილი
ჯოჯუა ქებაძე
პ. ხორგუაშვილი ცხადაია
გოგინაშვილი გვალია
დ. ჩაგელიშვილი მდივნიშვილი
ახალკაცი ციცხვაია
მწვრთნელი: მწვრთნელი:
თ. მახარაძე დ. მახარაძე
დილა
74. რაჟამაშვილი - ნ. ნოზაძე
85. პ. ხორგუაშვილი - გ. თოდუა
სათადარიგოები: მერლანი, ჭითანავა, ნემსაძე, სადაღაშვილი, ი. ლომიძე
კოლხეთი
62. კილასონია - გოგონაია
67. მდივნიშვილი - ლემონჯავა
88. ციცხვაია - შავგულიძე
სათადარიგოები: ნადირაშვილი, თედიაშვილი, წიქარიშვილი, გულუა
გაფრთხილება: პ. დათუნაიშვილი (32)
არბიტრი: ლ. სილაგავა
გასავარდნი ზონისგან თავის დასაღწევად გააფთრებით მებრძოლი ეს გუნდები, თუ მათი ბოლო მატჩების შედეგებს გავითვალისწინებთ, ურიგო ხასიათზე არ უნდა მოსულიყვნენ "ქართლზე". ორივე მათგანისთვის ახლა თითოეულ ქულას, მით უმეტეს, ცხრილში უშუალო მეზობელთან მოპოვებულს, ოქროს ფასი აქვს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ პრინციპულ მეტოქეებს მოგვარეები, მახარაძეები თავკაცობდნენ.
შეხვედრის პირველ ნახევარში უკეთესი შთაბეჭდილება "კოლხეთმა" დატოვა, შესვენების შემდეგ და, განსაკუთრებით, მატჩის მიწურულს "დილა" სჯობდა მოწინააღმდეგეს. მდგომარეობა თითქმის თანაბარი იყო საგოლე მომენტებითაც და ამ ლოგიკით, ალბათ, ყაიმი უსამართლო შედეგად არ უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ ბოლოსკენ შტურმის მომწყობმა მასპინძლებმა კინაღამ იხეირეს. "კოლხეთის" კართან ჩაწოდებულ უკანასკნელი კუთხურისას "დილას" კაპიტანმა გივი ქარქუზაშვილმა შესანიშნავი თავურით გაგზავნა ბურთი მინდია ბობღიაშვილის კარისკენ და რომ არა კიპერის ბრწყინვალე რეაქცია, ზღვისპირელებს მთელი გარჯა წყალში ჩაეყრებოდათ. ქარქუზაშვილის ბოლო "აკორდზე" მთელმა სტადიონმა ერთხმად ამოიგმინა.
მოჭარბებულმა ბრძოლის ჟინმა, ეტყობა, მობურთალთა შემოქმედებითი უნარი ჩაახშო და გააზრებული, დალაგებული თამაში ნაკლებად ჩანდა. შესვენებამდე ზღვისპირელები კარგად უმკლავდებოდნენ "დილას" იერიშებს, საპასუხოდ კი სწრაფ კონტრშეტევებზე გადადიოდნენ და მასპინძლების დაცვის ხაზი რამდენჯერმე კინაღამ საბედისწეროდ შეცდა.
სწორედ მცველების შეცდომას მოჰყვა ფოთელების ერთადერთი საგოლე მომენტი 42 წუთზე, როდესაც თანაგუნდელების არასწორი მოქმედების გამოსასწორებლად ბექა შეყრილაძეს კარიდან შორს გამოსვლა დასჭირდა, თუმცა მანაც ახლოს მოიგერია ბურთი, რომელიც ლაშა ქებაძეს მიუგორდა, მან კი დაუცველ კარს დიდი მანძილით ააცილა.
პირველ ტაიმში გორელების ყველაზე სახიფათო მომენტი დავით რაჟამაშვილის ინდივიდუალური გარღვევა მოჰყვა, როცა იგი ზედ საჯარიმოს მისადგომებთან წესის დარღვევით შეაჩერეს ფოთელმა მცველებმა.
მეორე ტაიმში გორელები საკმაო ხანს რატომღაც სულ ნახევარდაცვის და შეტევის მარჯვენა ფლანგს ტვირთავდნენ, ცენტრი და საპირისპირო ფრთა კი მეტწილად უქმად იყო. შედეგად მათი შეტევები ერთფეროვანი და სწორხაზოვანი გამოდიოდა. ამასობაში კოლხებმა, ვაჟა ლომაშვილმა და დავით მდივნიშვილმა ორი შორეული ძლიერი დარტყმით ხიფათი შეუქმნეს მათ კარს, თუმცა ორივე დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი აღმოჩნდა.
57-ე წუთზე "დილას" უნდა ეხეირა, ფოთელების საჯარიმოში ჩაწოდებამ სტუმართა დაცვაში ისეთი ქაოსი გამოიწვია, რომ მასპინძლებს ერთბაშად რამდენჯერმე მართებდათ გატანა, თუმცა საბოლოოდ ეპიზოდმა უშდეგოდ ჩაიარა. 69-ე წუთზე ბობღიაშვილმა რომან ახალკაცის ახლოდან დარტყმული მოიგერია, ხუთ წუთში კი ჩაგელიშვილის "გასროლა" გაანეიტრალა ეფექტური ნახტომით.
ბოლო 15 წუთი გორელებმა ქომაგების ომახიანი მხარდაჭერის თანხლებით ძირითადად "კოლხეთის" ნახევარზე გაატარეს, მაგრამ ანგარიშის შეცვლა ვერაფრით მოხერხდა.
საბოლოოდ, გუნდებმა ქულების გაყოფით ერთმანეთის მიმართ პოზიციური სტატუს კვო შეინარჩუნეს და სატურნირო მდგომარეობაც ისევ არასახარბიელო აქვთ.
დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქართული ფეხბურთი - ჩემპიონატი
ავტორი : ვასილ ბალახაძე
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...oba-darcha.html