ამასაც მოვესწარით - “დინამო” მსაჯობაზე წუწუნებსდასრულდა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 2011 წელს გასამართი ძირითადი ნაწილი. 22 დეკემბერს, მარტვილში მოქმედი ჩემპიონი და “მერანი” ითამაშებენ და უკლებლივ ყველა ქართულ გუნდს ზამთრის არდადეგები “გამოეწერებათ”. მარტვილმა ამ ტურშიც უმასპინძლა ტიტულიან გუნდს და მოიგო. დიახ, არ გეჩვენებათ - “მერანმა” საქართველოს 13-გზის ჩემპიონ თბილისის “დინამოს” 2:1 სძლია. ალექს გარსიას გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონატზე აქამდე 4-ჯერ წაუგია, მაგრამ მსაჯობაზე აუგი არასდროს დასცდენია. 2 ვარიანტია - “დინამო” ან მართლაც “დაწვეს” მარტვილში, ან მარცხით გამწარებულმა ესპანელმა კარი გაგვიჯახუნა და დაგვემშვიდობა.
მერანი - დინამო
ადგილობრივი ქომაგი მოუთმენლად ელოდა მარტვილში “დინამოს” პირველ ოფიციალურ სტუმრობას. მასპინძელთა თავკაცს წინა ტურის სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება არ შეუტანია, რაც შეეხება თბილისელთა ესპანელ თავკაცს, მას 2 იძულებითი ცვლილების შესრულება მოუწია. დისკვალიფიკაციის გამო “დინამოს” ლორია და ჩისკო აკლდა.
როგორც თბილისელთა ვებ-გვერდის ონლაინ-მიმოხილვიდან ჩანს, მატჩის დასაწყისი სტუმრების უპირატესობით წარიმართა. აქტიურობდნენ ალვარო, ჯიღაური, მსაჯმა სიმულაციისთვის, ძირითადში დაბრუნებული რობერტინიო გააფრთხილა. მალე ბრაზილიელს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ მისი დარტყმული მცირედით ასცდა მიზანს.
27-ე წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა - გოლი იაგუემ გაიტანა. აქიდან ათიოდე წუთში რობერტინიო ანზორ სუხიაშვილთან ორთაბრძოლაში დაშავდა. მედიკოსთა ჩარევის მიუხედავად ბრაზილიელი ნახევარმცველი შესაცვლელი შეიქნა.
ტაიმის მიწურულს მასპინძლები გააქტიურდნენ. ჯერ გიგა ამბროლაძის შორიდან დარტყმული ცდება მიზანს, მერე კი ლაშა ჩალაძისა.
მე-2 ტაიმის შუაში ლაშა სილაგავამ “დინამოს” კარში პენალტი დანიშნა, რომლის გოლად რეალიზება გიორგი მანწკავამ ვერ შეძლო - კიპერმა მოიგერია. მასპინძლებმა ამ წარუმატებლობამ არ გატეხა და მათ 2-წუთიან მონაკვეთში თბილისელებს 2 გოლი გაუტანეს - ჯერ ვალერი იობაშვილმა გაათანაბრა, მერე კი კოტდივუარელმა მუნინი ტაპემ გამარჯვების მომტანი გაიტანა - 2:1.
კლუბის ვებ-გვერდისთვის ნამატჩევს მიცემულ კომენტარში “დინამოს” ესპანელი თავკაცი ალექს გარსია ამბობს:
“პირველ ნახევარში თამაშის მიმდინარეობას სრულად ვაკონტროლებდით. გოლის გატანა მოვახერხეთ და არაერთი საგოლე მომენტიც შევქმენით. შეხვედრის მეორე ნახევარში კი მსაჯმა შეგვისრულა... პენალტი თამაშგარე მდგომარეობიდან დაგვინიშნეს, პირველი გოლი კი გამოგონილ ჯარიმას მოჰყვა.
სამწვრთნელო შტაბი გუნდს მეტოქის წინააღმდეგ სათამაშოდ ამზადებს და არა მსაჯების წინააღმდეგობის დასაძლევად. მეგონა სერიოზულ ხალხთან მქონდა ურთიერთობა - დღეს რაც გვერდითმა მსაჯმა გააკეთა, ეს ფეხბურთელების დაცინვაა და მეტი არაფერი. თუ პრობლემას წარმოადგენს “დინამოს” უცხოელი მწვრთნელი, თქვან და დღესვე წავალ სახლში. დაანებონ ფეხბურთელებს თავი და საქმეს მაქსიმალურად სერიოზულად მოეკიდნონ”.
”მერანი” (მარტვილი) - ”დინამო” (თბილისი) 2:1 (0:1)
18 დეკემბერი. მარტვილი, ”ცენტრალური”.
“მერანი”: შეროზია, კაკუშაძე, იობაშვილი, სუხიაშვილი, გიგა ჟვანია, დიდავა, მანწკავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, ჩალაძე, ამბროლაძე (ტორაძე, 63), ტაპე.
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია.
”დინამო”: ზარქუა, ჰომოლა, გიორგი ზაურის ძე რეხვიაშვილი (ხოჭოლავა, 68), ოდიკაძე, მამუკა ლომიძე, კვეკვესკირი, ჯიღაური (თექთურმანიძე, 82), ალვარო, კოტო, რობერტინიო (კახელიშვილი, 41), იაგუე.
მთავარი მწვრთნელი: ალექს გარსია.
გოლები: 0:1 იაგუე (27), 1:1 იობაშვილი (75), 2:1 ტაპე (77).
გამოუყენებელი პენალტი: მანწკავა (66, მეკარე).
გაფრთხილებები: რობერტინიო (23), მანწკავა (58), ალვარო (59), ზარქუა (65).
მსაჯები: ლ. სილაგავა; ლ. თოდრია, კ. გაბრიაძე; ხ. გაგნიძე.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=28959&lang=1